პაპუნა უგრეხელიძე გადადგა – ”უნდა ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებების სახელით ხორციელდება”

პაპუნა უგრეხელიძე გადადგა - ”უნდა ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებების სახელით ხორციელდება"საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პაპუნა უგრეხელიძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან განცხადება თავის „ფეისბუკის“ გვერდზე გაავრცელა.

„ვთავისუფლდები საჯარო მოხელის სტატუსისგან, რომ არ ვიყო განცხადებებში შებოჭილი, თავისუფლად ვილაპარაკო სიმართლე და ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებების სახელით ხორციელდება” – წერს უგრეხელიძე.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პგანცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, დააკმაყოფილა. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს.

24 მარტს ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს პაპუნა უგრეხელიძეს სახალხო დამცველის ოფისმა თანამშრომლის სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია დაუდგინა. ომბუდსმენის ოფისის დასკვნა 2017 წლის გაზაფხულზე მომზადდა.

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც imedinews-თან ანონიმურობის პირობის დაცვით ილაპარაკა, თქვა, რომ მისთვის მტკივნეულ საკითხზე პრესასთან ღიად ლაპარაკი რამდენიმე გარემოების გამო გადაწყვიტა. მისი თქმით სამოქალაქო აქტივისტის და CiDA-ს დირექტორის, ზვიად დევდარიანის მიმართ ბოლოდროინდელი ბრალდებები ერთადერთი მოტივატორი არ იყო.

ქალი ამბობს, რომ ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესის მიუხედავად, რომლის გავლაც მას მოუწია, დღეს პაპუნა უგრეხელიძე ისევ თანამდებობაზეა, ხოლო იმის გამო, რომ მან თავისი უფლებების დაცვა გაბედა, მის დაჩაგვრას დღემდე ცდილობს.

პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად 2013 წლიდან მუშაობდა.

ამ საკითხს 26 მარტს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა.

იმედინიუსი