ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან ისევ მასშტაბურ აქციებს იწყებს

ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან ისევ მასშტაბურ აქციებს იწყებსხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნილი იყო იმ დარღვევების გამოსავლენად, რა დარღვევებიც გამოძიებაში და სასამართლო პროცესებზე იყო.

„პროკურატურა ისევ ცდილობს მ.კ-ს დააფაროს ხელი და არა მარტო მას, არამედ ყველა იმ დამნაშავეს, რომელიც მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს და მკვლელობას.

კომისიამ რაც გამოავლინა, ეს ფაქტები პროკურატურის მიერ იყო დამალული. არც ერთი ფაქტი არ გამოუკვლევიათ, თუმცა ჰქონდათ ყველა ვიდეო, ფოტო, მაგრამ სპეციალურად გააყალბეს ეს საქმე და დააფარეს ხელი ჩემი შვილის მკვლელებს. მ.კ-ს დაკავების რეკომენდაცია დღემდე უნდა ყოფილიყო შესრულებული, მაგრამ პროკურატურაში განმიმარტეს, რომ არ არსებობს მაღალი სტანდარტის მტკიცებულებები, რომ კალანდია დავაკავოთო, რაც დაადასტურეს მოქმედმა პროკურორებმა.

მათ დაადასტურეს, რომ რა ბრალდებაც არ უნდა წავუყენოთ მ.კ-ს ყველანაირად ვეცდებით, ეს ბრალდება გავაბათილოთო. თქვეს, რომ არ აპირებენ არავის დაჭერას…

ამ კომისიის შექმნასაც დავთანხმდი, რადგან ხალხმა დაინახა რა დარღვევებიც იყო, ვინ არის დამნაშავე და ვინ არა. თან არ მინდოდა ვინმეს ეთქვა, სარალიძეს ხელისუფლების გადატრიალება უნდოდაო. მივეცი სამი თვე და არაფერი არ გააკეთეს, იმის ნაცვლად რომ დამნაშავეები დაეჭირათ, სასამართლო დარბაზებიდან გაათავისუფლეს. ამ შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან მასშტაბურ აქციებს აანონსებს. მისი თქმით, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა ის, რაზეც ცხრა თვეა საუბრობს.