“ვინც მე მედავება, მეექვსე ცოლს გაშორდა” – თემურ აბაზოვი პატიმრობაში დატოვეს

"ვინც მე მედავება, მეექვსე ცოლს გაშორდა" - თემურ აბაზოვი პატიმრობაში დატოვესრუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ განიხილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შესახებ, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიება არ შეუცვალა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„თვენახევარი ტყუილად ვარ დაკავებული. მესამე სასამართლოა ვიმეორებ, რომ ჩემს დაქვემდებარებაში არ არიან ბრალდებულები. ერთი დეპუტატია, მეორე ნათესავი. მე უშიშროების მეცნიერებათა აკადემია, პოლიციის აკადემია დავამთავრე, მთელი ცხოვრება კრიმინალს ვებრძვი. არ ვარ კრიმინალი.

გეტყვით ვინ არის ის ადამიანი, ვინც მედავება. ადამიანი მეექვსე ცოლს გაშორდა. ხან „ქართულ ოცნებაშია“, ხან „ნაციონალურ მოძრაობაში“. საჩივარი ხან შეაქვს, ხან გამოაქვს. ადამიანი, რომელიც სხვებს შეურაცხყოფას აყენებს. სამსახურში არ დადიოდა, ხელფასს იღებდა. რა დროსაც მეტყვით, გამოვცხადდები. ვარ კანონმორჩილი, ასე გავაგრძელებ. მაქვს ოჯახზე მზრუნველობა აღებული და მინდა ოჯახთან ვიყო”,- აბაზოვმა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მიმართა.

ბრალდებულმა ნაფიცი მსაჯულების მიერ მისი საქმის განხილვაზე უარი განაცხადა.

საქმის არსებითი განხილვა რუსთავის საქალაქო სასამართლოში 20 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

მანამდე დღეს აბაზოვს ​ბრალი დაუმძიმდა. მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტით და სოციალური ქსელებით გავრცელება დაემატა.

13 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მარნეულის მკვიდრი, ელჩინ ალახვერდიევი, ძალით მოაშარდინეს და შარდი სახეზე წაასმევინეს. მარნეულის მერს ინციდენტში მონაწილეობა ბრალდებოდა. თემურ აბაზოვი ამ ინციდენტის საქმეზე 13 ივნისს დააკავეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარნეულის მერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეეფარდა.