ბიძინა გუჯაბიძე – “გიორგი შენგელაიას ბოღმიანი გამონათქვამებისთვის სტიპენდიას არავინ მოუხსნის”

“ახალი თაობა” დეპუტატ ბიძინა გუჯაბიძეს ესაუბრა.
– ბატობო ბიძინა, მოგეხსენებათ, გიორგი შენგელია, რომელიც ჯერ ბიძინა ივანიშვილს აქებდა, შემდეგ გადაირია, ბიძინა სტიპენდიას მიხსნისო. უმადურობა ხომ არ გამოდის ინტელიგენციის ამ წარმომადგენლის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ათასგვარი ეპითეტებით შემკობა?
– ინტელიგენტობა სულიერი მდგომარეობაა და სულაც არ ნიშნავს პატრიოტს, ან კინორეჟისორს. შეიძლება ადამიანი არ იყოს კინორეჟისორი, მაგრამ იყოს ინტელიგენტი. რაც 90-იან წლებში ინტელიგენციას დაემართა, კარგზე არაფერზე მეტყველებს.
– რას გულისხმობთ?
– 90-იან წლებში მათ ქცევას. კანონიერ ხელისუფლებას მუშაობა არ აცალეს – ჯერ კიბეებზე ჩამოსხდნენ, შემდეგ ათასგვარ სისულელეს აბრალებდნენ პრეზიდენტს. ფაქტებზე დამყარებული ინფორმაციები არ იყო. მათი ქმედება გამომდინარეობდა პრივილეგიების დაკარგვის შიშიდან, რაც მათ სულიერ მდგომარეობაზე მეტყველებს. ამ ინტელიგენციიდან ზოგი იარაღითაც კი ეხმარებოდა პუტჩისტებს კანონიერი ხელისუფლების დამხობაში და დამოუკიდებლობის გამომცხადებელი ხელისუფლება სისხლში ჩაახშვეს.
– ახლა გამახსენდა შევარდნაძის გამონათქვამი 1992 წლის 6 მარტს, როცა მან თვითმფრინავის ტრაპიდან ფეხი გადმოდგა, თქვა, დიდი მადლობა ინტელიგენციას, რომელმაც იარაღი აიღო ხელში და გამსახურდიას ხელისუფლება დაამხოო.
– გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა მისი მონაწილეობითაც განხორციელდა. ამიტომ მიესალმა ის ინტელიგენციას. შემდეგ ეს მან უარყო, მაგრამ ვიდეოფირები არსებობს, სადაც აშკარად ისმის მისი ხმა.
შეიძლება ადამიანი შეცდა, რაღაც მოტივაცია ჰქონდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგაც ინტელიგენციის იმ ნაწილიდან, რომლებიც იარაღითაც და იდეოლოგიურადაც უზრუნველყოფდნენ პუტჩისტებს, ქვეყნის ნგრევის მოსურნეებს (ბევრი არ დაღუპულა, ცოცხლია), ერთხელ არ გამოუთქვამთ სინანული.
გიორგი შენგელაიას გამონათქვამზე იწერება, რომ მან ბიძინა ივანიშვილზე კრიტიკული აზრი გამოთქვა. კრიტიკა კი არა, უშვერი ლანძღვა, პიროვნების შეურაცხყოფაა და არავითარი საერთო არ აქვს პოლიტიკურ შეხედულებებთან. პოლიტიკური გამონათქვამი არ არის ადამიანის უწიგნურად და გაუნათლებლად მონათვლა და საქართველოს ერთ-ერთი კუთხის კუთხის განქიქება – თითქოს “იმერელი” სალანძღავი სიტყვა იყოს.
– ხომ არ იცით, ბიძინა ივანიშვილს რა აზრი აქვს გიორგი შენგელაიაზე?
– არა. ბიძინა ივანიშვილი არ არის ის კაცი, შენგელაიას დონეზე დავიდეს, ლანძღვა დაიწყოს და რაიმე პასუხი გასცეს შენგელაიას.
