დიმიტრი ხუნდაძე – ”ვანო მერაბიშვილის შეწყალება შესაძლებელია”

დიმიტრი ხუნდაძე - ”ვანო მერაბიშვილის შეწყალება შესაძლებელია”„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ თუ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი მძიმეა, როგორც ამას მისი ადვოკატები საუბრობენ, პატიმრობაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნის შეწყალება შესაძლებელი ხდება.

ხუნდაძე დაავადების სიმძიმეზე მიუთითებს და არა ვანო მერაბიშვბილის გავლენასა და პოლიტიკურ ბექ-გრაუნდზე.

„თუ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად დამძიმებულია, ისე, როგორც სხვა შემთხვევაში იქნებოდა სხვა გვარისა და სახელის პატიმარი შეწყალებული, ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში შესაძლოა ყოფილი მინისტრიც იქნას შეწყალებული” – აღნიშნავს დეპუტატი.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერის შესძლო მოწამვლის ფაქტს, პროფესიით ექიმს ინტოქსიკაციის ვერსიის არ სჯერა.

„ეს არ არის დადასტურებითი განწყობა ჩემი მხრიდან, მაგრამ მე გახლავართ პროფესიით ექიმი, სხვათაშორის იმ დარგთან ახლოს, რაზეც საუბარია. ჩემი არაოფიციალური განწყობით, ეჭვი მეპარება ამ სიმწვავით დაყენებული იყოს ეს საკითხი. ამ ეჭვს დადასტურება სჭირდება, მე სიტუაციას არ ვიცნობ, მაგრამ განწყობა ასეთი მაქვს, ეჭვი მეპარება ამ სიმწვავით ჰქონდეს ვითარება ამ პატიმარს“- თქვა ხუნდაძემ.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ საჭიროა ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდეს.

„აბა გვარ-სახელით გავათავისუფლოთ? ან გვარის გამო დავიჭიროთ? ამ შემთხვევაში დოკუმენტაცია – ჯანმრთელობის ცნობა, მისი სხვა მდგომარეობა უნდა იქნას შეფასებული გვარ-სახელის, წარმომავლობის, პოლიტიკური მრწამსის , ასაკის და გვარისშვილობის მიუხედავად“- უთხრა „ნიუპოსტს“ დიმიტრი ხუნდაძემ.

პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.

მედიკოსები ჰორნერის სინდრომზე საუბრობენ, თუმცა ვერ ადგენენ მის გამომწვევ მიზეზებს.

როგორც ირკვევა, სინდრომს, რომელიც უკავშირდება ნერვული სისტემის გამტარობის დაზიანებას, იწვევს ინსულტი, ფილტვის კიბო, აორტის დაზიანება, ხერხემლის დაზიანება და კიდევ უამრავი სხვა სამედიცინო პრობლემა – მათ შორის მძიმე მოწამვლაც.

მერაბიშვილის ადვოკატები კატეგორიულად მოითხოვენ განმარტებებს სწორედ მერაბიშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ. უფლებადამცველები ყოფილი პრემიერის და საზღვარგარეთ კომპლექსური გამოკვლევებისთვის გადაყვანია აუცილებლობაზე მიუთითებენ.

ადვოკატები ვარაუდობენ, რომ დაავადების პროვოცირება ხელოვნური ინტოქსიკაციით მოხდა.

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

ნიუპოსტი