თეა წულუკიანი პაპუნა უგრეხელიძის საქმეზე – ”სამარცხვინოა, როდესაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ხდება ტყუილზე დაფუძნებით”

თეა წულუკიანი პაპუნა უგრეხელიძის საქმეზე - ”სამარცხვინოა, როდესაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ხდება ტყუილზე დაფუძნებით”საქართველოს იუსტიციის მინისტრი იმ ქალს ტყუილის თქმაში ადანაშაულებს, რომელმაც საჯარო რეესტრის ყოფილი ხელმძღვანელი პაპუნა უგრეხელიძე სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.

მინისტრი ირწმუნება, რომ აღნიშნულ ქალს მასთვის დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების საქმეზე არ მიუმართავს.

– ძალიან სამარცხვინოა, როდესაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ხდება ტყუილზე დაფუძნებით, ეს მე ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი. ჩვენ, ქალებს გვაქვს ერთი მიზანი, ჩვენი უფლებების კიდევ უფრო გამყარება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული, თუკი ჩვენ ვერ განვასხვავებთ ერთმანეთისგან შეურაცხყოფას, სექსუალურ შევიწროებას, ძალადობას ვერბალურს და ფიზიკურს.

ამ ყველაფერს თუ ერთმანეთში ავურევთ, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა იქნება შეფერხებული; ხოლო თუ ტყუილით ვივლით წინ, ეს ბრძოლა იქნება წარუმატებელი.

მსხვერპლმა, რომელიც “რუსთავი 2”- ის ეთერში სახედაფარული მოგვევლინა, მე მომმართა რეაგირებისათვის იმ დღეს, როდესაც პაპუნა უგრეხელიძემ დატოვა სამსახური.

შესაბამისად, მან იკადრა ტყუილი, როდესაც საზოგადოებას უთხრა, თითქოს მე ვიცოდი ამის შესახებ და ვუთხარი, რომ მერე რა მოხდა, ეს მხოლოდ ვერბალური ამბავია მეთქი.

შესაბამისად, როდესაც ამხელა ტყუილს კადრულობს ე.წ. მსხვერპლი, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა წინ ვერ წავა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დავები, რომლებიც სასამართლოში მიმდინარეობს, მხარეებს მიეცეთ საშუალება, მშვიდ პირობებში სასამართლოს განახილინონ.

როდესაც უგრეხელიძე დაბრუნდა მივლინებიდან, მან მოიტანა, და საქმის მასალები რომელიც მე სხვაგვარად არ მექნებოდა, მაჩვენა. იქ დევს ექსპერტიზის დასკვნა სხვებს შორის, რომელიც ადასტურებს, რომ ის მისამართი, საიდანაც თითქოს გაიგზავნა უგრეხელიძის მხრიდან შეურაცხმყოფელი ფრაზები, მას არ უნდა ეკუთვნოდეს.

ამიტომაც დაველოდოთ სასამართლო განხილვის შედეგებს. რაც მთავარია, აღარასოდეს მომავალში არცერთმა არ უნდა ვიკადროთ ტყუილი, რადგან ჩვენ ქალებს ტყუილი გვაყენებს ძალიან დიდ ზიანს ამ ბრძოლაში, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ნიუპოსტი