“დანები, რომლებითაც მოზარდები მოკლეს, ხორავაზე მირზა სუბელიანის შვილმა მიიტანა”

„ნიუპოსტი“ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გარშემო ჟურნალისტურ გამოძიებას აგრძელებს. დღეს რედაქციამ სანდო წყაროსგან მორიგი სკანდალური ინფორმაცია მიიღო, რომლის მიხედვითაც, მთავარი პროკურატურის, ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის შვილი 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია.წყარო ძალოვანი უწყებიდან ირწმუნება, რომ ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე სწორედ სუბელიანის შვილის მიერ ე.წ. ქუჩურ გარჩევაში მიტანილი ცივი იარაღით მოკლეს.

როგორც „ნიუპოსტის“ მკითხველმა უკვე კარგად იცის, სუბელიანის არასრულწლოვანი შვილი და ასევე, არასრულწლოვანი ნათესავი, მომხდარი ტრაგედიის ფიგურანტები არიან, თუმცა ორივე მათგანს რატომღაც მოწმის სტატუსი აქვთ მინიჭებული.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით პროკურატურამ ხუთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ერთ-ერთი დაკავებული თენგიზ კალანდია, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის ქვისლია. ამავე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ასევე პასუხისგებაში მიეცა თენგიზ კალანდიას ორი შვილი – მ.კ და ლ.კ, აქედან ერთს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი იცავს, სრულწლოვან ბიჭი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

„ნიუპოსტის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაციის შესახებ, საკუთარი წყაროებისგან იცის „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმაც.

ზვიად კუპრავას თქმით, მირზა სუბელიანის შვილმა ხორავას ნომერში არაერთი დანა მიიტანა.

„იმ დანებზე, რომლითაც მოზარდებს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, აღმოჩენილია მირზა სუბელიანის შვილის დნმ. ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ მირზა სუბელიანის ოჯახის წევრმა შემთხვევის ადგილზე არაერთი დანა მიიტანა. საუბარია 3-4 დანაზე, მოგეხსენებათ ზამთრის პერიოდი იყო, ეცვა ქურთუკი, რომლის შიდა, გულის ჯიბეში ედო დანები. ამის თვითმხილველები არსებობენ. სწორედ აღნიშნულმა არასრულწლოვანმა დაარიგა ცივი იარაღები ჩხუბის დაწყებამდე. სწორედ, აღნიშნული ცივი იარაღით მოხდა მოზარდების სასიკვდილოდ გამეტება.

მართალია, პროკურატურა მთელი ეს პერიოდია ცდილობს მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ პირებს ხელი დააფაროს, მაგრამ საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. ეს ადამიანი, როგორც მინიმუმ ორგანიზატორია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების, ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“- აცხადებს კუპრავა.

ყოფილი სამართალდამცავი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, პროკურატურას და თავად სუბელიანს სისხლიან გარჩევაში მონაწილე ერთ-ერთი პირიც აშანტაჟებს.

„პროკურატურა იძულებულია, მირზა სუბელიანის შვილის მეგობარსაც დააფაროს ხელი, ვინაიდან თუ ეს პირი პასუხისმგებლობაში მიეცემა, ის გახსნის საქმეს, დაასახელებს სუბელიანთან ნათესაურ კავშირში მყოფ ადამიანებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს. პროკურატურა დანაშაულში მონაწილე მინიმუმ 3 პირს აფარებს ხელს“- აღნიშნა კუპრავამ.

გასული წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ექმიმებმა ვერც დავით სარალიძის გადარჩენა შეძლეს, ის მომხდარიდან მეორე დღეს დაიღუპა.

ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო, 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოკლული დავით სარალიძის მამა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ხორავას ქუჩის სისხლიან გარჩევაში სხვა დამნაშავეებიც იკვეთებიან, რომელსაც მაღალჩინოსნები მფარველობენ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018