გია ბარამიძე – „არ უნდა დავუშვათ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა“

გია ბარამიძე - „არ უნდა დავუშვათ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა“2019 წლის იანვრიდან პარლამენტი საქმიანობას თბილისში გააგრძელებს, ხოლო ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. „ახალი თაობა“ ამ თემაზე სასაუბროდ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს გია ბარამიძეს დაუკავშირდა.

_ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი მთლიანად თბილისში გადმოინაცვლებს და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა შსს-ს გადაეცემა. რა რეაქცია გქონდათ, როდესაც ეს პირველად გაიგეთ?

_ სიმართლე გითხრათ, პირველად თქვენგან მესმის. რაც შეეხება რეაქციას, „ქართული ოცნებისგან“ ტყუილი ნამდვილად არ გვიკვირს. კონსტიტუციას როცა ცვლიდნენ, მაშინ თქვეს, პარლამენტს არ ვეხებით და ქუთაისიდან არ გადმოგვაქვსო, ეს იყო ოფიციალური განცხადება. ახლა გაადატრიალეს ფირფიტა, როგორც მათ უფროსს სჩვევია, ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. ეს აღმოჩნდა მორიგი ტყუილი და მავნებლობა.

პარლამენტში ქუთაისში ყოფნის იდეა ჩვენი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანა თანაზომიერად განვითარდეს. არ შეიძლება 4 მილიონიანზე ნაკლებ ქვეყანაში 2 მილიონი ერთ ქალაქში ცხოვრობდეს და დანარჩენი ქალაქები მიტოვებული იყოს. განსაკუთრებით ეს ეხება ქუთაისს, რომელიც ქვეყნის მეორე ქალაქი იყო და უნდა იყოს.

თუ მართლა ეს გააკეთეს, მაშინ დაცლის წინაშე იქნება. მხოლოდ ერთი ქალაქის განვითარებაზე აქცენტის გაკეთება ნიშნავს, რომ დანარჩენი ქალაქები ნელ-ნელა ფუნქციას დაკარგავენ. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. ქუთაისი უნდა განვითარდეს და მეტი ფუნქცია მიეცეს.

ქუთაისის განსავითარებლად მხოლოდ პარლამენტის გადატანა არ იყო ერთადერთი ნაბიჯი. ეს იყო პროგრამის ნაწილი. იქ იყო საუბარი ტურიზმზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზეც და ა. შ.

_ „ქართულმა ოცნებამ“ ეს გეგმა აღარ გააგრძელა?

_ ეს რიტორიკული შეკითხვაა. რა გააგრძელა და რა გააკეთა საერთოდ?! დიდი ზარზეიმით გამოაცხადეს, დიდ უნივერსისტეტს ვქმნითო და დღეს იმ ადგილას ბაყაყები ყიყინებენ. ცნობილია გოგი წულაიას და სხვების იუმორისტული გამოსვლები, თუ როგორ ისმენენ ბაყაყების ლექციებს არაშენებულ უნივერსიტეტში. თვითონ თქვეს, 60.000 სტუდენტი ისწაvლისო, მე ხომ არ მომიგონია?!

ამათ არაფერი ეშველებათ და ამათზე ბევრ ლაპარაკსაც არ აქვს აზრი. მე მჯერა, რომ ამ ხელისუფლების მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზით გაშვების პირველი დიდი ნაბიჯი გადაიდგმება 28 ოქტომბერს, როდესაც მათ რჩეულ კანდიდატს დავამარცხებთ.

_ აღნიშნეთ, ხალხმა არ უნდა დავუშვათ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანაო. ამ თემაზე პროტესტი გექნებათ?

_ პროტესტიც იქნება, მწვავე კრიტიკაც და მჯერა, რომ ქუთაისელებიც გამოთქვამენ საკუთარ ნეგატიურ დამოკიდებულებას. ქუთაისელებს ყველაზე კარგად ესმით, რა არის მათი ქალაქის საჭიროება. არამარტო ქუთაისელებს, არამედ ყველას, ვისაც საქართველოს თანაბარზომიერად განვითარების საშუალება ესმის. მაგრამ, მგონია, რომ მთავარი პროტესტი 28 ოქტომბერს იქნება გამოხატული.

