გია ხუხაშვილი – “ლევან ყიფიანი არის მოვლენა, რომელიც მეტასტაზებივით მოედო “ქართულ ოცნებას”

გია ხუხაშვილი - "ლევან ყიფიანი არის მოვლენა, რომელიც მეტასტაზებივით მოედო "ქართულ ოცნებას"ქვეყანა ისევ გაუგებრობაშია. ბოლო დღეებში გამოქვეყნებულმა ჩანაწერებმა ერის დიდ ნაწილს პირი დააღებინა, მაგრამ გამაოგნებელი ამბავი წინ გველოდა თურმე.
ამ ამბების მთავარი გმირი ლევან ყიფიანი 3 ოქტომბერს სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
აქამდე გავრცელებული ჩანაწერებით ვიცოდით, რომ ის ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ აცემინა, სარდაფში ჩააგდებინა, სადაც მას გაუპატიურებითაც კი დაემუქრნენ.
გამოკითხვაზე მიმავალი ყიფიანი მედიას დაპირდა, ისეთ ამბებს გაიგებთ, გაგიკვირდებათო. მან მართლაც გაგვაკვირვა – განაცხადა, ჩანაწერებს მე და ზაზა ოქუაშვილი ერთად ვაკეთებდითო.
მისმა აღიარებამ ყველაზე გაწონასწორებული ექსპერტი გია ხუხაშვილიც კი წყობილებიდან გამოიყვანა.
სკანდალურ აღიარებას ის სოციალურ ქსელში ასეთი პოსტით გამოეხმაურა:
“სარდაფში კი არ გამაუპატიურეს, სექსი მქონდა ლოგინში ოქუაშვილთანო. შემპირდა, ჰოლივუდში გავუშვებ ამ პორნოსო და მომატყუა, იუტუბზე დადოვო”
რამ დააწერინა ასეთი რამე, რას ურჩევს ბიძინა ივანიშვილს და ვინ სარგებლობს მისი სახელით? – ამ თემაზე გია ხუხაშვილი “ახალ თაობას” ესაუბრება.
– ლევან ყიფიანის მიცემულ ჩვენებას საზოგადოებაში მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. თქვენი რეაქციაც ძალიან მკვეთრი იყო. ასეთ რამეებს სოციალურ ქსელში არასდროს წერთ და თავიდან ყველამ იფიქრა, რომ ფეისბუქი გაგიტეხეს.
– ეს ნამდვილად ჩემი რეაქცია იყო. ასეთი რამეების დაწერისგან ყოველთვის თავს ვიკავებ, მაგრამ არის რაღაცები, რაზეც ვეღარ გაჩერდები.
ლევან ყიფიანისგან სხვა ჩვენებას არც ველოდი.
თავიდანვე ნათელი იყო, რომ ის ხელისუფლების თამაშს ითამაშებდა, მხოლოდ ის იყო გასარკვევი, ტექნიკურად როგორ შეასრულებდა ამას.
შესრულება იყო მაკიაველის სტილში.
ამას ძალიან არ ჩავუღრმავდები, რადგანაც ყველაფერი გასაგებია და დიაგნოზიც დასმულია. უბრალოდ მინდა, ხელისუფლებამ ერთი მარტივი რაღაც იცოდეს – ყიფიანი არ არის ერთეული მოვლენა. ყიფიანი არის სისტემური მოვლენა, რომელიც მეტასტაზებივით მოედო “ქართულ ოცნებას”.
შესაბამისად, ზაზა ოქუაშვილი კი არ არის მათთვის გადასალახი ბარიერი, ურჩხული შიგნით უზით და იმას მიხედონ. თუ ამის თავი კიდევ აქვთ და ურჩხულმა ისინი მძევლად არ აიყვანა.
ძალიან სამწუხარო ვითარებაში ვიმყოფებით ახლა. ამ ქვეყნის ისტორია აჩვენებს, რომ ეს გზა უფსკრულისკენ მიდის. ბიძინა ივანიშვილს ახლა აქვს ორი ვარიანტი.
მას იმის ილუზია არ უნდა ჰქონდეს, რომ ამ სახით ამ მანკიერ სისტემას შეინარჩუნებს. საქართველოს მსგავს ქვეყნებში ასეთი სისტემა არ არის სიცოცხლისუნარიანი. ადრე თუ გვიან, რაღაც ფორმით ეს სისტემა აუცილებლად განიდევნება.
ივანიშვილს აქვს შანსი, რომ ამ სისტემას გაემიჯნოს, აღიაროს, რომ შეცდომა იყო და რაღაც ახალი და უკეთესი ააშენოს. ამას თუ არ გააკეთებს, მაშინ ასეთი გამოსავალი აქვს – გაინაწილოს პასუხისმგებლობა სისტემასთან ერთად. ამ გადაწყვეტილების მისაღებად მას დიდი დრო აღარ აქვს დარჩენილი.
მის მიმართ ადამიანური სენტიმენტები მაქვს და ძალიან მტკივა გული, ასეთი რამეების თქმა რომ მიწევს.
– მის მიმართ მართლა გაქვთ სიმპატიები, მაგრამ ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებთ.
– მოყვარეს პირში უძრახეს პრინციპით ვმოქმედებ და სიმართლე აუცილებლად უნდა ვთქვა და ეს საჯაროდ უნდა გავაკეთო.
– თქვენი აზრით, რომელ გზას აირჩევს ივანიშვილი, გაემიჯნება თუ სისტემასთან დარჩება?
– როგორც მისი გულშემატკივარი, ვისურვებდი, რომ ქართული სახელმწიფოს სახელით მან ამ სისტემაზე ნაჯახით გაიაროს.
რაც არ უნდა ხდებოდეს ამ ისტორიის უკან, გასაგებია, რომ თაღლითობასთან გვაქვს საქმე. ეს თაღლითები ძალიან მომრავლდნენ და მთელ სისტემას მოედნენ. ეს თაღლითები ბიძინა ივანიშვილის სახელის ბოროტად გამოყენებით პირადი კეთილდღეობის მოწყობას ცდილობენ.
ისინი ცხოვრებას იწყობენ, ყველაფერი ბიძინას ბრალდება. ეს თაღლითები თავის ჭიას ახარებენ. ლევან ყიფიანი ამ სისტემაში ყველაზე დიდი უბედურება არ არის. მასზე ბევრად დიდი პრობლემები აქვს სისტემის შიგნით ბიძინას და ის ამისგან მალე უნდა გათავისუფლდეს.
მან თუ ამ ამბების შემდეგ კიდევ დუმილი შეინარჩუნა და ნაჯახით არ გადაუარა ამ ხალხს, მას ხვალ იმის კომფორტი აღარ ექნება, რომ ამ საზიზღრობაზე ხელები დაიბანოს.
– ამბობთ რომ ის დროშია შეზღუდული. როდემდე აქვს მას დრო, რომ ამ საზიზღრობას გაემიჯნოს?
– დროში ძალიან შეზღუდულია. შემიძლია გავუგო, რომ არჩევნების წინ პარტიაში დიდი წმენდის დაწყება პოლიტიკურად წამგებიანი იქნება. ამიტომ ეს პერიოდი უნდა ვაცალოთ, მაგრამ წლის ბოლომდე ეს საზიზღრობა უნდა დაამთავროს.
– თუ არ დაამთავრებს?
– თუ არ დაამთავრებს, ეს იქნება პასუხი. პასუხი, რომელსაც ისტორია არავის პატიობს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა