თამარ სანიკიძე – “შავი ზღვის უნივერსიტეტის ახალ სტუდენტებს სხვა უმაღლესებში გავუშვებთ”

თამარ სანიკიძე - "შავი ზღვის უნივერსიტეტის ახალ სტუდენტებს სხვა უმაღლესებში გავუშვებთ"განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თამარ სანიკიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება 1 წლით შეუჩერდა, არსებულ სტუდენტებს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ.

რაც შეეხება, იმ აბიტურიენტებს, რომლებიც წელს აბარებდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სანიკიძის თქმით, ისინი მობილობის პრინციპით სხვა ავტორიზებულ სასწავლებლებში დაიწყებენ სწავლას.

“არსებულ სტუდენტებს არავითარი პრობლემა არ აქვთ, ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. შეზღუდვა ეხება მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც წელს აირჩიეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მათთვის ჩვენ გამოვაცხადებთ რიგგარეშე მობილობას, ჯერ უბრალოდ რამდენიმე დღე დაველოდებით რანჟირების დოკუმენტს, რომ ზუსტად ვნახოთ ვინ მოიპოვა ამ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება და წელს მათ შევთავაზებთ სხვა ავტორიზებულ დაწესებულებებს, რომ შეუფერხებლად დაიწყონ სასწავლო წელი”,-განაცხადა სანიკიძემ.

ცნობისთვის, ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.
უნივერსიტეტში აღნიშნულს უსამართლო გადაწყვეტილებას უწოდებენ.

ინტერპრესნიუსი