_ არჩევნების წინ რამდენად მომგებიანი იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღება „ქართული ოცნებისთვის“?

_ საერთოდ, რამდენად მომგებიანი იყო მოღალატე კანდიდატურის დასახელება, რომელიც აგვისტოს ომის დაწყებაში საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს და კანაფის კულტივაციას სათავეში ჩაუდგა?! ასეთი კანდიდატის წარმოდგენა რამდენად მომგებიანი იყო?! ბევრი გაოგნებულია და რაღაც თეორიებსაც კი აყალიბებს, რომ აი ივანიშვილს სპეციალურად უნდა, რომ წააგებინოს თავის პარტიას. ალბათ გექნებათ მოსმენილი.

ივანიშვილი უზნეო პოლიტიკას ახორციელებს, მას ქვეყანა თავისი ჰგონია და ფიქრობს, რომ  თავისი მილიარდებითა და ამომრჩევლის დაშინებით მაინც გავა ფონს.

სკანდალი სკანდალზეა. 7-ჯერ 700 მილიონი დაკარგულია მთავრობის ყოფილი წევრების მიერ, რომლებიც ახლა წავიდნენ თანამდებობებიდან. სკანდალი იყო ბიზნესის დატერორებისა და მორიგი ტელევიზიის ჯიბეში ჩადების მცდელობით… ათას სისულელეს და მავნებლობას აკეთებენ, მაგათ ლოგიკას ვინ ჩაწვდება?!

_ არ უშლიდა პარლამენტის ქუთაისში განთავსება ხელს მის სრულფასოვან მუშაობას? ამაზე მარტო ”ოცნება არ საუბრობდა. რამდენიმე დღის წინ დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ პარლამენტი და მთავრობა ერთ ქალაქში უნდა იყოს, რადგან მთავრობის წევრები ანგარიშვალდებულნი არიან პარლამენტის წინაშე და მუდმივად პარლამენტში უნდა დადიოდნენო.  თქვენ არ ფიქრობთ, რომ დისტანცია პრობლემა იყო?

_ ტყუილია ეს. დავით უსუფაშვილს განვიხილავ, როგორც „ქართული ოცნების“ ორბიტაზე მოტრიალე პოლიტიკოსს, რომელიც ცდილობს, რომ რაღაცნაირად ისევ ივანიშვილთან დაახლოვდეს.

_ მწვავედაც აკრიტიკებს ხოლმე ივანიშვილს…

_ რბილად აკრიტიკებს, „მამაშვილურად“. ემანდ ცუდი არ მოუვიდეს.

ამას თავი დავანებოთ, გადავხედოთ, ყოველდღიურად მთავრობის რამდენი წევრი იმყოფება პარლამენტში. პრაქტიკულად ძალიან ცოტა თუ დადის პარლამენტში მთავრობის წევრებიდან. დააყენონ საშველი ავტომაგისტრალის აშენებას, რომელიც უკვე კარგა ხნის გაკეთებული უნდა იყოს წითელი ხიდიდან ბათუმამდე. ამ ვითარებაში თბილისიდან ქუთაისამდე ჩასვლაში რა პრობლემაა?

მსოფლიოს სხვადასხვა დიდი ქალაქში, როცა ერთ ქალაქშია პარლამენტი და მთავრობა, იგივე დრო დასჭირდება, რაც ამ შემთხვევაში უნდა დასჭირდეს.

_ ხომ არ გაქვთ მოლოდინი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ავლაბრის რეზიდენციასაც იგივე ბედი ელის?

_ პრეზიდენტის რეზიდენციას ავლაბარში ვერ მიადგებიან. იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდებიან და მათი ქვეყნის სათავიდან კონსტიტუციური გზით წასვლის საათი დაიწყება.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა