მანუჩარ მაჩაიძე – “დაუმთავრებელი სახლებისთვის სიმაღლის გაზრდა ძალიან სახიფათოა”

მანუჩარ მაჩაიძე - "დაუმთავრებელი სახლებისთვის სიმაღლის გაზრდა ძალიან სახიფათოა"“ახალი თაობა” ყოფილ დეპუტატს, თბილისის საკრებულოს ყოფილ წევრს მანუჩარ მაჩაიძეს ესაუბრა.
– მამუკა ბახტაძემ მთავრობის რეორგანიზაციზე კიდევ გააკეთა განმარტებები. მისი თქმით, ბიუროკრატიული ხარჯები შემცირდება. ეს რეალურია?
– რატომაც არ არის რეალური! მთავარი ნებაა, თორემ, ხარჯების დაზოგვა შეუძლებელი მაშინაც არ არის, თუ შტატები არ მცირდება. შესამცირებელია ავტომობილების ხარჯი, ასევე საგნებისა და ნივთების მოცულობა და ღირებულება. ბოლოს და ბოლოს, ხელფასები შეიძლება შეიკვეცოს. საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასები მაღალია. სხვაგან ბევრად დაბალი ხელფასებია.
– რეფორმირებულ თურქეთში, რომელსაც ავტორიტარული სახელმწიფოს იმიჯი აქვს, სულ 16 სამინისტროა. ჩვენ 11 მინისტრი გვეყოლება. ჩვენისთანა ქვეყნისთვის ეს ბევრია.
– მთავარია, რომ ხელისუფლებამ ამას მიხედა. მიმაჩნია, რომ ძირფესვიანი რეფორმებია გასატარებელი ყველა სფეროში.
– რეფორმები შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ტარდება.
– რეფორმებზე პრეტენზია სააკაშვილს და მის ხელისუფლებას აქვს. მაშინ რაღაცის შეცვლა მართლაც დაიწყო, მაგრამ ვაი ამ შეცვლას! ეს უმეტესად ფასადური და “სიაფანდი” გარდაქმნები იყო. თუ რაიმეს რეფორმირება მოახდინეს, იმან არ გაამართლა.
– “ქართულ ოცნებას” ამაზე 2012 წლიდან უნდა ეზრუნა.
– ეს ახლა მაინც უნდა გაკეთდეს. ძირეული რეფორმები საჩქაროა. სააკაშვილის დროინდელ რეფორმებს გადახედვა უნდა.
– ხალხს უამრავი პრობლემა აქვს და სამინისტროების გაერთიანებით ან თუნდაც ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცით მოუბრუნდება გული ხელისუფლებაზე?
– მარტო ამით ხალხის მომადლიერება არ გამოვა. საზოგადოება რომ ხელისუფლებისკენ შებრუნდეს, სხვა ნაბიჯებიც საჭიროა. კერძოდ, ამ დანაზოგის ხალხისკენ მიმართვა, რასაც მთავრობა აპირებს. სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, პენსიების მატება მოსახლეობას ჰაერივით სჭირდება. მახინჯი სისტემა მთლიანად უნდა შეიცვალოს. ნაციონალებმა მანკიერი სისტემა შექმნეს.
– ოპოზიციურ სპექტრს დღეს ნაციონალები და მათი განაყოფები აყალიბებენ.
– ასეთი სიტუაცია ხელოვნურად შექმნეს. ვიღაცას უნდოდა, რომ საქართველოს პოლიტიკაში მხოლოდ დაშლილი ნაციონალური მოძრაობა და “ქართული ოცნება” ყოფილიყო. ჯერჯერობით ასეთი სურათი შენარჩუნებულია. ბუნებრივია, რომ ეს კარგი არ არის და არ შეეფერება დემოკრატიულ სახელმწიფოს. ასეთი მდგომარეობა იწვევს სტაგნაციას და გაუარესებას სხვადასხვა სფეროში. სხვა პოლიტიკური პარტიები არ უნდა იყვნენ შევიწროებული. ყველა აქტიურ ძალას დაახლოებით ერთნაირი პირობები უნდა ჰქონდეს. ასეთი უთანასწორობა ქვეყნისთვის არის ცუდი. პარტიების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება კარგ შედეგს არ მოიტანს.
– 18 პარტია ინტერპარტიული ჯგუფიდან ერთად მოითხოვს საარჩევნო გარემოს შეცვლას.
– ეს იდეა კარგია. საუბედუროდ, ეს მოთხოვნა ისევ დღის წესრიგში დგას. მრავალი წელია, ამაზე შეკრებები, განხილვები იმართება, მოთხოვნები გაისმის, მაგრამ საარჩევნო გარემო ისევ უთანაბროა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სხვა საკითხზე გავამახვილო მკითხველის ყურადღება. საუბარია უსაფრთხოების ნორმებზე. მე, როგორც მშენებელი, შემაშფოთა ერთმა განცხადებამ. ითქვა, რომ თბილისში, დაუმთავრებელ სახლებს სიმაღლე უნდა გაუზარდონ. ასეთი დაუმთავრებელი სახლი 170-ია. ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლება.
– თუ ამ სახლებს ზემოდან დააშენებენ სართულებს, რომლებიც თავდაპირველად არ იყო დაგეგმილი, ეს სახიფათოა?
– სწორედ ამის თქმა მინდა. არ შეიძლება სიმაღლის გაზრდა და ზედმეტი დაშენება. ჩვენ ისედაც სეისმურ ზონაში ვცხოვრობთ, მშენებლობებისას კი ხანდახან ნორმები ისედაც ირღვევა. ასეთი დარღვევები კომუნისტების დროსაც იყო. ზედმეტი პრობლემები მაინც არ უნდა შევქმნათ, თორემ, შეიძლება ასეთი “გაზრდილი” კორპუსები თავზე ჩამოგვემხოს.
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა