რომან გოცირიძე – “ბანკებზე შეტევა ძალიან საშიშია – პრობლემა ჭარბვალიანობა კი არა, ვალგადაუხდელობაა”

რომან გოცირიძე - "ბანკებზე შეტევა ძალიან საშიშია - პრობლემა ჭარბვალიანობა კი არა, ვალგადაუხდელობაა"“ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.
– ბატონო რომან, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ჭარბვალიანობას, ბანკების თემას და ასე შემდეგ. ორმა ბანკმა გადაჭამა ქვეყანაო. როგორ გაიგეთ მისი ეს განცხადება და რატომ მიადგა ბანკებს მაინცდამაინც ახლა?
– ეს ჭარბვალიანობა არის გამოგონილი ლეგენდა და როგორც ირკვევა, ეს წინასწარ იყო მოფიქრებული კვირიკაშვილის მოსახსნელად და მის წინააღმდეგ ასეთი იდეოლოგიური ფრონტის შესაქმნელად. ხოლო მეორეს მხრივ, ამ ჭარბვალიანობის თემით უნდოდათ გაეროს ბავშვთა ფონდის გამოკვლევის შედეგების გადაფარვა, როდესაც აღმოჩნდა, რომ სიღარიბე ქვეყანაში გაიზარდა და ეს სიღარიბის ზრდა უნდოდათ გადაებრალებინათ ჭარბვალიანობისთვის და ამით დაეჭირათ ორი კურდღელი. მესამე კურდღლის დაჭერაც სცადეს და ეს იყო შეტევა ბანკებზე, რაც პირდაპირ გაიშიფრა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში.
– რას გულისხმობთ?
– მან პირდაპირ დაასახელა საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი და ბანკებზე შეტევის მიზეზიც კარგად გამოჩნდა.
– რა გაიშიფრა, რომ ამ ორ ბანკს ემტერება?
– რა თქმა უნდა. მან პირდაპირ თქვა, რომ ამ ორმა ბანკმა გაძარცვა და გადაჭამა ქვეყანა. ყველა პრობლემა შეახოცა კვირიკაშვილს და ბანკებს და ამის იდეოლოგიურ საფუძვლად ეს ჭარბვალიანობა მოიშველია. ეს ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს წამოიწყო ბახტაძემ და მაშინ უთხრიდა ძირს კვირიკაშვილს. ხოლო ბანკებზე შეტევა ასევე გამომდინარეობდა მისი კომერციული ინტერესებიდან.
– რომელი ინტერესებიდან?
– ორი დიდი ბანკიაო და კარგი იქნება, მესამე ბანკი თუ შეიქმნება, რომელიც კონკურენციას გაუწევსო. ყველამ კარგად ვიცით ლიბერთი ბანკის ახალი მეპატრონის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მას უნდა, რომ იყიდოს ქართუ ბანკი. სინამდვილეში ეს ყიდვა ნიშნავს ორი ბანკის შეერთებას და ამით საფინანსო ბაზარზე, გარდა პოლიტიკური ინტერესისა, თავისი ეკონომიკური ინტერესების დამკვიდრებას. თუმცა, ორი ბანკის შეერთება არაფერს არ იძლევა თუკი ის ბანკი არ იქნება ისეთივე ხარისხიანი პროდუქციის მიმწოდებელი, რომელსაც აღიარებს მსოფლიო და რომელიც ლონდონის ბირჟაზეა გასული. ქართუ ბანკს და ლიბერთი ბანკს ჯერ წესიერი ანგარიშსწორების სისტემაც არ აქვთ აწყობილი და ლონდონის ბირჟაზე გასასვლელად მათ ასი წელი დასჭირდებათ ამნაირი ტემპით.
– რა მესიჯები გააგზავნა ივანიშვილმა ამ გამოსვლით?
– ფაქტია, რომ მის გამოსვლაში გამოჩნდა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ინტერესები.
– ჭარბვალიანობაზე რას იტყვით?
– რაც შეეხება ამ ჭარბვალიანობის საკითხს, საქართველო არის ზუსტად იმ პარამეტრებში, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში სესხების მოცულობით, როგორც არის ძირითადი განვითარებადი ქვეყნები და არავითარი განსაკუთრებული გადახრა საქართველოს მაგალითზე არ ხდება.
რაც შეეხება ვალის დაბრუნების პროცენტს, ის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა არამარტო თავის მსგავს ქვეყნებში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან მიმართებაში.
– მაშინ სადაა პრობლემა? ან ოპოზიცია რატომ აკრიტიკებდა?
– ძალიან ბევრი პრობლემაა. ჩვენი კრიტიკა მიმართული იყო ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, ხოლო ივანიშვილის კრიტიკა მიმართულია ძალაუფლების შესანარჩუნებლად და პოლიტიკურად ამ სისტემის ძირის გამოსათხრელად, ვგულისხმობ საბანკო სისტემას, რაც ეკონომიკას დაანგრევს.
ჩვენ ვამბობთ, რომ პრობლემა არის მთავრობაში, რომელმაც გააუფასურა ლარი, რომლის ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოიწვია ფასების ზრდა და რეალურად მოსახლეობას ჭარბი ვალი არ აქვს.
– აბა რა აქვს?
– მოსახლეობას არ აქვს აღებული ვალის გადახდის უნარი. ანუ ჭარბვალიანობის პრობლემა კი არ არის, ვალგადაუხდელობის პრობლემაა, მთავრობის არასწორი პოლიტიკიდან გამომდინარე. ხოლო სიღარიბის ზრდა ქვეყანაში გამოიწვია ლარის გაუფასურებამ, სამუშაო ადგილების დაკარგვამ, მცირე და საშუალო სექტორში დაბალმა ეკონომიკურმა ზრდამ. ფასების მატებამ განსაკუთრებით იმ სეგმენტში, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ დააწვა დაახლოებით 800 ათას პენსიონერს და გამოიწვია რეალური შემოსავლების კლება. ხდებოდა შემოსავლების არაინკლუზიურად გადანაწილება.
– ეს რას ნიშნავს?
– ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარეობდა შემოსავლის კორუფციულად და ელიტარულად გადანაწილება. აი, ასეთმა ფაქტორებმა საბოლოოდ ქვეყანა მიიყვანა სიღარიბემდე.
“ქართული ოცნების” 6 წლიანი მუშაობა საკუთარი პირით შეაჯამა ივანიშვილმა და აღიარა, რომ ეს დამთავრდა კრახით და ქვეყანა უფრო ღარიბია, ვიდრე იყო.
– ამ პრობლემის გამოსწორების მცდელობა აქვს ივანიშვილს?
– არა, უბრალოდ, ამ პრობლემის გადასაფარავად მან მოიგონა განტევების ვაცი და ეს არის კვირიკაშვილი და მისი გუნდი, მათ შორის, გუბერნატორებსაც დაერივნენ.
ეს არ ნიშნავს, რომ კვირიკაშვილის მინისტრები, ან გუბერნატორები არ იყვნენ სიღარიბის შექმნაში, ან კორუფციაში მონაწილეები, მაგრამ როდესაც ერთი მინისტრი არის კორუმპირებული თუნდაც ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მას ხელს არ ახლებ და მშვენივრად აგრძელებს საქმიანობას ბიზნეს სფეროში და მეორეს, თუნდაც კორუმპირებულს, სჯი და დასჯის მიზანი არის პოლიტიკური, მაშინ ეს არის პოლიტიკური დევნა!
ამიტომ, როგორი დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეთ მათ ჩადენილი, მიზანი არის პოლიტიკური დევნა და ხელის შეხოცვა. ასევე დაშინება.
– დაშინება რისთვის?
– რომ ძველმა მინისტრებმა ხმა არ ამოიღონ. ასევე დაშინება დღევანდელი მინისტრებისა და თანამდებობის პირების, რომ ყველას ასე მოუვა. ყველაფერ ამას ასდის პოლიტიკური სუნი და ამას ჰქვია პოლიტიკური რეპრესიები.
კვირიკაშვილის მიმართ საქმის აღძვრა, ან თუნდაც მუქარა, რომ საქმეს აღვძრავთ, ნიშნავს იმას, რომ იგი გააჩუმონ.
– გააჩუმონ?
– დიახ, არავინ იცის, რას იტყვის კვირიკაშვილი თუნდაც იგივე აფგან მუხთარლის საქმეზე, მის გატაცებასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაური იყო და ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს. შეუძლებელია, ასეთი მნიშვნელოვანი საქმე ივანიშვილთან არ ყოფილიყო შეთანხმებული, რადგან ივანიშვილი არასდროს იდგა განზე ქვეყნის მართვისაგან.
– ანუ ეშინიათ, კვირიკაშვილი არ ალაპარაკდეს და ამით მის გაჩუმებას ცდილობენ?
– რასაკვირველია. ან თუნდაც ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე რას იტყვის, როგორ ერეოდა იგი საკადრო ცვლილებებში. ყველამ კარგად იცის, როგორ დაუნიშნა გახარია და ბახტაძე კვირიკაშვილს. კვირიკაშვილმაც მშვენივრად იცოდა, რომ ბახტაძე უნდა ყოფილიყო მისი შემცვლელი. ბოლოს კვირიკაშვილს კარის გაჯახუნება და ოდნავი უკმაყოფილების გამოთქმაც კი არ აპატიეს და ივანიშვილი მას სამაგალითოდ სჯის.
– ბანკების თემით დავიწყეთ და ამითვე დავასრულოდ. რადგან ივანიშვილმა ახსენა ორი ძლიერი ბანკი, საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ მათ სერიოზული პრობლემები შეექმნათ?
– ამ ბანკების სიძლიერე იმაშია, რომ, მაგალითად, საქართველოს ბანკს არ ჰყავს ქართველი აქციონერი. საკონტროლო პაკეტს არ ფლობენ ქართველები, ეს ბანკი არის ლონდონის ბირჟაზე და ყოველდღე იცვლება მათი მესაკუთრე და მისი ძირითადი აქციონერები არიან საერთაშორისო კომერციული ფონდები და ფირმები. უშუალოდ მესაკუთრეზე გავლენა ძალიან ძნელია. თუმცა შეუძლიათ აქ შეუქმნან დიდი პრობლემა იგივე საგადასახადო სამსახურით.
– თიბისი ბანკზე რას იტყვით?
– თიბისი ბანკში მამუკა ხაზარაძე და ჯაფარიძე არიან მნიშვნელოვანი აქციონერები, ოღონდ მათაც არ აქვთ საკონტროლო პაკეტი. ეს ბანკიც ლონდონის ბირჟაზეა და მასაც აქვს საერთაშორისო იმუნიტეტი და ასე ადვილი არ არის მისი დაჩაგვრა.
ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს განცხადება, რომელიც ბანკებზე შეტევას გულისხმობს, არის ძალიან საშიში. ერთია, როდესაც ვაკრიტიკებთ ჩვენ, ოპოზიცია, აბსოლუტურად სამართლიანად და ოპოზიციის გავლენა სხვა არის და სულ სხვაა ქვეყნის რეალური მმართველის გავლენა, რომელსაც ამავდროულად ფინანსური ინტერესები აქვს. მისი მხრიდან ეს არის უპასუხისმგებლო კრიტიკა.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა