გია ხუხაშვილი ივანიშვილის გუნდში ბრუნდება? – “ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრობას არ ვაპირებ”

გია ხუხაშვილი ივანიშვილის გუნდში ბრუნდება? - "ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრობას არ ვაპირებ"სამთავრობო პარტიაში მღელვარება ვერც ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლამ ჩააცხრო. ამჯერად პარტიის ლიდერები იმაზე ნერვიულობენ, რომ რამდენიმე მათგანს შესაძლოა პოლიტსაბჭოს დატოვებამ მოუწიოს.
ისედაც დაზაფრულ მეოცნებეებს გია ხუხაშვილთან დაკავშირებული ინფორმაცია თავზე მეხივით დაეცათ. გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილის ახალ გუნდში აუცილებლად იქნება ხუხაშვილი. “ოცნების” კულუარებში ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, რომ ეს ადამიანი შესაძლოა პოლიტსაბჭოს წევრიც გახდეს.
მმართველ პარტიაში ჯერ არ იციან, როდის გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა. სამაგიეროდ იციან იმ პირთა ვინაობა, ვისაც წასვლა მოუწევს.
პარტიული თანამდებობა შესაძლოა დატოვოს თბილისის მერმა კახა კალაძემ. მას სავარაუდოდ თან მიჰყვება პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძემ.
შემცირებაში მოყოლის კანდიდატები არიან: აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე, ევროკავშირის მხრიდან მთავრობის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა მთავარი მრჩეველი დავით კოღუაშვილი. ეს უკანასკნელი 2 წლის წინ კინაღამ პარტიიდან გარიცხეს.
დავით კოღუაშვილი გიორგი კვირიკაშვილის კადრია და საპარლამენტო არჩევნებისთვის, მას საარჩევნო სიის პირველ ათეულში ადგილი გარანტირებული ჰქონდა და საკანონმდებლო ორგანოში ერთ-ერთ საკვანძო თანამდებობასაც დაიკავებდა. თუმცა პარტიის ყრილობის შემდეგ მედიასთან საუბარში გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი დადებითად მოიხსენია. ამან მისი პოლიტიკური კარიერა კინაღამ დაასამარა.
პოლიტსაბჭოდან შესაძლოა კობახიძე-კალაძის დაჯგუფების წევრები, დეპუტატები
მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, სოფო კილაძე, ასაკაკი ზოიძე გაუშვან. საბჭოს შემადგენლობაში დარჩებიან გიორგი კვირიკაშვილი, გია ვოლსკი, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, გედევან ფოფხაძე, ირაკლი ტრიპოლსკი და თემურ ჭკუასელი.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი და “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს რომ გადახალისება საჭიროა. ახალ შემადგენლობაზე მონახაზი არ აქვს. ერთ რამეში დარწმუნებულია – მთავრობის მეთაური პოლიტსაბჭოში უნდა დარჩეს.
– კვირიკაშვილი უნდა იყოს პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში. ის არის სამეურნეო ხელმძღვანელი, რომელიც უახლოესი პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ამბიციურ გეგმებს ისახავს. ამ გეგმების რეალიზაცია არის მთელი მთავრობის ამოცანა, სადაც საკვანძო როლს შეასრულებს პრემიერ-მინისტრი. ვფიქრობ, რომ ის წარმოდგენილი უნდა იყოს პოლიტსაბჭოში, თუმცა არ ვიცი, კონფიგურაცია და შინაარსი ამ პოლიტსაბჭოში როგორი იქნება და რა პრინციპზე იქნება აგებული, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ასეთივე თავგამოდებით ის პარლამენტის სპიკერს და თბილისის მერს მხარს არ უჭერს. თუმცა მიაჩნია, რომ პოლიტსაბჭოში კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის ყოფნაც აუცილებელი და საჭიროა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ, “ოცნებაში” გია ხუხაშვილის მეორედ მოსვლაზეც ალაპარაკდნენ. ხუხაშვილი ივანიშვილის ორბიტაზე შესაძლოა, მართლაც დაბრუნდეს, მაგრამ პოლიტსაბჭოში შესვლას არ აპირებს.
– არ ვიცი, საიდან გავრცელდა ეს ხმები. ვინც ამის გამო აღელდა, უნდა დავამშვიდო, “ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრობას არ ვაპირებ. ჩემთვის პოლიტიკური თანამდებობა საინტერესო არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია თავისუფლება, – ამბობს “ახალ თაობასთან” საუბარში გია ხუხაშვილი.
2011-2013 წლებში ხუხაშვილი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში. ის დიდი გავლენით სარგებლობდა ივანიშვილის კარზე. ამის გამო “ოცნების” ბევრი ლიდერი ნერვიულობდა. მის საწინააღმდეგოდ ჭორებსაც ხშირად ავრცელებდნენ. როცა წამოვიდა, თქვეს, რომ ივანიშვილმა გამოუშვა.
