მარგველაშვილი – “რუსეთთან ენის მოჩლექვით ლაპარაკმა სიკეთე არავის მოუტანა”

მარგველაშვილი - "რუსეთთან ენის მოჩლექვით ლაპარაკმა სიკეთე არავის მოუტანა"შეგვიძლია დავინახოთ, რომ ენის მოჩლექვით ლაპარაკმა არაფერი სასიკეთო არ მოუტანა იმ ქვეყნებს, ვინც ცდილობდა რუსეთის დამშვიდებას და მიჩუმათებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის -2008 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თუნდაც ყველაზე პრაგმატული გამოცდილებით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ენის მოჩლექვით ლაპარაკმა არაფერი სასიკეთო არ მოუტანა იმ ქვეყნებს, ვინც ცდილობდა რუსეთის დამშვიდებას და მიჩუმათებას. ასევე ვინც ცდილობდა იმ განცდის მიღწევას, რომ ეს შესაძლებელია ერთი ლუკმით ან ორი ლუკმით დამთავრდეს. აგრესორის მადა მხოლოდ იმატებს დაპყრობის და აგრესიის კვალდალკვალ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ რას აკეთებდა საქართველო გასული 10 წლის განმავლობაში და როგორია ქვეყნის სტრატეგია, პრეზიდენტის თქმით, სტრატეგია ასეთია – „საქართველომ ზუსტად იცის რუსეთის გეგმები, რომელიც დაიწყო დამოუკიდებლობიდან პირველივე დღეს და ეს არის საქართველოს შეჩერება რაიმე მექანიზმით, რაც სირთულეს შეუქმნის ქვეყანას“.

„რუსეთის ამ პოზიციაზე პასუხი არის შემდეგი – ჩვენ არაფრის დიდებით არ შევჩერდებით, არც ქვეყნის განვითარების, არც დემოკრატიის გაღრმავების, არც ევროკაშირში ინტეგრაციის და არც ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით. მთელი სტრატეგიული გეგმები, რომელიც საზოგადოებამ დაგვისახა, არის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ ნიშნულებად დასახული და ამ გეგმების შესრულება არის გარანტი იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღდგება მშვიდობიანად. მეორე მნიშვნელოვანი დეტალია, რომ საქართველო არასდროს განიხილავს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღდგენას ძალისმიერი მეთოდებით“, – აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.