მარიამ გოგოსაშვილი – „ჩანაწერების გავრცელების შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვაა“

მარიამ გოგოსაშვილი - „ჩანაწერების გავრცელების შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვაა“პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ჩანაწერების გავრცელების უფლება უნდა შეიზღუდოს. მისი თქმით, ჩანაწერების გასაჯაროების უფლება მხოლოდ საგამოძიებო უწყებას აქვს, რომელმაც იცის, კანონიერად არის მოპოვებული თუ არა ჩანაწერი და რისკებსაც საკუთარ თავზე იღებს.

“კანონის გადაბიჯება უნდა დასრულდეს, რომელიც გულისხმობს ასეთი ჩანაწერების გაშვების აკრძალვას, როდესაც ის არ არის კანონიერად მოპოვებული. ეს ეხება მედიასაც. ეს არ მოეწონა თქვენს რამდენიმე კოლეგასაც. დაიღალნენ ადამიანები, თქვენც, მეც…

როდესაც ყოველდღე გვესაუბრებოდნენ ასეთი ჩანაწერებით, ძილისპირულივით გვესმოდა. მაშინაც სულ ვსვამდი ამ კითხვას, რომ არსებობს ასეთი ჩანაწერების ჩვენების კანონიერი სარჩული, როდესაც მედია ამ ჩანაწერების დემონსტრირებას და საჯაროობას იწყებს?!

დღესაც ეს განცდა მაქვს. ერთადერთი ლეგიტიმაცია, რომელმაც შეიძლება ასეთი ჩანაწერი გაასაჯაროვოს, ეს არის გამოძიება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „პოლიტმეტრი“.

დეპუტატის ეს იდეა ზღუდავს თუ არა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და რას ამბობს კანონი? – ამ თემაზე „ახალი თაობა“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს, მედიასამართლის სპეციალისტ მარიამ გოგოსაშვილს ესაუბრა.

_ მარიამ, დეპუტატი ეკა ბესელია მედიისთვის ჩანაწერების გაშვების აკრძალვას ითხოვს. არის თუ არა ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა?

_ დღეს საქართველოს კანონმდებლობაში მსგავსი აკრძალვა არ გვხვდება. მედიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ეკისრება და არ უნდა დაეკისროს ფარული ჩანაწერების გავრცელებისთვის. რადგან არ აქვს მნიშვნელობა ანონიმურმა წყარომ მიაწოდა თუ ვინ. როგორ მოიპოვა წყარომ კანონიერად თუ უკანონოდ. ფაქტი უნდა შეფასდეს რამდენად აქვს მნიშვნელობა ამ ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის, ეს უფრო მნიშვნელოვანია, თუ ამ კანონის ჩანაწერებში არსებული ფაქტები.

ჩვენი კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ სრულად უზრუნველყოფს მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელებას. რადგანაც საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს.

საუბარი იმაზე, რომ ამ ფორმით ავკრძალავთ და ვიტყვით, რომ არ შეიძლება მედიამ მსგავსი ინფორმაცია გაავრცელოს, ეს არის გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვა.

_ დეპუტატი ბესელია ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური და მას არგუმენტად მოაქვს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლი. რას ამბობს ეს მუხლი?

_ აღნიშნული მუხლი არსებობს მას შემდეგ, რაც მიიღეს სისხლის სამართლის კოდექსი. ეს ხდება 1999 წლიდან. არსებობს ჩანაწერი კერძო კომუნიკაციის დარღვევის წესთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ მსგავსი ჩანაწერი არის უკანონობა.

შემდგომში მოხდა ამის დაზუსტება, განვრცობა. თუმცა, 1999 წლიდან დღემდე მედიის მიმართ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისთვის არ მომხდარა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება. ვერც მოხდებოდა, რადგან ეს მუხლი თავისი არსით არ მოიცავს მედიის მიერ ინფორმაციის გავრცელებაზე უშუალო შეხებას. ეს ეხება იმ პირებს, ვინც ახორციელებენ უკანონო საშუალებებით ჩაწერას და შემდეგ მის გავრცელებას. ამ შემთხვევაში მედია არაფერ შუაში არ არის.

_ ჯერჯერობით ბესელიამ მხოლოდ იდეა გააჟღერა, თუმცა ის არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ამიტომ ეს სახიფათო გზავნილია. თუ მოხდება ამის ინიცირება ამ პროექტის, რა პოზიცია გექნებათ?

_ ასეთი ფორმით ინფორმაციის აკრძალვა პირდაპირ არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შეზღუდვა შესაძლებელია, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს თავისი საზღვრები.

თუ ვამბობთ იმას, რომ მედიამ არ უნდა გაავრცელოს ფარული ჩანაწერები, დაიწყოს კვლევა, ეს ჩანაწერი კანონიერია, უკანონო და ა.შ. გამოდის, რომ საერთოდ აღარ გვექნება საგამოძიებო ჟურნალისტიკა, სადაც ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, სწორედ ჩანაწერებია. ამ ვითარებაში საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულება სრულიად აკრძალული იქნება. ეს თავის მხრივ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველია. ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია იქნება, რომ, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით ასეთი ფორმით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

_ თავის დროზე უოტერგეიტის საქმე სწორედ ამ ჩანაწერებით მოხდა, რასაც ამერიკის პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის სავარძელი ემსხვერპლა, ჟურნალისტმა კი პულიტცერის პრემია აიღო.

_ ჩვენთვის მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალიან მნიშვნელოვანია. ის ფაქტიც, რომ სწორედ სიკეთეების შეფასებით უნდა მოხდეს ინფორმაციის გავრცელება მედიის მიერ, მეტყველებს იმაზე, რომ მედია აფასებს კონკრეტული სახის ინფორმაციას, მნიშვნელოვანია თუ არა მიიღოს საზოგადოებამ ეს ინფორმაცია და რამდენად არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით.

ამიტომ, ეს ტესტი, რაც არსებობს დღეს, უნდა იყოს შეფასებული და არა ის, რომ ავკრძალოთ ზოგადად ყველანაირი სახის ინფორმაციის მიწოდება. ეს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველია.

_ სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და პირად სივრცეში შეჭრას შორის? ჩანაწერი ყიფიანის სარდაფში ჩაყვანის ეპიზოდზე ყიფიანმა ჩათვალა რეპუტაციის შელახვად. დაირღვა მისი პირადი თავისუფლება ამით?

_ როგორც აღვნიშნე, უნდა შეფასდეს საკითხი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ინფორმაციის სახით მიწოდებული სიკეთე უფრო მნიშვნელოვანია, თუ სხვა დანარჩენი უფლებები. ამის შედარება უნდა მოხდეს ერთმანეთთან.

როდესაც შინაარსობრივ რეგულირებაზე იყო საუბარი, იქ არის საუბარი იმაზე, რომ ცილისწამება არ უნდა იყოს, დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები და ა. შ. ამაზე არსებობს ცალკე კანონმდებლობა, სადაც შესაძლებელია დამატებით სამართლებრივი რეაგირების მოხდენა.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა