გელა ნიკოლაიშვილი – ”დოდო გუგეშაშვილის სახლში მესამე პირის დნმ იპოვეს, სხვა დეტალებიცაა, მაგრამ მათზე ვერ ვისაუბრებ”

გელა ნიკოლაიშვილი - ”დოდო გუგეშაშვილის სახლში მესამე პირის დნმ იპოვეს, სხვა დეტალებიცაა, მაგრამ მათზე ვერ ვისაუბრებ"დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმის გამოძიების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი პასუხობს.
– ბატონო გელა, თქვენ დოდო გუგეშაშვილის ადვოკატი ბრძანდებით. დოდო გუგეშაშვილი შს მინისტრ გიორი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს. რა სიახლეებია გამოძიებაში?
– ორი თვეც არ არის გასული ამ მკვლელობიდან. გამოძიება ყოველდღიურად მუშაობს, ჩვენ ინტენსიურად ვთხოვთ, რომ გაგვაცნონ ახალი მასალები და ვეცნობით ყველა სიახლეს ამ კუთხით. არის გარკვეული დეტალები, ჯერჯერობით ძირითადად მიმდინარეობს გადამოწმება ექსპერტიზის დასკვნის, არის დნმ-ის ანალიზი, არის ტელეფონების ჩანაწერები და რა ვიცი, ძალიან ბევრი დეტალია. სამუშაო ძალიან ბევრია, ათასეულობით ზარია გასაშიფრი და ვიდეოთვალის ჩანაწერები სანახავი. ამ კუთხით მუშაობენ აქტიურად.
– რა ახალი დეტალი გამოიკვეთა?
– ახალი ის არის, რომ დნმ-ის პასუხი როდესაც მოვიდა, გენეტიკურმა ექსპერტიზამ თქვა, რომ დოდო გუგეშაშვილის და მისი შვილის გარდა, კიდევ არის აღმოჩენილი მესამე პირის დნმ-ის ნიმუში. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ადრე თუ გვიან, როდესაც დამნაშავეს დააკავებენ და დაემთხვევა მისი ნიმუში, აქ უკვე კითხვები აღარ იქნება.
– კიდევ რისი თქმა შეგიძლიათ?
– კიდევ არის სხვა დეტალებიც, რომელთაც იგივე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით. ასევე გაუთქმელობის ხელწერილი მაქვს და, ამდენად, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.
– გარკვეული მონახაზი თუ გაკეთდა და კონკრეტული მიმართულება თუ აქვს აღებული გამოძიებას?
– არის რამდენიმე მიმართულება. კონკრეტული მიმართულება მაშინ იქნება, როდესაც ძაფს რომ მოკიდებ ხელს და ამოქაჩავ.
– დოდო გუგეშაშვილი რამდენად აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან და თავად თუ აქვს რაიმე ვერსიები?
– რა თქმა უნდა, თანამშრომლობს, ყველაზე მეტად ის არის დაინტერესებული. სწორედ ამიტომაც მოითხოვა, რომ იქნებ შინაგან საქმეთა მინისტრს შევხვდეთ, იმისთვის, რომ მან პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე, რათა დიდხანს არ გაიწელოს და მუდმივი კონტროლის ქვეშ იყოს. რაღაც ვერსიები მასაც აქვს, ბუნებრივია, თუმცა, კონკრეტულ ერთ ვერსიაზე ჯერჯერობით ისიც ვერ საუბრობს.
– “ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბევრი შეკვეთილი მკვლელობა მოხდა. ძირითადად ბიზნესმენები მოკლეს. ამ საქმეების უმრავლესობა გაუხსნელია. რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე?
– რა გითხრათ. ტენდენცია, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. ერთის მხრივ შეიძლება ეს იყოს გამოძახილი იმისა, რომ ვერ მოხერხდა იმ დანაპირების შესრულება, რასაც სამართლიანობის აღდგენა ქვია. აქ მარტო იმ ადამიანების პასუხისგებაში მიცემაზე არ არის საუბარი, ვინც ადამიანის უფლებებს ლახავდა და აწამებდა ადამიანებს ციხეებში თუ სხვა ადგილებში. ქონებები რომ არ იქნა დაბრუნებული, უკანონოდ ჩამორთმეული ქონებები, შესაძლოა, ერთი მიზეზი ესეც იყოს.
– სხვა რა მიზეზზე შეიძლება საუბარი?
– მეორეს მხრივ, გარკვეული თავისუფლება იგრძნეს, როდესაც აღარ ხდება ისეთი მეთოდებით გამოძიება და ისეთი მეთოდების გამოყენება ციხეებში, რასაც წამება ქვია. ძირითადად კანონის დაცვის ფარგლებში ცდილობენ ხოლმე საქმის გახსნას და, მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ ძნელია.
– ბიზნესმენთა მკვლელობებს იმას უკავშირებთ, რომ თავად ცდილობს ხალხი, სამართალი აღადგინოს?
– შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი.
– დაუსჯელობის სინდრომი გაჩნდა, აღარ ეშინიათ კრიმინალებს. ამაზე რას იტყვით?
– მართალია, დანაშაულებები ხდება, თუმცა გახსნის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. განსაკუთრებით გახმაურებულ დანაშაულებებზეა ხოლმე ლაპარაკი, გავიგებთ, რომ ბანკი გაძარცვეს, ვიღაც დააყაჩაღეს, ვიღაც მოკლეს, მალევე ვიგებთ, რომ გაიხსნა ეს დანაშაული.
– შეკვეთილი მკვლელობების გახსნა უფრო უჭირთ?
– კი, ასეა, იმიტომ, რომ ის განსაკუთრებულად არის მომზადებული და დაგეგმილი. ეს არა მხოლოდ ჩვენთან, ყველგან ასეა. იგივე დოდო გუგესაშვილის ოჯახზე თავდასხმა და რუსთავის ბაზრობის მფლობელის, ასევე ვარკეთილის ბაზრობის მეწილეზე თავდასხმა დღემდე გაუხსნელია. ამ კუთხით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ესენი წინასწარ დაგეგმილი მკვლელობები იყო.
როდესაც წინასწარ გეგმავს ადამიანი, ის ყოველთვის ცდილობს, კვალი არ დატოვოს. როდესაც სპონტანურად ხდება შეკამათება, შელაპარაკება და ამ კონფლიქტის ნიადაგზე უცებ ხდება მკვლელობა, იქ, ბუნებრივია, მკვლელი წინასწარ არ ფიქრობს, რომ კვალი წაშალოს.
– როდესაც თავადვე საუბრობთ, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი და კარგად მომზადებული მკვლელობა იყო, რამდენად გაქვთ იმედი, რომ გაიხსნება დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობა?
– გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი არის ნანახი არაერთი ადამიანის მიერ, თვითონ დოდოს, მისი მეზობლების, ფოტო რობოტია შედგენილი, დნმ-ის ანალიზია ამოღებული, კიდევ არის ძებნა ვიდეოთვალის და ტელეფონის ზარებზე, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ, ადრე თუ გვიან, ეს საქმე გაიხსნება.
– იქნებ დატოვა მკვლელმა ქვეყანა?
– ეს არ ვიცით, ეს რომ ვიცოდეთ, მაშინ ისიც უნდა ვიცოდეთ, ვინ არის მკვლელი. სამწუხაროდ, ეგ არ ვიცით. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ეს საქმე გაიხსნება.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა