შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ ბორცვაძე დაინიშნა – პროკურორი პოლიციაში გადავიდა

შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ ბორცვაძე დაინიშნა - პროკურორი პოლიციაში გადავიდაშინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ ბორცვაძე დანიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ვლადიმერ ბორცვაძე 2006-2018 წლებში საქართველოს პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

2016-2018 წლებში იგი საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტმენტს ხელმძღვანელობდა. 2013 წლიდან 2016 წლამდე ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2012-2013 წლებში ხაშურის რაიონული პროკურორი იყო, ხოლო 2009-2012 წლებში საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა. 2007 – 2009 წლებში შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად მუშაობდა, ხოლო 2006 წლიდან 2007 წლამდე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო.

ინტერპრესნიუსი