როდესაც გიორგი შენგელაიამ დაიწყო ლანძღვა, იფიქრეს, სტიპენდიის მიღება არ უნდაო და შეატყობინეს, თუ არ გინდათ, დაწერეთ განცხადება და უარი თქვით თანხის მიღებაზეო. გიორგი შენგელაიამ ჩათვალა, სტიპენდიას მიხსნიანო და აჟიოტაჟი ატეხა. მერე რაც იკადრა თავისი ძმის სტიპენდიის საკითხზე, იმაზე უარესია, რაც ბატონი ბიძინას მისამართით თქვა.
– წლების წინ მე ინტერვიუს ვწერდი მაშინ გენპროკურორის მოადგილე რეზო ყიფიანთან. ინტერვიუს შემდეგ რეზო ყიფიანმა მეორე ოთახიდან გამოიტანა თავისი მოხსენებითი ბარათი, რომელიც მან გააკეთა სომხეთიდან დაბრუნების შემდეგ. მოხსენებით ბარათში ეწერა, გადატრიალების მონაწილე ინტელიგენციისა და პროკურატურის წარმომადგენლები, რომელთა შორის შენგელაიებიც იყვნენ, როგორ ჩავიდნენ პრეზიდენტ გამსახურდიას დასაპატიმრებლად სომხეთში და სომხეთის ხელისუფლებას სთხოვდნენ მის გადაცემას. იმ დროს გამსახურდია იჯევანში იმყოფებოდა.
– დიახ, ისინი სომხეთის პრეზიდენტს სთხოვდნენ, გამსახურდია დაეპატიმრებინათ და გადაეცათ მათთვის.
– მოხსენებით ბარათში ეწერა, როგორ სთხოვდნენ ისინი სომხეთის პრეზიდენტს გამსახურდიას იზოლაციას მსოფლიო პრესისა და ლიდერებისაგან.
– დიახ, ასე იყო, რამდენიმე პროკურორი და ინტელიგენციის წარმომადგენელი წავიდა ერევანში და ითხოვდნენ გამსახურდიას გადმოცემას.
– იმ მოხსენებით ბარათში რეზო ყიფიანი წერდა, რომ სომხები სამაგიეროდ ჯავახეთთან დაკავშირებით ევაჭრებოდნენ.
– რაზმაძე ხომ გახსოვთ, პუტჩისტების გენპროკურორი რომ იყო, მან ინტერვიუში განაცხადა, სომხებისგან მოვითხოვდით ზვიად გამსახურდია გადმოცემას და სომხებს ვარწმუნებდით, მას ოსი ხალხის გენოციდი აქვს ჩადენილიო. ამას იმიტომ ვეუბნებოდით, გენოციდი უმძიმესი დანაშაულია და იძულებული გამხდარიყვნენ, გამსახურდია ჩვენთვის გადმოეცათო. სომხეთის ხელისუფლება ყოყმანობდა. მათ დაასწრო ჯოჰარ დუდაევმა. აიძულეს სომხეთის ხელისუფლება, ზვიად გამსახურდია დუდაევის ხალხისთვის გაეტანებინათ.
– ყიფიანი ნათლად წერდა, რომ სომხებს უნდოდათ, მესხეთ-ჯავახეთთან დაკავშირებით რაღაც დათმობისთვის მიეღწიათ.
– არ გამოვრიცხავ. რაზმაძე ცდილობდა, საერთაშორისო დანაშაულში ემხილა გამსახურდია, რომ მიეღწია მისი დაპატიმრებისთვის.
