”არ დავიშლებით, სანამ ფინანსთა მინისტრი ბრძანებას არ შეცვლის” – ტრაილერების მძღოლები შემოსავლების სამსახურთან აქციას აგრძელებენ – ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული

”არ დავიშლებით, სანამ ფინანსთა მინისტრი ბრძანებას არ შეცვლის” - ტრაილერების მძღოლები შემოსავლების სამსახურთან აქციას აგრძელებენ - ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებულიშემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან ტრაილერების მძღოლების აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, ისინი დაშლას არ აპირებენ, სანამ ფინანსთა მინისტრი მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლის და კანონს ხორბლის გადატანასთან დაკავშირებით არ გააუქმებს. აქციის მონაწილეებმა, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ გზის საავტომობილო მონაკვეთი, სავალი ნაწილი დატოვეს და ეკონომიკურ ზონასთან გადაინაცვლეს, რომელიც ამ დრომდე პარალიზებულია.

მათი განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებით სერიოზული პრობლემა ექმნება მათ ოჯახებს, ვინაიდან უმეტესობას ფინანსური ვალდებულებები აქვს აღებული სხვადასხვა ბანკში და ყოველგვარი შემოსავლების გარეშე რჩებიან. აქციის მონაწილეთა ნაწილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მათ არაკონკურენტულ პირობებში აყენებს, ვინაიდან ტვირთბრუნვა მხოლოდ გემით განხორციელდება.

ადგილზე განსაკუთრებული მობილიზებაა სამართალდამცველების, მათ შორის, სპეციალური ეკიპირების მქონე სამართალდამცველებისაც, რომლებიც მიკროავტობუსებში არიან განთავსებულნი.