”ქართულ ოცნებაში” შეიძლება ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტი მოითხოვონ

”ქართულ ოცნებაში” შეიძლება ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტი მოითხოვონ „ქართული ოცნების“ ძველი ფორმაციის წარმომადგენლებსა და ახალ სახეებს შორის დაპირისპირება კულმინაციას აღწევს თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ტელეკამერებთან გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბარს ერიდებიან.

„კურიერის“ ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, საქმე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ან ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტამდე მივიდეს, რომელსაც მმართველი გუნდის დამფუძნებელი წევრები უპირისპირდებიან.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი პოლიტიკური მმართველობის ფორმის რადიკალურ ცვლილებას ემხრობა და არ გამორიცხავს, რომ მმართველი გუნდი აზრთა სხვადასხვაობის გამო ორად გაიყოს. გია ჟორჟოლიანი ერთადერთი დეპუტატია, რომელიც ღიად აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ კომუნიკაციის პრობლემაა და ბევრ ფუნდამენტურ საკითხზე დისკუსია არ იმართება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გედევან ფოფხაძის განცხადებასაც ეხმაურებიან და იმედოვნებენ, რომ გედევან ფოფხაძე გუნდთან შეხვედრის შემდეგ პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას შეცვლის. გედევან ფოფხაძემ გუნდიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ნინია კაკაბაძის არჩევის შემდეგ მიიღო.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში აღნიშნავს, რომ ახალი სახეები „ქართული ოცნების“ დამფუძნებლების აზრს პატივს სცემენ.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე კი ასპარეზს „ქართული ოცნების“ ახალ სახეებს უთმობს.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ მდივანი, ლევან გოგიჩაიშვილი მმართველ გუნდში დაპირისპირებას გამორიცხავს.

– უმრავლესობაში არის ყველაფერი კარგად, – აცხადებს გოგიჩაიშვილი.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ენძელა მაჭავარიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ირაკლი კობახიძეს შორის არსებულ დაძაბულ სიტუაციას კრიზისად არ მოიაზრებს.

– მე არ მიმაჩნია, რომ როდესაც ვინმე არ ეთანხმება თავმჯდომარეს და ამაზე აკეთებს განცხადებას, ეს არის კრიზისი, – განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

„კურიერის“ ინფორმაციით, ამ წუთებშიც მიმდინარეობს მმართველი გუნდის დამფუძნებლებს შორის მსჯელობა, დატოვონ „ქართული ოცნება“ თუ დარჩნენ და გააგრძელონ ბრძოლა ირაკლი კობახიძის და მისი პოლიტიკური მმართველობის წინააღმდეგ.

რუსთავი 2