– ამბობენ, რომ გამომიშვეს, “ოცნებიდან” ჩემი ნებით წამოვედი. თავიდან პოლიტიკაში იძულებით ჩავერთე. 2011 წელს ისეთი სიტუაცია იყო ქვეყანაში, რომ ივანიშვილს გვერდით უნდა დავდგომოდით. იმ პერიოდში ვთქვი, რომ როგორც კი ეს ციკლი დასრულდებოდა, მე წამოვიდოდი “ოცნებიდან”. ეს განცხადება ახლა აღარ ახსოვთ.
სისტემაში ყოფნა რომ მდომებოდა, იქ ვიყავი და არ წამოვიდოდი. მე სისტემაში მუშაობა არ შემიძლია და ჩემი მთავარი ფასეულობა თავისუფლებაა, ჩინოვნიკობა არ გამომივა. თავისუფლების შეზღუდვა ყველაზე დიდი ტრაგედიაა ჩემთვის. შესაბამისად, სისტემაში ვერ ვიმუშავებ. ასე რომ, ვინმე ჩემ მიერ რაიმე თანამდებობის დაკავების გამო თუ ნერვიულობს, შეუძლია მშვიდად იყოს, – ამბობს ექსპერტი.
წამოსვლის შემდეგ ხუხაშვილი ხელისუფლებას ძალიან მწვავედ აკრიტიკებდა. ივანიშვილის მიმართ კი ყოველთვის დადებით პოზიციას აფიქსირებდა. აპროტესტებდა, “ოცნება” ყოფილი პრემიერის ზურგზე რატომ პარაზიტირებსო.
ბოლო დროს ხშირად საუბრობდა პოლიტიკაში მისი დაბრუნების აუცილებლობაზე. რამდენიმე დღის წინ ისიც თქვა, რომ მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ ივანიშვილი უნდა იყოს.
პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებას ხუხაშვილი სიხარულით შეხვდა და მზად არის, ისევ დადგეს მის გვერდით.
– არანაირი თანამდებობა არ მაინტერესებს. ერთადერთი რაც შემიძლია, ისაა, ვიყო ისე, როგორც ადრე ვიყავი ჩართული. ბიძინა ივანიშვილმა იცის ჩემი დამოკიდებულებები. იცის, რომ მე მხარს ვუჭერ ამ ადამიანს. ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ სხვა ვინმე და სასარგებლოს გააკეთებს ჩემი ქვეყნისთვის, მას ჩემი მხარდაჭერა ექნება, – ამბობს ხუხაშვილი.
ჩვენს კითხვაზე, პირველ რჩევას რას მისცემდა ივანიშვილს, ასე პასუხობს:
– სისტემური ცვლილებების განხორციელებაა საჭირო. ჩვენ დიდი ხანია უკვე დავრწმუნდით იმაში, რომ სახელების და გვარების ცვლილებით არაფერი იცვლება.
ხუხაშვილის აზრით, რაკი ყოფილმა პრემიერმა პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობა აუცილებელი აღარ იქნება.
– მე ვფიქრობდი, რომ საპრეზიდენტო ფორმა შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, თუმცა ეს არ არის ახლა პრინციპული საკითხი. მთავარია, რომ მას მოეხდინა რეინტეგრაცია პოლიტიკაში, ფორმალიზება, ასე რომ ვთქვათ. რა ფორმით, ეს უკვე მისი გადასაწყვეტი იყო. მთავარი იყო, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგა და ფორმა თვითონ აარჩია, – ამბობს ხუხაშვილი.
ექსპერტის თქმით, ივანიშვილს სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება არ სჩვევია. მის დაბრუნებას მმართველ პარტიაში შექმნილ კრიზისს უკავშირებს. რომელიც უკვე ქვეყნისთვის ხდებოდა პრობლემა.
გია ხუხაშვილის აზრით, ივანიშვილი პარტიაში აუცილებლად აღადგენს დისციპლინას და ამისთვის პარტიის თავმჯდომარეობაც საკმარისია.
– არ ვფიქრობ, რომ ივანიშვილს სჭირდება რაიმე თანამდებობა, რაში სჭირდება?! მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა უკვე საკმარისია იმისთვის, რომ აღადგინოს დისციპლინა.
სახელმწიფოებრივად პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნება სწორი გადაწყვეტილება იყო და მე ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაც. სერიოზულ მმართველობით კრიზისში შევდიოდით და ეს უკვე სახელმწიფოებრივი არასტაბილურობის რისკებს აჩენდა.
მისი გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად სწორია. რაც მმართველ გუნდში ხდებოდა, ეს იყო უკვე არა შიდა დაპირისპირება, არამედ ქაოსი, – დასძინა ექსპერტმა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა