შსს – ტაქსის მძღოლმა გლდანში მგზავრი გააუპატიურა და გაძარცვა – მოძალადე დაკავებულია

შსს - ტაქსის მძღოლმა გლდანში მგზავრი გააუპატიურა და გაძარცვა - მოძალადე დაკავებულიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში მომხდარი ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავა.

შემთხვევა გუშინ ღამით გლდანში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონამ ტაქსი გააჩერა და მძღოლს გლდანში წაყვანა სთხოვა, გზად მძღოლმა გოგონა ლუდზე დაპატიჟა, რასაც იგი დასთანხმდა, ამის შემდეგ მძღოლმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა ქალზე იძალადა და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები წაართვა და ქუჩაში დატოვა. დაზარალებული ამ დრომდე კლინიკა „ლანცეტში“ მკურნალობს:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის 30 ივლისს, ღამით, ახალგაზრდა ქალმა გლდანში მდებარე ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დახმარება სთხოვა. ქალმა, ასევე, გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ აცნობა და პატრულ-ინსპექტორებს მოძალადის – მისთვის უცნობი ტაქსის მძღოლის მონაცემებიც აღუწერა. ქალი სხეულზე მიყენებული დაზიანების გამო საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ძალადობისთვის ნასამართლევი დ.ც. დააკავეს. ჩხრეკის შედეგად, ნაძარცვი ნივთები ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ნიუპოსტი