დემურ გიორხელიძე – “ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ეკონომიკაში უკეთ უნდა ერკვეოდეს”

დემურ გიორხელიძე - "ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ეკონომიკაში უკეთ უნდა ერკვეოდეს"ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე აფასებს.
– ბატონო დემურ, თქვენ ჩვენს წინა ინტერვიუში გამოთქვით ვარაუდი, რომ ლარის კურსი გაუფასურდებოდა. ბოლო კვირაა, ლარი გაუფასურებას მართლაც განაგრძობს. რა ხდება, რა პროცესი მიმდინარეობს?
– ცენტრალური პრობლემა საქართველოში არის მაკროეკონომიკური პრობლემა, როცა ქართული ფულის მასა შეადგენს მთელი ქართული ეკონომიკის მხოლოდ 18%-ს, ფული არ არის ქვეყანაში. არ ჰყოფნის იგი ეკონომიკის განვითარებას, ამიტომაა დიდი დოლარიზაციის მაჩვენებელი, ამიტომაა ლარის კურსის რყევა. როგორც კი ოდნავ ზედმეტი მოთხოვნა გაჩნდება ლარზე, იმ წუთში იწყება დოლარზე ცვლილება. იმპორტზეა ქვეყანა დამოკიდებული, ეს ერთი ობიექტური მხარეა.
– დანარჩენ ფაქტორებზე რას იტყვით?
– მეორე მხარეა სუბიექტური მხარე და ეს არის გაუგებარი პოლიტიკა საქართველოს ეროვნული ბანკისა, რომელიც არ გამომდინარეობს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ინტერესებიდან და არის არასწორ ორიენტირებზე აგებული. მოშლილია კომერციული ბანკების კონტროლი. სულელური განცხადებები იმაზე, რომ ეროვნული ბანკი ბაზრის მოქმედებაში არ ერევა, არ ეპატიება კარგ მეორე კურსის სტუდენტსაც, რომ არაფერი ვთქვათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე, რომელმაც ძალიან კარგად უნდა იცოდეს თანამედროვე ეკონომიკა, მაკროეკონომიკა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა.
– არ იცის?
– არაფერი ამის მსგავსი არ გამიგონია. ლარის კურსის ფორმირება მთლიანად კომერციული ბანკების ოპერაციებზეა მიბმული, ბუნებრივია, როგორც მათ აწყობთ, ისე იმოქმედებენ.
– კომერციულ ბანკებს ადანაშაულებთ ცუდ პოლიტიაში?
– მე ამ შემთხვევაში კომერციულ ბანკებთან არანაირი პრეტენზიები არ მაქვს, რადგან კერძო სტურქტურებია და თუკი კერძო სტრუქტურა ეროვნულ ბანკს მისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებას აიძულებს, მთელ მსოფლიოში ყველა გააკეთებს ამას. იგივე ხდება საქართველოშიც.
– ეროვნული ბანკი ვერ ართმევს თავს დაკისრებულ ვალდებულებებს?
– სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტი, კერძოდ, ეროვნული ბანკი, ვერ დადგა ის ინსტიტუტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მთავრობასთან ერთად მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში. ამიტომ ხდება ის, რაც მოსალოდნელი იყო.
– და რა იყო მოსალოდნელი?
– როგორც ჩანს, გაიზარდა ოდნავ მოთხოვნა დოლარზე და თავისთავად ლარი უფასურდება. როცა შესყიდვებია საჭირო და დოლარის შევსება უნდათ, კურსი ქვევით მიდის. როცა დოლარის რეალიზაცია სჭირდებათ მაღალ ფასად, რაც ხდება, ესეც გასაგებია. ეს არის ჰაერიდან მიღებული ფული, რომელიც შემდეგ გარკვეული ინტერესების დასაკმაყოფილებლად, თუ გნებავთ, უცხოური ვალების გასასტუმრებლად გამოიყენება კერძო სექტორის მიერ და რომელი ერთი ჩამოვთვალო?
ასეთი რყევა რომ განიცადოს ევრომ, დოლარმა, ან ნებისმიერი ქვეყნის კურსმა, იმ ქვეყნის ეკონომიკა დაიქცევა!
– ჩვენ რატომ არ ვიქცევით?
– ბუნებრივი კითხვაა. ჩვენ უკვე დაქცეულები ვართ! ამიტომ ასე იქნება თუ ისე იქნება, უკვე დაქცეულ ეკონომიკას ბევრი არაფერი ზიანი ადგება. ამიტომ უნდა დავლაგდეთ, რა გვინდა, როგორ შეიძლება რამის მიღწევა და ისე უნდა იმოქმედოს საზოგადოებამაც და ხელისუფლებამაც.
– მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვალი აქვს. ლარზე საპროცენტო განაკვეთი კიდევ გაიზარდა და მან 15%-ს ნაცვლად17-18% შეადგინა. ეს გადაწყვეტილება კომერციულმა ბანკებმა მიიღეს?
– ბანკი არის ერთადერთი ფინანსური სტრუქტურა დღეს, თუ არ ჩავთვლით არასაბანკო სექტორს, რომელიც ასევე ამ მახინჯი პოლიტიკის შედეგია. იგივე მიკროსაფინანსოებში საკმაოდ გაურკვეველი სიტუაციაა და განსაკუთრებით კერძო მსესხებლების ინსტიტუტი, რომელიც უზარმაზარი პროცენტებით ასესხებენ ფულს იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ჰყოფნით თავიანთი ოფიციალური მონაცემები ბანკში სესხების ასაღებად, იმიტომ, რომ იქ საკმაოდ რთული პროცედურებია. ამიტომ რა ხდება, იცით?!
– რა ხდება?
– ფული ცოტაა, ადამიანებს საჭიროებები უჩნდებათ, ქართველი მოსახლეობა დიდი შინაგანი მოთხოვნით არ გამოირჩევა, რომ წავიდეს და ვინმე მცოდნეს ჰკითხოს, კრედიტის აღების დროს როგორ უნდა იმოქმედოს. არ ხასიათდება ამით ჩვენი საზოგადოება, თვითონ წყვეტს ყველაფერს, ყველაფერი თვითონ იცის. ამიტომ შეცდომებით იღებენ კრედიტებს, რომლის გადახდის თავი არ შეიძლება ჰქონდეს ნორმალურ ქვეყანაში არანაირ მოქალაქეს! 60%-იან სესხს როცა იღებ წლიურს, უნდა იცოდე, რომ ამის გადახდა არ შეიძლება!
– ამხელა პროცენტებია?
– 60%-იანი და 80%-იანი სესხები საქართველოში არის უამრავი, კერძოდ კი კერძო სტრუქტურებიდან გასესხებული.
– საუბარია ახალ რეგულაციებზე კრედიტების გაცემასთან დაკავშირებით, რომ ყველა ასე მარტივად ვეღარ შეძლებს კრედიტის აღებას. ხომ არ დაზარალდება ის კატეგორია, ვისაც არ აქვს დასაბუთებული შემოსავალი?
– დასაბუთებული შემოსავალი თუ არა გაქვს, ბანკი სესხს არ მოგცემს და არც რაიმე პრეტენზია ბანკზე არ შეიძლება რომ იყოს. ძალიან მკაცრი უნდა იყოს კანონი. არის განვითარებული ქვეყნები, სადაც ბანკს არ შეუძლია ერთი საცხოვრებელი თუ აქვს ადამიანს, ის ჩაიდოს იპოთეკურ უზრუნველყოფაში. იმიტომ, რომ თუ ვერ გადაიხადა, ქუჩაშია. ათიათასობით ადამიანი ქუჩაში დარჩა საქართველოში, იმიტომ, რომ აქ იდიოტური შეხედულებაა საბაზრო ეკონომიკაზე, რომ ბაზარი თვითონ არეგულირებს ყველაფერს! ეს სისულელე, დღეს სერიოზულ ადამიანს არ ეკადრება, რომ თქვას.
– შეზღუდვები შეცვლის რამეს, გამოასწორებს არსებულ სიტუაციას?
– არ ვიცი, ვერ გეტყვით, რას გააკეთებს ეროვნული ბანკი. გითხრათ სიმართლე, დიდად არ მჯერა მისი გაკეთებული საქმეების.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა