ბათუმის საავადმყოფოში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა – მას თუთა ჰქონდა ნაჭამი

ბათუმის საავადმყოფოში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა - მას თუთა ჰქონდა ნაჭამიგუშინ, 20 მაისს, ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში 4 წლის გოგონა გარდაიცვალა. ამ საავადმყოფოში ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოდან გადაიყვანა, სადაც გოგონა მშობლებმა 19 მაისს მიიყვანეს.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, დავით მურვანიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში დამძიმდა.

– პაციენტი შემოვიდა ბაქტერიული, საკვებისმიერი ინტოქსიკაციით, მრავალჯერადი ღებინებით და მკვეთრად გამოხატული გაუწყლოების ნიშნებით. დაიწყო, როგორც ამ დროს ჩვეულებრივ ხდება, გაუწყლოების ლიკვიდირება, ინფუზიური თერაპია. ინფუზიური თერაპიის ფონზე მოხდა გულყრა, რის შედეგადაც განვითარდა სითხის უკმარისობა და წარმოიშვა ყველა ის პრობლემა, რამაც გვაიძულა, ბავშვი გადაგვეყვანა ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან, ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რეანიმაცია.

4 საათზე შემოსული პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა 8 საათზე, შემოსვლისას მდგომარეობა არ იყო ისე მძიმე, რომ რეანიმაციის საჭიროების საკითხი განხილულიყო. ინფექციურ საავადმყოფოში ყოველდღიურად 7-8 ბავშვი ხვდება, ეს არ იყო განსხვავებული შემთხვევა, – ამბობს დავით მურვანიძე.

მისივე თქმით, მშობლების ინფორმაციით, ბავშვს თუთა ჰქონდა მიღებული.

„ბათუმელებს“ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში უთხრეს, რომ შუამდგომლობით მიმართავენ სასამართლოს და როგორც კი თანხმობას მიიღებენ, ფაქტს შეისწავლიან. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო 0-დან 5 წლამდე ბავშვის გარდაცვალებაზე მოკვლევას იწყებს, თუკი ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვლება.

შს სამინისტრომ ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლით დაიწყო – ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება.

ბათუმელები