– რეზო ყიფიანმა ამ დოკუმენტის შინაარსი ჩაწერის გარეშე გამაცნო. მეორედ სპეციალურად მივედი, დოკუმენტი კიდევ გამოვატანინე, ხმამაღლა დავიწყე კითხვა და მისი ფარულად ჩაწერა. თუმცა, მიხვდა და წამართვა. მერე ისე გარდაიცვალა, ვეღარ დავეკონტაქტე. მინდოდა ეს დოკუმენტი ჩემთვის გადმოეცა. ალბათ, ოჯახში დარჩა, თუ მთავარი პროკურატურიდან წამოსვლის შემდეგ წამოიღო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მოიპოვებს კი ოდესმე გამოძიება მას?
– საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლები, მათ შორის, კოკო გამსახურდია იკვლევდნენ ამ საკითხს. გამსახურდიას საქმის გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის. გამოძიების ფარგლებში შესაძლებელია დოკუმენტის მოპოვება.
– რატომ ხდება, რომ ამ ქვეყანაში დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში ინტელიგენციის ის წარმომადგენლები, რომლებსაც ქვეყნის ნგრევაში დიდი წილი აქვთ, პატივში არიან, ხოლო ვინც მართლა პატრიოტია, დაუფასებელია?
– ეგ დიდი თემაა. ეპოქის ანალიზია საჭირო და დოკუმენტებით დამაგრება, რომ დამსახურებულ ადამიანებს ნაკლები ყურადღება ექცევა, ხოლო დაუმსახურებლები პატივში ჰყავთ. ეს საზოგადოების განსახილველი თემაა და არა – სახელმწიფოსი. სახელმწიფო სამსახურში მე ვერ ვხედავ ვერც ერთ პუტჩისტს. შეიძლება სააკაშვილის დროს ვიღაც იყო.
– მე ვხედავ, მაგალითად, გიგა ბოკერიას. “ახალმა თაობამ” დაბეჭდა ჩემი ინტერვიუ გივი გორგილაძესთან, რომელმაც განაცხადა, რომ 1992 წელს გივი გორგილაძესა (ის მოსკოვში ცხოვრობდა და იმ დროს ჩამოსული იყო) და ვალერია ნოვოდვორსკაიას გიგა ბოკერიამ უნივერსიტეტის ეზოში ავტომატის კონდახით სცემა, დააპატიმრა და ჯაბასთან მეცნიერებათა აკადემიის შენობაში მიიყვანა, სადაც ოფისში ჰქონდა. დღეს გიგა ბოკერია საგამოძიებო კომისიაშია.
– ეგ ძალიან დიდი თემაა. უმრავლესობაში ვერ ვხედავ პუტჩის მონაწილეებს. ოპოზიციაში თუ არის სააკაშვილის ხელისუფლებიდან გადმონაშთი, მათ პასუხი უნდა აგონ, არა მხოლოდ წარსულში, არამედ უახლოეს პერიოდში ჩადენილი დანაშაულის გამო. ამას დრო სჭირდება. ჯერ სიტუაცია მომზადებული არ არის. სახელმწიფოც არ არის ჯერ ისე ძლიერი, რომ ამ ადამიანებს პასუხის აგებინოს. მათ თავისი დამცველები ჰყავთ და ძნელია. ახლა სახელმწიფო სტაბილიზაციის პერიოდშია. ჯერ სახელმწიფო სახელმწიფოს უნდა დაემსგავსოს, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.
– თუ პუტჩისტები არ არიან ხელისუფლებაში, შევარდნაძეც არ არის ცოცხალი, რა უშლის ხელს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას?
– არ ვიცი.
– არ დაინტერესდით და არ იკითხეთ? თქვენ პარლამენტის წევრი ბრძანდებით და, 1992 წლიდან მოყოლებული, ყველა პროცესი, ყველას როლი კარგად იცით. ყველას თუ არა, საზოგადოების ნაწილს ხომ მაინც აინტერესებს ეს საკითხი?
– ეს საჭირბოროტო ეროვნული საკითხია. გარკვეული მცდელობები გვქონდა, ამაზე ყურადღებას ვამახვილებ, მაგრამ სახელმწიფოს ამ საკითხის გარკვევა ამ ეტაპზე არ შეუძლია.
– რატომ არ შეუძლია?
– მხოლოდ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა ხომ არ არის, გასარკვევია, რამ გამოიწვია ეს მკვლელობა, რა ვითარება იყო, რა ძალები იყვნენ ჩართული, ეს მარტო ერთი საგამოძიებო ჯგუფის გასარკვევი არ არის, სამეცნიერო თემაცაა. უნდა შეიქმნას ძლიერი დოკუმენტი, რომელიც ისტორიული მნიშვნელობის იქნება. არ იქნება მხოლოდ გამოძიების შედეგები.
გამსახურდიას მომხრეები ჩვენც ვიყავით, კონსერვატორები, გარკვეული წნეხი განვიცადეთ, ზოგი გადაიხვეწა, ზოგი მოკლეს. უნდა გაირკვეს, ვინ რა ჩაიდინა, რა რეციდივები მოჰყვა მაშინ განვითარებულ პროცესებს, რომელიც ტრაგედიით დასრულდა. ყველა საკითხს ძირფესვიანად უნდა შესწავლა. რა ძალები მოქმედებდნენ, ამაზე დოკუმენტი უნდა დაიდოს.
– ბიძინა ივანიშვილმა იცის, რა განწყობა აქვს მოსახლეობას იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ის სტიპენდიას უხდის?
– ბიძინა ივანიშვილი ასე ცალ-ცალკე ვინმეს ბიოგრაფიას არ განიხილავს და ისე არ უნიშნავს დახმარებას. მან შექმნა ფონდი, რომელსაც აქვს წესდება და იმის მიხედვით მოქმედებენ. დებულებაში წერია, საზოგადო მოღვაწეს რა რაოდენობის პენსია უნდა დაენიშნოს, სხვა კატეგორიას – რამდენი.
– ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგებისგან მოვისმინე, რომ ინტელიგენციისთვის დახმარების მაგივრად, სჯობს, ადამიანების ჯანმრთელობის სამედიცინო გამოკვლევა დააფინანსოს ხან ერთ, ხან მეორე რაიონში, ან ავადმყოფ ბავშვებს მკურნალობის ფული გადაუხადოს.
– მეც წავიკითხე ასეთი მოსაზრებები, მაგრამ ერთ ადამიანს, რაც უნდა დიდი მატერიალური შესაძლებლობისაც უნდა იყოს, გაუჭირდება ყველა მასშტაბის განსაზღვრა. ბიძინას დაფინანსებული აქვს ძალიან ბევრი ბავშვის მკურნალობის ხარჯები. ბუბა კიკაბიძესა და ალექსანდრიას მათივე მოთხოვნით შეუწყვიტეს დაფინანსება.
– ბუბა კიკაბიძეს რად უნდოდა დაფინანსება, როდესაც რესტორნების ქსელი აქვს. როცა ერთი რესტორანი გახსნა, მაშინ უნდა ეთქვა, დაფინანსება არ მინდაო.
– ბუბა კიკაბიძისთვის დაფინანსების საკითხი ცალკე კი არ განხილულა, ზოგადად ხელოვან ხალხზე გაიცა. ბიძინა ივანიშვილს ცალ-ცალკე ეს თემები არ განუხილავს.
– სია ვინ გადასცა?
– იმდროინდელმა კულტურის სამინისტრომ ფონდს სიები გადასცა. ეს ახალი დანიშნული ხომ არ არის. ბიძინა ივანიშვილი 20 წელია, ადამიანებს სტიპენდიას უხდის.
– გადაიანგარიშეს და გიორგი შენგელაიას 700 ათასი აქვს აღებული. სირცხვილი არ არის, რომ გამომდგარა და ტირის, სტიპენდიას მიხსნიანო?
– სირცხვილია, მაგრამ მის ბოღმიან გამონათქვამებზე შენგელაიას სტიპენდიას არავინ უხსნის.
გულიკო ბალაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018