პროკურორი – ”ვეფხია ბაქრაძე თაკო გამრეკელაშვილის შვილს დედამისის მკვლელობაში მონაწილეობას სთავაზობდა”

პროკურორი - ”ვეფხია ბაქრაძე თაკო გამრეკელაშვილის შვილს დედამისის მკვლელობაში მონაწილეობას სთავაზობდა”25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში მონაწილეობის მიღებას ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე მოკლულის მცირეწლოვან შვილს სთავაზობდა.

აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებთან საქმის პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა დაადასტურა.

„აღნიშნულის შესახებ დადასტურდა მოწმეთა დაკითხვებით, მათ შორის, ამასთან დაკავშირებით, მცირეწლოვანმაც ისაუბრა”, – აცხადებს შაიშმელაშვილი.

მისი განმარტებით, დღეს დაკითხულმა მცირეწლოვანმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი დანაშაული სწორად აღიქვა და სასამართლოსაც სწორი ჩვენება მიაწოდა.

“დაიკითხა არასრულწოვანი, გარდაცვლილის შვილი, რომელიც უშუალოდ შეესწრო ჩადენილ მკვლელობას და დეტალურად გადმოსცა, თუ რა ვითარებაში მოკლა ბრალდებულმა ის. ამავდროულად, დაიკითხა ორი ფსიქოლოგი. ერთი ფსიქოლოგი პირველი გამოკითხვის დროს ესწრებოდა არასრულწლოვანის ჩვენებას, მეორე ფსიქოლოგმა არასრულწლოვანთან ჩადენილი დანაშაულის შემდეგ იმუშავა და შეაფასა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

ფსიქოლოგების დასკვნის მიხედვით და მათი ჩვენებებით დადგენილია, რომ არასრულწლოვანმა სწორად აღიქვა მოვლენები და შესაბამისად, სწორად გადმოსცა სასამართლოზე. ორივე ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ არასრულწლოვანმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, როცა თავისი დედის მკვლელობას შეესწრო”, – აცხადებს პროკურორი.

ბარნოვის ქუჩაზე საზარელი მკვლელობა მიმდინარე წლის 13 აპრილს მოხდა.

საქმის მასალების თანახმად, ვეფხია ბაქრაძემ ახალგაზრდა გერი განსაკუთრებული სისასტიკით, მცირეწლოვანების თვალწინ მოკლა.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მოკლულის და, თათია გამრეკელაშვილი, წერს, რომ პირველად 5 წლის დისშვილმა უამბო ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები. მცირეწლოვანი ბავშვი, 4 წლის ძმასთან ერთად დეტალურად ყვებოდა, როგორ გამოჭრეს ყელი დედას და როგორ დატოვა დამნაშავემ შემთხვევის ადგილი.

რაც შეეხება 63 წლის ვეფხვია ბაქრაძეს, ის გერის მკვლელობას აღიარებს, თუმცა არა – დამამძიმებელ გარემოებაში. თუ გამოძიებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა თამარ გამრეკელაშვილის შვილს აიძულა დედისთვს დანა ჩაერტყა და ეს სისასტიკე აყურებინა, მაშინ მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.