“იდი ნა ხუი”- ბიზნესმენის სკანდალური წერილი ვიცე მერს

"იდი ნა ხუი"- ბიზნესმენის სკანდალური წერილი ვიცე მერსბიზნესმენმა ზურაბ გობრონიძემ ოზურგეთის ვიცე მერს ალექსანდრე სურგულაძეს უცენზურო სიტყვების შემცველი წერილი გაუგზავნა. სწორედ ამ მიზეზით, წერილი მერიის კანცელარიამ არ ჩაიბარა.ბიზნესმენი ამბობს, რომ პირველი წერილი მას ოზურგეთის ვიცე მერმა ალექსანდრე სურგულაძემ თავად გაუგზავნა და როგორც შპს „სოფლის ნობათის“ დირექტორს მოსთხოვა მისთვის წერილობით წარედგინა შპს-ს მიერ, ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე მერიიდან იჯარით აღებულ მიწასა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. ბიზნესმენმა კი ვიცე მერს უცენზური სიტყვებით უპასუხა.

“კი, ნამდვილად გავაგზავნე წერილი, რომელიც არც თუ ისე ზრდილობიანი ფორმით იყო დაწერილი და მასში უცენზურო სიტყვებით იყო პასუხი ბატონი ალექსანდრეს წერილზე…

მისივე სიტყვებით რომ გითხრათ, მოითხოვა ჩემს მიერ წარმოებული მასალები და ქვემოიჯარეების შესახებ არსებული ინფორმაცია. წერილის გაუმართაობაზე რომ არაფერი ვთქვათ, სურგულაძეს ისიც ვერ გაურკვევია, შპს-ს დირექტორი ვინ არის. მე იმ კომპანიის დამფუძნებელი ვარ და არა დირექტორი, როგორც ის წერილში მწერს. როგორც ჩანს ვიცემერს სახელმწიფო სამსახური საბავშვო ბაღი ჰგონია და სხვა რა უნდა გამეგზავნა პასუხად, თუ არა ის, რაც გავაგზავნე?!” _ აცხადებს გობრონიძე.

ბიზნესმენის თქმით, ოზურგეთის ვიცე-მერის წერილი ერთგვარი ზეწოლაა. გობრონიძე ზეწოლაში ადანაშაულებს ქალაქის მერს კოტე შარაშენიძესაც და ამბობს, რომ შარაშენიძემ პირად საუბარში, ბაზრის ჩამორთმევა კარგა ხნის წინ დაუანონსა:

“შპს „სოფლის ნობათს“ არანაირი ვალდებულება არ გააჩნია, რომ ოზურგეთის ვიცემერს კომპანიის მიერ წარმოებული მასალები წარუდგინოს. ასევე, მასაც არ აქვს უფლება მოითხოვოს ასეთი ტიპის დოკუმენტაცია. ამ საქმეს ჩვენს ქვეყანაში ასრულებს შესაბამისი მაკონტროლებელი სამსახურები.

შპს „სოფლის ნობათმა“ გაიმარჯვა აუქციონში და მას 35 წლის ვადით იჯარით გადაეცა ბაზარი. აღსანიშნავია, რომ თავისი არსებობის მანძილზე ის პირველად გახდა სახელმწიფოსთვის მომგებიანი და გამარჯვებული კომპანია პირნათლად იხდის ყველანაირ გადასახადს, როგორც ადგილობრივ, ასევე, ცენტრალურ ბიუჯეტში და სრულად შენარჩუნებულია ის პროფილი, როგორითაც ის არსებობდა.

ვფიქრობ, ჩვენ წინააღმდეგ დაწყებული კანონსაწინააღმდეგო კამპანია ბატონი კოტე შარაშენიძის უნაყოფო მცდელობაა იმისა, რომ შეცდომაში შეიყვანოს ბაზრის მოვაჭრეები, რომლებსაც უხვად ავსებდა საარჩევნო კამპანიის დროს ცრუ დაპირებებით, თორემ ძალიან კარგად იცოდა, რომ ბაზარი კერძო საკუთრებას წარმოადგენდა და მასზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ გააჩნდა.

ერთადერთი რაც მან ნამდვილად შეძლო, მოახერხა რამდენიმე მოვაჭრის ანკესზე წამოგება, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ კოტესთან „დაალაგეს“ და გადასახადს არ გადაუხდიან ადმინისტრაციას. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მერი და მისი პირველი მოადგილე ბიზნესის ხელშეწყობის მაგივრად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, როგორ „ააბუნტონ“ ბაზრის მოვაჭრეები და ხელი შეუშალონ მეწარმეს თავისი საქმიანობის გახორციელებაში

მე და ოზურგეთის მერი შევხვდით ერთამენთს და მან პირდაპირ მითხრა, რომ ბაზარს წამართმევდა. ვფიქრობ, ამის მიზეზი ისაა, რომ არც მე და არც სხვა პარტნიორები ადგილობრივ არჩევნებში შარაშენიძის მხარდამჭერები არ გახლდით. ეს კი მისთვის ყველაზე სერიოზული საბაბია და ყველასთვის კარგადაა ცნობილი, თუ როგორ დევნის ჩვენი „მეგობარი მერი“ სიორიძის მხარდამჭერებს სამსახურებსა თუ მის გარეთ

მინდა გითხრათ, რომ თუკი ბიზნესზე ზეწოლის ერთი მსგავსი ფაქტი ისევ დაფიქსირდება, აუცილებლად მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს და იმედია, ისინი მიიღებენ შესაბამის ზომებს” აცხადებს გობრონიძე “გურია ნიუსთან” საუბარში.

ოზურგეთის ვიცემერი ალექსანდრე სურგულაძე კი „გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მერიაში წერილის შესვლის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს. ის ბიზნესზე ზეწოლას უარყოფს:

“ჩემთვის არავის უთქვამს, რომ წერილი შემოიტანეს და არ ჩაიბარეს. რაც შეეხება ზურაბ გობრონიძეს, შესაძლოა, მოხდა შეცდომა და მე გავაგზავნე წერილი არასწორი დასახელებით. თუ შეცდომაა, აღიარებაც არ არის პრობლემა. მე მოვთხოვე მუნიციპალიტეტის მოიჯარე შპს-ს ის დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც მას ჰყავს ქვემოიჯარეები, რადგან ეს ყველაფერი მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით უნდა იყოს გახორციელებული. მხოლოდ და მხოლოდ ესაა და ცნობადობის დონეზე უნდა მქონდეს ეს ინფორმაცია” განაცხადა სურგულაძემ.

ბიზნესმენის ბრალდებებთან დაკავშრებით, კომენტარი არ გაუკეთებია თავად ქალაქის მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს.

ბიზნესმენ ზურაბ გობრონიძის წერილს, რომელიც მან ვიცე მერს მიწერა, ექსკლუზიურად “გურია ნიუსი” ავრცელებს.

 გურია ნიუსი