“სააკაშვილის დაბრუნება გადაწყვეტილია, ივანიშვილი ამერიკისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს”

რატომ ადარებენ მმართველი გუნდის დეპუტატები ერთმანეთს მულტფილმების პერსონაჟებს, რატომ დუმს ივანიშვილი, რას სთხოვს ის აშშ-ს და ევროპას, როდის დაბრუნდება სააკაშვილი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ორგანიზაცია “სამართლიანობა და დემოკრატიის პრინციპების” ხელმძღვანელი ჯელალ ქიქავა ესაუბრება.
– “ქართული ოცნების” წევრები ერთმანეთს უკვე მულტფილმის პერსონაჟების სახელებით მოიხსენიებენ. თქვენი აზრით, ეს რისი მანიშნებელია?
– ეს იმის მანიშნებელია, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს. არ იცის, ვის უნდა დაუჭიროს მხარი, ბებრებს თუ ახალგაზრდებს. პროცესებში მხოლოდ იმიტომ არ ერევა, რომ არცერთის იმედი არა აქვს. ესენიც ჭამენ ერთმანეთს და ახლა თუ მულტფილმის პერსონაჟებს ადარებენ ერთმანეთს, მალე პოლიტიკურ მკვდრებს დაემსგავსებიან.
დაიმახსოვრეთ, რასაც ახლა ვიტყვით – “ქართული ოცნება” დასრულდა და მისი საშველი აღარ არის. ისე აიჭრა სიტუაცია, რომ ივანიშვილმაც კი არ იცის, რომელი მხარე გაიმარჯვებს. ელოდება, ძველები შეჭამენ ახლებს თუ ახლები ძველებს. ამათ დაუჭამიათ ერთმანეთი, მაგრამ ამასობაში ქვეყანა იშლება.
სიტუაციის დასარეგულირებლად ამ კვირაში აპირებდნენ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის გამართვას. რამდენჯერმე შეცვალეს თარიღი. ბოლოს თქვეს, რომ შეხვედრა მომდევნო კვირაში გაიმართება. ისინი ამას ვერ მომავალ კვირაში მოახერხებენ.
– რატომ ვერ მოახერხებენ?
– ახლა უმრავლესობის სხდომა რომ გაიმართოს, მულტფილმების პერსონაჟებიდან “ხიშნიკებად” გადაიქცევიან და დაჭამენ ერთმანეთს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
– თქვენ ზემოთ თქვით, რომ ივანიშვილმაც არ იცის, რომელი ფრთა გაიმარჯვებსო. ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ გამარჯვებულის გამოვლენა მასზეა დამოკიდებული.
– აქამდე ეს მართლაც მასზე იყო დამოკიდებული, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა და მანაც არ იცის, რომელი ფრთა დარჩება გამარჯვებული. ყოფილი პრემიერი მის მიერ შექმნილ პარტიას ვეღარ აკონტროლებს.
– რას ნიშნავს, პარტიას ვეღარ აკონტროლებს?
– იმას, რომ დაკარგა პარტიაზე კონტროლი. ის ვერც ბებრებს აკონტროლებს და ვერც – ახალგაზრდებს. კონტროლი დაკარგული რომ არ ჰქონოდა, არც დაპირისპირებამდე მივიდოდა საქმე. მულტფილმის პერსონაჟებიც მაგარ შარში არიან, არ იციან, ვის დაუჭერს მხარს მათი ლიდერი. ამ გაურკვევლობას ეჭვიანობაც ემატება.
– ვისზე ან რაზე ეჭვიანობენ?
– “ევროპულ საქართველოზე”.
– გავრცელებული ინფორმაციით, ამ დაპირისპირების დაწყებამდე ივანიშვილი “ევროპული საქართველოს” ლიდერებს – გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას შეხვდა. თქვენი აზრით, შედგებოდა ასეთი შეხვედრა?
– რატომ არ შედგებოდა ვითომ ასეთი შეხვედრა, რა არის ამაში საეჭვო? ყველამ საკუთარი ყურით მოისმინა, თუ რა განცხადება გააკეთა “ევროპულმა საქართველომ” რუსთავი 2-თან მიმართებაში. ამით მათ დაამტკიცეს, რომ მოღალატეები და ივანიშვილის ხურდა-ფულში მოყოლილი პარტია არიან.
“ევროპული საქართველო” ყოფილმა პრემიერმა შექმნა და იმედი ჰქონდა, რომ ამით ნაციონალურ მოძრაობას დაამთავრებდა. იცით, რა იყო მიშა სააკაშვილის ყველაზე დიდი დანაშაული? 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების შემდეგ საქართველოდან ძალიან ბევრი თანამდებობის პირი გაიქცა. მიშამ ეს ხალხი ხელისუფლებიდან არ გაყარა. “ევროპული საქართველოს” შემადგენლობის 80%-მა საქართველო ომის დღეებში დატოვა.
– სააკაშვილი ახსენეთ და ნაციონალები მის დაბრუნებაზე აქტიურად ალაპარაკდნენ. ნიკა მელია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი, საქართველოში უპრობლემოდ და ჩვეულებრივი ბილეთით დაბრუნდება.
– მიშა საქართველოში მართლა უპრობლემოდ დაბრუნდება. მას ყველა დიდი ხიხარულით შეხვდება. პირადად მე ყველანაირად დავეხმარები მიშას, რომ საქართველოში დაბრუნდეს.
– რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული, რომ დაბრუნდება?
– იმიტომ, რომ კარგად ვხედავ, რა ხდება ქვეყანაში. აქედან გამომდინარე ხმამაღლა ვამბობ – მიშა ჩამოვა და ძალიან მალე.
– მან რამდენჯერმე დააანონსა ქვეყანაში დაბრუნდება, მაგრამ ვერ გაბედა.
– მე ვერ ვიტყვი, რომ ვერ გაბედა. მაშინ ის უკრაინაზე იყო გადართული, ახლა საქართველოა მისი მთავარი საზრუნავი და აუცილებლად დაბრუნდება. მას საქართველოში დასაბრუნებლად ერთი ადგილიც აქვს და აქ მას ხალხი ელოდება.
– ქართულ ფრონტზე მისი გააქტიურება “ოცნებაში” არეულობას დაემთხვა. ეს პროცესები ერთმანეთთან კავშირში ხომ არ არის?
– არა, არა, მიშას გამო არ არეულან. მეგონა, რომ უფრო ადრე დაიწყებდნენ ერთმანეთის დაჭმას. სხვა რა გზა ჰქონდათ დარჩენილი? ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ და ქვეყნის მართვა ვერ შეძლეს. სამაგიეროდ, სექსით და ფულით გაძღნენ. რა უნდა ელაპარაკო იმ ხალხის, ვისაც სკამების და სექსის მეტი არაფერი არ აინტერესებს.
მიშას სექსებზე ლაპარაკობდნენ სულ და გადააჭარბეს. მაშინ სექხი იყო, მაგრამ საქმესაც აკეთებდნენ. ესენი სექსობენ და ერთმანეთს ჭამენ მხოლოდ. ბევრჯერ ვახსენე სიტყვა სექსი, მაგრამ ამგენი მეტს არაფერს აკეთებენ. აი, ეგაა “ოცნება”.
სააკაშვილთან შეიძლება რაღაც პრეტენზიები იყო, მაგრამ საქმე კეთდებოდა. ახლა რა ხდება, ჩაკვდა ყველაფერი. გადარეულია ხალხი, არ იციან, სად გაიქცნენ. ხალხს სცივა და შია. დამისახელეთ ერთი რეგიონი მაინც, სადაც რამე კეთდება. ბათუმი მიშამ გააკეთა და ეს “ოცნებამ” არ დაიბრალოს. სამაგიეროდ, ბიძინამ გადათხარა მთელი აჭარა.
– ხალხი ხეების მოთხრას არ აპროტესტებს?
– რა აზრი აქვს? მაინც ამოთხრის. ბიძინას დენდროლოგიური გატაცება ჩვენს კუთხეს ეკოლოგიურ კატასტროფას უქადის, მაგრამ მშიერი ხალხი ამას აღარ უყურებს.
– აჭარაში ხალხს შია?
– შია და რატომ გაგიკვირდათ? ნორმალური ხელისუფლების პირობებში აქაურობა უნდა დუღდეს და გადმოდუღდეს, მაგრამ არ არიან ესენი ნორმალურები. აჭარას აქვს ზღვა და, შესაბამისად, აქვს პორტი, ვართ საზღვრისპირა რეგიონი და არის საბაჟო, გვაქვს მთაც, მაგრამ რად გინდა, მთელი აჭარა შიმშილობს.
აჭარის რეგიონი რომ ასეთ გაჭირვებაშია, წარმოიდგინეთ, რა ხდება სხვა რეგიონებში. დაქცეულია და გაუბედურებული მთელი ქვეყანა, მის მოსახლეობასთან ერთად. იმ ზომამდეა მისული ხალხი, რომ მალე ქუჩაშიც გამოვლენ.
– ხალხის ასეთ გაწყობაზე ბევრი საუბრობს, მაგრამ ქუჩაში გამოსული არავინ გვინახავს.
– იმიტომ არ გამოდიან, რომ ლიდერი არ ჰყავთ. ამ ტვირთის საკუთარ თავზე აღება არავის არ უნდა. ერთხელ იყო საუბარი, რომ ბათუმში აქციები დაგვეწყო. მკითხეს, ავიღებდი თუ არა ამ აქციების ლიდერობას საკუთარ თავზე. ამაზე უარი ვუთხარი.
– რატომ უთხარით უარი?
– ახლა თუ ხალხი ქუჩაში გამოვა, ქვეყანა წააგებს. ეს პროცესი უკონტროლო გახდება. აღელვებული ხალხის გაჩერებას მე ვერ შევძლებ და ამიტომაც შევიკავე თავი.
– 2003-2004 წელს არ შეგეშინდათ, რომ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდოდა? ასლან აბაშიძის წინააღმდეგ აქციები საკმაოდ მძიმე სანახავი იყო. ხშირად გიწევდათ პოლიციასთან და სპეცრაზმთან შეტაკებები.
– მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო. მაშინ საქართველოში მიშას სახით იყო ლიდერი, რომელიც ხალხის გაჩერებას შეძლებდა. ახლა ასეთი ლიდერი არ არის. ერთადერთი, ვინც ახლა ლიდერის ფუნქციას შეასრულებს, სააკაშვილია. სხვას ხალხი არ გაყვება.
– რატომ არ გაყვება?
– იმიტომ, რომ არავის აღარ ენდობიან – თავისი სახე ყველამ აჩვენა.
– ახალი ლიდერი რომ გამოჩნდეს, არც მას გაყვებიან?
– არა.
– ივანიშვილს ძალიან კარგად გაყვნენ.
– მერე რა მიიღეს? სექსით გამძღარი ხელისუფლება და დაქცეული ქვეყანა. ისეა ხალხი იმედგაცრუებული, ბიძინაზე მდიდარი რომ გამოჩნდეს ვინმე, იმასაც არ დაუჯერებენ. საქართველოში მიშას გარდა ლიდერი არ არის. ჩამოვა მიშა და ყველაფერი შეიცვლება.
გამიგონია, რომ ივანიშვილი თუ “ოცნების” დასამხობლად ახალ გუნდს შექმნის, ხალხი ისევ დაუჯერებს მას. არ დაიჯეროთ, ხალხო, ბიძინა დამთავრებულია.
– ვინ დაამთავრა?
– პირველ რიგში, თავისმა ხალხმა. იშოვეს ფული. გაძღნენ სექსით და აღარ უნდათ ეგ შენი ბიძინა. რამდენადაც მე ვიცი, ახლა ის ხელშეუხებლობის გარანტიებს ითხოვს. მოდის ხმები, რომ ამ თემაზე ის მოლაპარაკებებს აწარმოებს.
– ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს?
– ევროპელ და ამერიკელ პოლიტოკოსებთან.
– მათთან რატომ?
– პოლიტიკა არის ევროპა და ამერიკა. ბიძინა მათგან ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს. ითხოვს, რომ ქონება შეუნარჩუნონ. მიშას დაბრუნება გადაწყვეტილია, მას ხალხი ელოდება. ბიძინა კი თავის “ოცნებასაც” აღარ უნდა. რამეს თუ მიქარავს და ხელისუფლებაში ძალით დარჩენას მოინდომებს, დასავლეთი ძალიან მალე დაამთავრებს მას.
ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ქვეყანაში ცვლილებები აქედან დაიწყება. პირადად მე გიორგი ვაშაძეზე დავდებდი ფსონს. პოლიტიკაში რაღაც გამეგება და ოპოზიცია კარგს იზამს, თუ მას დააყენებს საერთო კანდიდატად.
დღემდე დიდ შეცდომად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ის ნაციონალებიდან წამოვიდა. იცით, ის ვის გამო წამოვიდა პარტიიდან? ბიძინას ხურდა-ფულზე გაყიდული ბოკერიას გუნდის გამო.
– მოდით, თემა შევცვალოთ და თქვენზეც გვითხარით რამე. “ოცნების” დეპუტატ მუხრან ვახტანგაძეს ადანაშაულებდით, რომ მან თქვენზე თავდასხმას გაუკეთა ორგანიზება. სამართალდამცავებსაც მიმართეთ, გამოიძიეს რამე?
– რას გამოიძიებდნენ? თავიანთ კაცს ხომ არ დასჯიდნენ. ყველამ იცის ბათუმში, რომ მაგის დავალებით დამესხა თავს 12 ზონდერი გასვენებაში. ჭირისუფალს რომ არ აეტეხა წივილ-კივილი, ძალიან მძიმე დღეში ვიქნებოდი ახლა.
სამართალდამცავებს კი მივმართე, მაგრამ გამოძიების იმედი არ მაქვს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ყველაფერზე აგებს პასუხს.
– მუხრან ვახტანგაძე პარლამენტში ვის დაჯგუფებაშია?
– კალაძის კამანდაა, ახალგაზრდებთან არის. იმ დღესაც მამუკა მდინარაძეს უმშვენებდა გვერდს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018