პროსტიტუცია ახალციხის თურქულ ბარებში – დააკავეს 11 ადამიანი

პროსტიტუცია ახალციხის თურქულ ბარებში - დააკავეს 11 ადამიანიშინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო ერთ კვირაში, 9 ე.წ. „თურქულ ბარსა“ და 5 რესტორანში პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე მხილებულ იქნენ ახალციხესა და ახალქალაქში მდებარე ბარებისა და რესტორნების დროებითი მფლობელები – სულ 11 პირი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გამოძიების ფარგლებში აღნიშნულ ობიექტებზე დასაქმებული 63 ქალი მოწმის სახით პოლიციაში გამოიკითხა. დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები ქალაქ ახალციხეში და ახალქალაქში დროებით მფლობელობაში არსებულ ფართებს გასამრჯელოს სანაცვლოდ ცალკეულ პირებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. ისინი, ასევე აღნიშნულ „თურქულ ბარებში“ მომუშავე სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ, სხვადასხვა ასაკის ქალბატონებს პროსტიტუციაში მოტყუებით აბამდნენ.

პროსტიტუციაში ჩაბმის ყველა ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით პროსტიტუციაში ჩაბმას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.