ლევან ხაბეიშვილი – “თბილისის საკრებულო სასაფლაოების დიზაინზე მსჯელობს – ცოცხლებს ხომ მოგვხედეს და ახლა მკვდრებზე გადავიდნენ”

ლევან ხაბეიშვილი - "თბილისის საკრებულო სასაფლაოების დიზაინზე მსჯელობს - ცოცხლებს ხომ მოგვხედეს და ახლა მკვდრებზე გადავიდნენ"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის 3 თანამშრომელი და ერთ-ერთი კომპანიის 2 ხელმძღვანელი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტს.
ამ საქმეზე ნაციონალებმა ცოტა ხნის წინ ატეხეს ხმაური. ხელისუფლება მაშინ ამტკიცებდა, რომ ისინი რაღაცას იგონებდნენ.
ვის უნდა ეგო ამაზე პასუხი, რატომ დაერივნენ წვრილფეხა კორუმპირებულებს, რატომ დაინტერესდა თბილისის საკრებულო სასაფლაოების დიზაინით, – ამ თემებზე “ახალ თაობას” თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.
ლევან ხაბეიშვილი:
– რამდენი წელია, რაც თბილისის მერიაში არსებულ კორუფციაზე ვსაუბრობ, ამაზე ქოცებს ასეთი პასუხი აქვთ – ხაბეიშვილს ეჩვენება. თბილისის მერიის მაღალჩინოსნების მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების კუთვნილი თანხის მითვისებაზე ჩვენ დავიწყეთ საუბარი. ამაზეც ანალოგიური პასუხი ჰქონდათ, რომ მეჩვენებოდა.
მერე ამაზე გამოძიებაც დაიწყეს და ახლა ვიგებთ, რომ ფინანსთა სამინისტრომ მერიის თანამშრომლები დააკავა. მაგათაც მოეჩვენათ? გამოვიდნენ და გაგვცენ პასუხი.
ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა დამდგარიყო საქალაქო სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი. თავის დროზე მას სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი თანხების მითვისებას ედავებოდნენ.
მაღალ თანამდებობებზე ასეთი ადამიანების ყოფნა დაუშვებელია. ამას დავით ნარმანიას დროსაც ვამბობდით და კახა კალაძის მერობის დროსაც გავიმეორეთ. არავინ მოგვისმინა.
არც მაშინ მოგვისმინეს, როცა ფონიჭალაში ერთ-ერთი საბავშვო ბაღის გამო ავტეხეთ ხმაური. გავიდა ცოტა ხანი და კრწანისის მაჟორიტარი დააკავეს. მერე სამგორის გამგებელზე დავდეთ ფაქტები და მაგაზეც შეიცხადეს, რა სისულელეს ამბობენო. ცოტა ხანში სამგორის გამგებელი გაუშვეს.
ამდენი ხანია, ვამბობ ჩივიაშვილზეც, რომ გასაშვებია და გაუშვით. ერთხელ რომ მოიპარავს ადამიანი, მერე რთულია მისი გაჩერება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ადამიანი “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს.
ჩემი თუ არ სჯერათ, ფინანსთა სამინისტრომ დაუმტკიცა, რომ ამ ადამიანის სამსახურიდან გაიფლანგა ფული. თან ვისი ფული გაფლანგეს? შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის გამოყოფილი ფული მიითვისეს.
ყველა ნორმალურ ქვეყანაში. ასეთ შემთხვევაში საქალაქო სამსახურის უფროსი გადადგებოდა. ეს კიდევ მიელურსმა ამ სკამს, არც თავისი ნებით მიდის და არც ესენი უშვებენ. მისი გათავისუფლების საკითხი საკრებულოზეც დავაყენე.
– რა თქვეს საკრებულოს დეპუტატებმა?
– რას იტყოდნენ, მისი დაცვა დაიწყეს და საფლავების დიზაინზე შეუდგნენ მსჯელობა.
– სოციალურ ქსელში თქვენ დაწერეთ, რომ საკრებულო სასაფლაოების მოწყობაზე მსჯელობს. ყველამ ეს რატომღაც ხუმრობად მიიღო.
– რა ხუმრობა, სრული სერიოზულობით მსჯელობდნენ. თავიდან მეც ვერ ვიჯერებდი. როგორია, იმ ქალაქის საკრებულოს კომისიის სხდომაზე შედიხარ, სადაც უამრავი პრობლემაა და რა სურათს ხედავ? საუბრობენ სასაფლაოების დიზაინზე. კორპუსების დიზაინი ხომ დაალაგეს და ახლა საფლავის ქვებს მიადგნენ.
– სასაფლაოს დიზაინში რას გულისხმობდნენ?
– რამხელა საფლავის ქვა უნდა დადგას ჭირისუფალმა, რანაირად უნდა შემოღობოს საფლავი და ა.შ. ცოცხლებს ხომ მოგვხედეს, ახლა მკვდრებზე გადავიდნენ. სრული მარაზმი იყო. ვერ მოვითმინე და ამის შესახებ ფეისბუქზე დავწერე. საშინელი გამოხმაურება ჰქონდა. თავადაც ნახეს და შეწყვიტეს განხილვა. ამ საკითხის გატანას აღარც საკრებულოს სხდომაზე აპირებენ.
– “ოცნებაში” აშკარად გავლენების განაწილებაზე არიან გადასული. მერიის თანამშრომლების დაკავება კალაძის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად იქნა აღქმული. თქვენ რას ფიქრობთ, კალაძეს ებრძვიან თუ კორუფციას?
– არც ერთს და არც მეორეს. კორუფციასთან ბრძოლა რომ სდომნოდათ, წვრილფეხა კორუმპირებულებს არ დაერეოდნენ. არჩევნები მოდის და ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს კორუფციას ებრძვიან. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ბრძენი კაცი დაბრუნდა პოლიტიკაში. რაღაცეებს წაიფაფხურებენ, ხალხი რომ დააჯერონ, თითქოს ივანიშვილი წესრიგს ამყარებს. მოკლედ რომ გითხრათ კოსმეტიკური რემონტი აქვთ და წვრილფეხობას აწმინდავენ ხელს.
ძალიან ბევრი ვიცინე კიდევ ერთ დაკავებაზე – მარტვილში ვიღაც დაიჭირეს 1.000 კვ.მ. ნაკვეთის მითვისებაზე. სამაგიეროდ ერთი ხმა არ ამოუღიათ, ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ 9.000  კვ.მ რომ მიითვისა აბაშაში. კორუმპირებულმა ჩინოსნებმა ნახევარი საქართველო მიითვისეს და 1.000 კვ.მ-ზე იჭერენ ადამიანს. ამაზეც უნდა დაიჭირო, მაგრამ 9.000 კვ.მ. ფართობი რატომ არ ითვლება, ვერ გავიგე.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა