სკანდალი გორში – გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები “გორმედის” რეანიმაციაში შეიჭრნენ

სკანდალი გორში - გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები "გორმედის" რეანიმაციაში შეიჭრნენგორში, სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 60 წლის მამაკაცის გარდაცვალებას პაციენტის ახლობლების მხრიდან საავადმყოფოს მედპერსონალის მიმართ აგრესია მოჰყვა. გარდაცვლილის ნათესავები რეანიმაციულ განყოფილებაში შეიჭრნენ. პაციენტის ოჯახის წევრები მამაკაცის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებდნენ და ემუქრებოდნენ. სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს.

აღნიშნული პირი ,,გორმედში“ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გათენებისას შეიყვანა. კლინიკის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში პაციენტს რეანიმაციულ განყოფილებაში შესაბამისი ღონისძიებები უტარდებოდა.

„პაციენტის სიკვდილის მიზეზი იყო გულის ქრონიკული უკმარისობის და მოციმციმე არითმიის ფონზე განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გარდაცვლილი გადასვენებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე“, – განაცხადა დავით ყაზაიშვილმა.

გარდაცვლილს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში უტარდება.

ინტერპრესნიუსი