ხატია დეკანოიძე: “კვირიკაშვილი უნდა გადადგეს, როგორც სამარცხვინო პრემიერი”

ხატია დეკანოიძე: "კვირიკაშვილი უნდა გადადგეს, როგორც სამარცხვინო პრემიერი"“კვირიკაშვილი უნდა გადადგეს, როგორც სამარცხვინო პრემიერი” – ეს განცხადება, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა.
დეკანოიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ რუსეთის ხელისუფლებისადმი გაგზავნილ მიმართვას გამოეხმაურა, სადაც კვირიკაშვილი რუსეთს გონივრული გადაწყვეტილებების და ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
– მე მინდა, პირდაპირ ვუთხრა საქართველოს პრემიერმინისტრს, რომ ის უნდა გადადგეს, როგორც საქართველოს სამარცხვინო პრემიერმინისტრი, გადადგეს იმიტომ, რომ თითოეული ქართველი ბატონ გიორგისთან და ქალბატონ რუსუდანთან ერთად არის შეურაცხყოფილი იმ განცხადებით, რომელიც გავრცელდა გუშინ და ეს არის კეკლუცობის და კუდის ქიცინის განცხადება რუსეთის ფედერაციის წინაშე. იმ ფონზე, როდესაც ცხედარს არ გვაძლევენ და ცინიკურ შეფასებებს აკეთებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება და სეპარატისტული ხელისუფლება, ამ ფონზე კვირიკაშვილს არ აქვს უფლება, იყოს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირი, – განაცხადა დეკანოიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არჩილ ტატუნაშვილის სახლში ჩავიდნენ. მათ ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს.
ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი, საოკუპაციო რეჟიმისგან ცხედრის გადმოცემას უკვე მეთექვსმეტე დღეა ელოდება.

პირველი რადიო