”კვირიკაშვილმა ლუკაშენკოს უთხრა, რომ ბებია რუსი ჰყავდა და საქართველოში რუსებთან ეთნიკური დაპირისპირება არ ხდება” – პრემიერის განმარტება

”კვირიკაშვილმა ლუკაშენკოს უთხრა, რომ ბებია რუსი ჰყავდა და საქართველოში რუსებთან ეთნიკური დაპირისპირება არ ხდება” - პრემიერის განმარტებასაქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო რუსულ-ქართულ ურთიერთობებს.

„ამ კონტექსტში, პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა გულისწყრომა, რომ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ დაუბრუნდა ოჯახს. მაშინ, როდესაც რუსეთს ამის ყველანაირი ბერკეტი გააჩნდა. ბელარუსის პრეზიდენტთან საუბარი გაგრძელდა რუსეთთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის პრაგმატულ პოლიტიკასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ, როგორც ასეთი, ხალხთაშორისი ურთიერთობების დონეზე დაპირისპირება არ აღინიშნება. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში რუსეთიდან 1.5 მილიონი ტურისტი შემოდის არ ყოფილა დაპირისპირების არც ერთი ინციდენტი ეთნიკურ საფუძველზე. ამავე კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ მისი ბებია იყო რუსი და დღემდე საქართველოში ბევრი შერეული ოჯახია. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის არსებობს წითელი ხაზები და ეს არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება ამ ფუნდამენტურ საკითხებზე გადის. ამ მიმართულებით კი, რუსეთის ხელისუფლება ნაბიჯებს არ დგამს“, – აღნიშნავენ პრესსამსახურში.

ინტერპრესნიუსი