რევაზ არველაძე: “ოცნებამ” არც ერთ კანდიდატს არ უნდა დაუჭიროს მხარი – სალომე ზურაბიშვილის ადგილზე მე სხვანაირად მოვიქცეოდი”

რევაზ არველაძე: "ოცნებამ" არც ერთ კანდიდატს არ უნდა დაუჭიროს მხარი - სალომე ზურაბიშვილის ადგილზე მე სხვანაირად მოვიქცეოდი"“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი რევაზ არველაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებსა და კანდიდატებზე საუბრობს.
– ბატონო რევაზ, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე კვირიანი ტაიმაუტი ავიღეთო. თქვენ რას იტყვით, როგორი განწყობაა გუნდში კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის მიმართ?
– მე ვფიქრობ, რომ განწყობა დადებითია. თუმცა, ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო და ახლაც ამას ვაფიქსირებ, რომ მმართველ პარტიას აუცილებლად უნდა ჰყავდეს თავისი კანდიდატი, მაგრამ რადგან გადაწყვეტილება მიღებულია, რომ არ უნდა დავაყენოთ ჩვენი პარტიის კანდიდატი და დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა დავუჭიროთ მხარი, საბოლოოდ ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. ვის, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.
– ტაიმაუტზე რას იტყვით?
– ტაიმაუტი სწორი გადაწყვეტილებაა. არ არის გამორიცხული, რომ 8 სექტემბრამდე კიდევ გააკეთოს ვინმემ განაცხადი. იქნებ ვინმე ისეთი გამოჩნდეს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ჩათვალოს, რომ უკეთესია, მას დაუჭიროს მხარი. ჯერ წარდგენილ კანდიდატებს შორის სალომე ზურაბიშვილი მაინც ყველას ჯობია.
– გია ხუხაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანია შეიძლება მის ანტიკამპანიად იქცეს. თქვენ ასეთ ელემენტებს ხედავთ?
– მე რომ კენჭს ვიყრიდე, არავის დავუწყებდი ჭკუის სწავლებას. რა თქმა უნდა, ზოგი ჟურნალისტი თავის ფუნქციას კარგად ასრულებს და ზოგი ვერა, ეს სრულიად ბუნებრივია, მაგრამ მან როგორც გამოხატა თავისი პოზიცია კონკრეტულად ჟურნალისტებთან მიმართებით, მე ასე არ გამოვხატავდი ჩემს პოზიციას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო კამპანია იწყება. პირიქით, ამ კამპანიის დროს უნდა ეცადო, რომ ყველაზე დადებითი გავლენა მოახდინო, განსაკუთრებით ჟურნალისტებზე, რომლებზეც საკმაოდ სერიოზულად არის დამოკიდებული, თუ როგორ პიარს გაგიკეთებენ.
გნებავთ სამაჩაბლოს ომთან დაკავშირებით მე სხვანაირად წარმომიდგენია, სხვანაირად შეიძლებოდა. მე ასე არ წავიყვანდი ჩემს წინასაარჩევნო კამპანიას, რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, მან ალბათ მშვენივრად იცის, როგორ წაიყვანოს ეს კამპანია.
– თუ ალეკო ელისაშვილმა წამოაყენა კანდიდატურა, რასაც ის არ გამორიცხავს, მაშინ შეიძლება გუნდში პოზიციები შეიცვალოს თუ ელისაშვილის მიმართ ნულოვანი განწყობაა?
– ელისაშვილთან დაკავშირებით გუნდში საკითხი არ დამდგარა არავის მხრიდან. ნამდვილად არ ვიცი, დადგება თუ არ დადგება ეს საკითხი. თუ “ქართული ოცნების” გუნდის შიგნით ვინმე დააყენა საკითხი, რომ ელისაშვილს დავუჭიროთ მხარი, მაშინ განიხილება და უმრავლესობაც მიიღებს გადაწყვეტილებას. რა ჯობია, ვის დავუჭიროთ მხარი, ელისაშვილს, ზურაბიშვილს თუ კიდევ ვინმე სხვას.
– “ქართულმა ოცნებამ” საერთოდ არავის მხარი არ დაუჭიროს, ასეთი პოზიციაც არის გუნდში?
– კი, მე პირადად მქონდა ეს პოზიცია და ამის შესახებ ვთქვი იქ, სადაც საჭირო იყო ამის თქმა. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გვყავდეს ჩვენი კანდიდატი. მე ვთქვი, რომ “ქართულ ოცნებაში” არიან ღირსეული კანდიდატები, რომლებიც ბევრად უკეთესი იქნებიან, ვიდრე გიორგი მარგველაშვილი არის. არც სალომე ზურაბიშვილისთვის და არც სხვა არც ერთი კანდიდატისთვის არ შემიდარებია, მე მოქმედ პრეზიდენტს შევადარე ჩვენი პოტენციური კანდიდატი.
თუ ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ არ გვყავდეს ჩვენი კანდიდატი, მაშინ ესეც ვთქვი, რომ უფრო სწორი იქნება, არავის არ დავუჭიროთ მხარი, არც ერთ კანდიდატს. ეს იყო ჩემი პოზიცია, მაგრამ მე, რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს, იმას დავუჭერ მხარს.
– თქვენ უშვებთ იმ შესაძლებლობას, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ?
– პიროვნულად ეს გამორიცხულად მიმაჩნია, მაგრამ შესაძლებლობით, რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია.
– თუ ასე მოხდა, ეს რა იქნება “ქართული ოცნებისთვის”?
– “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არავინ მოვიდეს ისეთი, ვინც ქვეყნის მართვაში შეუშლის ხელს. როდესაც ქვეყნის მმართველი ხარ, მაშინ ამაზე უნდა იზრუნო. სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლის პირველ ეტაპზე ეს ვერ შეძლო.
– პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია როგორია? ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია განსახილველიო, ამბობს ეკა ბესელია, მაგრამ პრეზიდენტის სასახლის აშენებაში მილიონებია დახარჯული და ეს ხალხის ფულია.
– დიახ, ხალხის ფულია და ასეული მილიონებია დახარჯული. რაც შეეხება ჩემს პოზიციას კონკრეტულად პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით, მე ვთვლი, რომ ყველა ქვეყანას მთავრობის სახლი, პრეზიდენტის რეზიდენცია, მისი შესატყვისი უნდა ჰქონდეს. პრეზიდენტის ეს რეზიდენცია იმდენად პომპეზურია, რომ საქართველოს არ სჭირდება ასეთი რეზიდენცია. ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლე სავსებით საკმარისი და ლოგიკური მგონია. შესანიშნავი დარბაზებია, სარემონტი სამუშაობის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო უკეთესი იქნება.
იგივე შემიძლია ვთქვა ქუთაისში პარლამენტის შენობაზე, რომელიც ასევე პომპეზურია და მის შენახვას უზარმაზარი თანხები სჭირდება. ეს იცით რას ჰგავს? თოფის ლულაში ფული რომ ჩატენო და გაისროლო. ასეა გასროლილი 360 მილიონი, რაც დაჯდა ის შენობა, ეს არის უბრალოდ გადაყრილი ფული.
პარლამენტის ქუთაისში ყოფნა ქვეყნის მართვას უშლის ხელს, ძალიან ამუხრუჭებს, ძალიან ბევრ დროს აკარგვინებს მთავრობასაც და პარლამენტსაც.
– პარლამენტი ხომ თბილისში გადმოდის?
– მე ძალიან ვეცადე, რომ ქუთაისი პარლამენტის შეკრების ადგილად რომ იყო მითითებული, ეს ჩანაწერი კონსტიტუციიდან ამოგვეღო, რაშიც საკონსტიტუციო კომისიამ მხარი დამიჭირა. თუმცა, პარლამენტის რეგლამენტის ახალ რედაქციაში ისევ გამოჩნდა ქუთაისი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და გადმოვა თუ არა პარლამენტი სრულად თბილისში.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა