სოსო ცინცაძე – “მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილსაც და სხვა წვრილფეხობასაც მარტივად ააყირავებს”

სოსო ცინცაძე - "მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილსაც და სხვა წვრილფეხობასაც მარტივად ააყირავებს"პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებსა და სავარაუდო კანდიდატებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი რამდენად შეიძლება პარტიის გარეთ იყოს, მაგალითად სალომე ზურაბიშვილი?
– მთელი საიდუმლოება, ინტრიგა მდგომარეობს იმაში, რომ მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას კატა-თაგვობანას ეთამაშება. მარგველაშვილი ერთობა იმით, რომ ასეთ დაძაბულ, სტრესულ მდგომარეობაში ამყოფებს ხელისუფლებას. “ქართულ ოცნებაში” კარგად ესმით, რომ თუ მარგველაშვილი დააყენებს თავის კანდიდატურას, მაშინ სალომე ზურაბიშვილი, ნებისმიერი სხვა წვრილფეხობა, მოქმედ პრეზიდენტს ვერ გაუძლებს.
– ასე ფიქრობთ?
– რასაკვირველია, მარგველაშვილი ერთი ხელით ააყირავებს მათ. თუ მარგველაშვილმა არჩევნებში კენჭისყრაზე უარი თქვა, მაშინ უკვე შეიძლება ნებისმიერი მათგანი იყოს – სალომე ზურაბიშვილიც, უმრავლესობის ლიდერიც, ვიცე-სპიკერი ქალბატონიც და სხვებიც.
სალომე ზურაბიშვილს ყველა მხარს არ უჭერს და ეს უკვე “ოცნების” წევრების კომენტარებში ჩანს. რთული პიროვნებაა, არ მგონია, რომ ის მისაღები იყოს ყველასთვის. 2012 წელს, როდესაც კოალიცია დგებოდა, სწორედ ამ ნიშნით იქნა ის დაწუნებული სხვა პარტნიორების მიერ.
ახლა გასარკვევია ინფორმაცია იმის შესახებ, დატოვა თუ არა მან საფრანგეთის მოქალაქეობა.
– ჩემი ინფორმაციით, დატოვა.
– თუ მართლაც სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა დატოვა, ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. არ მგონია, რომ მას საფრანგეთის მოქალაქეობა დაეტოვებინა ტყუილად. ეს უკვე იმაზე მიგვანიშნებს, რომ მან უკვე მხარდაჭერის საიმედო გარანტია მიიღო. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მგონია, რომ ასე ადვილად შელეოდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეობას.
კიდევ ერთი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი, ის არის ქალი. ახლა ქალები პოლიტიკაში მოდაში არიან. ამდენად, გენდერული კუთხით ქალი პრეზიდენტი მით უფრო ახლა ძალიან აწყობს საქართველოს. ხომ არ შეიძლება მუდამ ნეგატიურ კონტექსტში ვიყოთ, რომ ველურები ცხოვრობენ საქართველოში, აგერ უდანაშაულო ამერიკელი ოჯახი ამოწყვიტეს. ამიტომ რაღაც სვლაა საჭირო – ქალი პრეზიდენტი უკვე კარგია. თუმცა, მე არ ვიცი იქნება კი კონსენსუსი ზურაბიშვილთან დაკავშირებით გუნდში?!
– ოთარ კახიძემ თქვა, რომ მათი კანდიდატი სასიამოვნო სიურპრიზი იქნება საზოგადოებისთვის. შეიძლება ისინიც პარტიის გარეთ ეძებენ კანდიდატს?
– შეიძლება, მაგრამ თუ სიმართლე გინდათ, ხალხისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება არა “ევროპული საქართველოს” კანდიდატი, არამედ მედიკამენტებზე ფასების დაკლება, ტარიფების შემცირება და პენსიის გაზრდა.
ვინ იქნება მათი კანდიდატი, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ განცხადებაში ინტრიგა უფროა, ვიდრე რეალობა, რადგან ასევე გვითხრა კახიძემ, რომ მოქმედი პოლიტიკოსია ეს კანდიდატი. დღეს ვერ დამისახელებთ ვერც ერთ მოქმედ პოლიტიკოსს, გნებავთ ოპოზიციიდან, გნებავთ ხელისუფლებიდან, რომელიც ხალხის აღფრთოვანებას და მით უფრო სასიამოვნო განწყობებს იწვევდეს.
პოლიტიკოსებმა კარგად იციან, რომ ისინი დღითიდღე კარგავენ ხალხში პოპულარობას და ამიტომ მათ უწევთ კადრების თუ კანდიდატების სხვაგან ძებნა. ეს კარგის ნიშანი ნამდვილად არ არის. წარმოგიდგენიათ თუნდაც 5-10 წლის წინ რომელიმე პარტიას, მით უფრო მმართველ პარტიას, თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი სადმე სხვაგან ეძებნა?! ეს ალბათ შოკი იქნებოდა ამომრჩევლისთვის, ამას ვერავინ წარმოიდგენდა.
– ამომრჩევლის ნიჰილისტური განწყობებით ხსნით ამას?
– რა თქმა უნდა! ეს ძალიან ცუდი ნიშანია. ერთადერთი ინტრიგა მთელ ამ პროცესში არის არა ის, თუ ვინ იქნება “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი, აქ ყველაფერი გარკვეულია, მათ არ ჰყავთ კანდიდატი და ისინი გარეთ ეძებენ, იღებენ ბევრ უარს, მაგრამ ვიღაცას მოძებნიან. მთელი ინტრიგა არის ის, რომ მარგველაშვილი მეორე ვადით კენჭს იყრის თუ არა. მარგველაშვილმა ძალიან გროსმეისტერულად, არაფრისგან დაბადა ინტრიგა. ვიყრი – არ ვიყრი, აი, ამ ჟანრში გადაიყვანა და მთელ მმართველ პარტიას ანერვიულებს. ვანგა და ნოსტრა-დამუსი ცოცხლები არ არიან, თორემ “ოცნების” რიგი დადგებოდა.
– მეორე ტურს ელოდებით?
– არა, გამორიცხულია, როგორც ეს გამოირიცხა თბილისის მერის არჩევნებზე კალაძის შემთხვევაში. 2020 წლამდე “ოცნება” არჩევნებზე წაგებას არ დაუშვებს, აქ, ცხადია, მეორე ტურის შესაძლებლობაც იგულისხმება.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა