”რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ჰააგაში არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის ციტატები მოჰყავს”

”რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ჰააგაში არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის ციტატები მოჰყავს”“ჰააგაში საქართველოს მიერ შეტანილ სარჩელზე რუსეთის წინააღმდეგ რუსეთმა მოამზადა საპასუხო სარჩელი, რომელშიც არგუმენტებად მოყვანილია ციტატები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან”.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ახალ ფაქტებს ასაჯაროებს, რომლებითაც დასტურდება, თუ რამდენად სახიფათოა ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოსთვის.

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა 22 ოქტომბერს პრესას აჩვენა საბუთი, ამონაწერი საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოდან.

„დღეს წარმოდგენილი გვაქვს დოკუმენტი, ნაწილი, ამონაბეჭდი რუსეთის საპასუხო სარჩელიდან და ამ სარჩელში ციტატის და არგუმენტის სახით პირდაპირ არის მითითებული ქალბატონ ზურაბიშვილის წიგნი.

კერძოდ, ამ ფრაგმენტში, რომელიც ჩვენ მოვიყვანეთ, მითითებული არის 137-139 გვერდები, ის მოსაზრებები, რომლებიც მას აქვს ჩამოყალიბებული. ამას გადმოგცემთ ჟურნალისტებსაც და საზოგადოებასაც. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მისი განცხადებები არის საშიში და დამაზიანებელი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, მისი განცხადებები არის საშიში და დამაზიანებელი საქართველოს გაერთიანების პერსპექტივისთვის.

ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც უნდა იყოს საქართველოს ერთიანობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, ჩვენი დეოკუპაციის და დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების გარანტი და ამ დროს ხელისუფლება გვთავაზობს კანდიდატს, რომლის ციტატებსაც არგუმენტის სახით იყენებს ოკუპანტი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი მთლიანობის წინააღმდეგ და ჩვენი დევნილების დაბრუნების წინააღმდეგ.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ქალბატონი ზურაბიშვილის არჩევა პრეზიდენტად, ვინაიდან ეს ადამიანი უკვე აზიანებს საქართველოს ინტერესს, ხოლო თუ ის იქნება საქართველოს პრეზიდენტი, მის მიერ მიყენებული ზიანი ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის იქნება განუზომლად უფრო მეტი. დღეს წარმოვადგენთ საჯაროდ ამონაწერს რუსეთის სარჩელიდან, რომ ყველა დარწმუნდეს, ეს არის ფაქტი და მართლაც რუსეთის ფედერაცია, ოკუპანტი საქართველოს საპასუხო სარჩელში იყენებს სწორედ სალომე ზურაბიშვილის ციტატებს“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ნიუპოსტი