არეულობა ახალციხეში – “მანქანები დაგვიბრუნეთ, თორემ გზას გადავკეტავთ!”

არეულობა ახალციხეში - "მანქანები დაგვიბრუნეთ, თორემ გზას გადავკეტავთ!"ახალციხეში, მძღოლებმა, რომლებსაც მანქანები ხე-ტყის გადატანისთვის აქვთ ჩამორთმეული, პროკურატურას საქმეების დასასრულებლად 5 დღე მისცეს. იმ შემთხვევაში თუ გამოძიება 23 მარტამდე არ დასრულდება და მძღოლებს კუთვნილ მანქანებს არ დაუბრუნებენ, ისინი ბორჯომში ცენტრალური საავტომობილო გზის გადაკეტვას აპირებენ.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურასთან, მძღოლების მიერ გუშინ გამართული აქცია იმ პირობით დასრულდა, რომ საოლქო პროკურატურა საქმეების გამოძიებას დააჩქარებს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას არ გაურბიან: „მზად ვართ გადავიხადოთ ჯარიმები. უბრალოდ ვითხოვთ, რომ ძიება დრულად დასრულდეს და ჩვენი მანქანები დაგვიბრუნონ“.

„2011 წელს 22 კბ.მ ფიცრით დატვირთული მანქანა დღესაც ფინანსურ პოლიციაში დგას. მესამე თვეა იმ მანქანას მეორე მანქანაც მიუყენეს გვერდით. კანონის მთელი სიმკაცრით ვაგებ პასუხს თუ რამე შეცდომა მიპოვეს, მაგრამ თვითონაც არ იციან რას მედავებიან“, – ციტირებს ახალციხის ტელევიაზია სოფელ კლდეში მცხოვრები დავით ცუცქირიძის კომენტარს.

აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოუცხადა. პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი ახალციხეში ჩავიდა და საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. „ამ ადამიანებს სამართალდარღვევევბი თუ აქვთ, დააჯარიმონ, ნუ ულპობენ ავტომანქანებს საჯარიმო სადგომებზე. ეს ხალხი არ გაურბის პასხისმგებლობას, მზად არიან, თუ მსგავსი პასუხისმგებლობა დადგება, გადაიხადონ ჯარიმები, რასაც სასამართლო დააკისრებს. თუმცა ესენი არ არიან მზად იმისთვის, რომ ხუთი თვე, ერთი წელი, შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

მანქანებჩამორთმეულმა მძღოლებმა საპროტესტო აქცია უკვე რამდენჯერმე გამართეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის აგვისტოდან, 2018 წლის იანვრამდე უკანონოდ მოპოვებული ხე–ტყის გადატანის დროს, სამცხე–ჯავახეთში, ექვს თვეში 198 მანქანაა ჩამორთმეული.

რეგინფო