ბიძინა ივანიშვილი აბასთუმნის სასტუმროში ისვენებს – ,,შემოვიდა ადამიანურად, გადახედა – კანალიზაცია არა, ეს – არა, ის – არა”

ბიძინა ივანიშვილი აბასთუმნის სასტუმროში ისვენებს - ,,შემოვიდა ადამიანურად, გადახედა - კანალიზაცია არა, ეს - არა, ის - არა"საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე აბასთუმანში ოჯახთან ერთად დასასვენებლად ჩავიდა და კურორტზე არსებული მდგომარეობის გაცნობა გადაწყვიტა.

სასტუმრო ,,აბასთუმნის” ხელმძღვანელი გენადი ენდელაძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი აბასთუმნელებს ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელებას დაჰპირდა.

,,შემოვიდა კულტურულად, ადამიანურად. გადახედა, კანალიზაცია – არა, ეს – არa, ის – არა. ხალხს დაუძახა და თქვა, რომ დასახმარებლად ვარ ჩამოსულიო.

ჩამოიარა წყლის სანაპიროები… ყველა ობიექტს ნახულობს, ვის რა დახმარება სჭირდება, მეც მკითხა. თვითონ ნახა ყველაფერი. არ ვიცოდი, აბასთუმანი ასე ძალიან თუ იყო ჩამორჩენილი და აუცილებლად უნდა ვუშველოთო. გამგებელთან ერთად ყველაფერს წერენ და გეგმავენ. სპეციალურად ჩამოვიდა, რომ თავისი ხელი დაატყოს. ტელეფონში უთხრა ვიღაცას, სასწრაფოდ გაამზადეთ პროექტიო, მაგრამ ვის ესაუბრა, არ ვიცი”, – აცხადებს გენადი ენდელაძე.

ბიძინა ივანიშვილის აბასთუმანში ყოფნისას სარეაბილიტაციო სამუშაოების შესამოწმებლად კურორტზე ვიცე-პრემიერიც ჩავიდა.

მმართველი პარტიის ლიდერი სასტუმრო ,,აბასთუმანი რეზიდენსში” ისვენებს. ადგილობრივ მცხოვრებთა განმარტებით, ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ე.წ. არაზინდოს დასახლება და აბასთუმნის ობსერვატორია მოინახულა. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალების შესახებ არაფერს ამბობს მერის წარმომადგენელი აბასთუმანში. გიორგი გედევანიძე ყურადღებას ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ვიზიტზე ამახვილებს და რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ დაგეგმილი სამუშაოები პროექტის მიხედვით ხორციელდება.

ბიძინა ივანიშვილი აბასთუმნის სასტუმროში ისვენებს - ,,შემოვიდა ადამიანურად, გადახედა - კანალიზაცია არა, ეს - არა, ის - არა"აბასთუმნის გარდა, ბიძინა ივანიშვილი ახალციხეშიც იმყოფებოდა. ციხის დირექტორის დავით ტაბატაძის თქმით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ოჯახსა და პარლამენტის წევრ გივი ჭიჭინაძესთან ერთად ახალციხის ციხე დაათვალიერა.

,,ციხე და მუზეუმი დაათვალიერა. ციტადელზე აღარ ასულა, დროის სიმცირის გამო. გიდი მოემსახურა და დაახლოებით ერთ საათს გაჩერდა“,– ამბობს დავით ტაბატაძე.

სარეაბილიტაციო სამუშაოები აბასთუმანში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ადგილობრივებთან ერთად არის გადაღებული.

რადიო თავისუფლება