შოთა მალაშხია – “ისეთი კატასტროფაა ქვეყანაში, რომ არჩევნებში მეორე ტურს აღარავინ დაეძებს”

შოთა მალაშხია - "ისეთი კატასტროფაა ქვეყანაში, რომ არჩევნებში მეორე ტურს აღარავინ დაეძებს"საზოგადოებაში გრძელდება იმ ჩანაწერების შეფასება, რომლებიც დაკავებული პროკურორის, მირზა სუბელიანის საუბარს მოიცავს. ამაზე და სხვა პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერ შოთა მალაშხიას.
– პროკურატურის განცხადებისა და “ქართული ოცნების” ლიდერების კომენტარების შემდეგ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ, აცნობიერებს მმართველი პარტია შექმნილი მდგომარეობის სიმძიმეს?
– მთავარია, რომ ამას კარგად აცნობიერებს ხალხი, ანუ ის საზოგადოება, რომელმაც მხარი დაუჭირა “ქართულ ოცნებას” 2012 წელს. ამ 6 წლის განმავლობაში ყოველთვის ვამბობდი, რომ ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა.
თურმე, იმაზე ბევრად უარესი მდგომარეობა გვქონია, ვიდრე გვეგონა. ქვეყანაში საქმეებს აგვარებენ ფარცხალაძის, სუბელიანისა და ალბათ, კიდევ სხვების მიერ მართული შეიარაღებული დაჯგუფებები, გასამხედროებული ბანდები. ზოგს პროკურატურა აბარია, ზოგს – სხვა უწყებები და მიმართულებები. “ოცნებაში” რომ ამას აცნობიერებდნენ, ადეკვატურ შეფასებებს მაინც გააკეთებდნენ.
– პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებს ნაცმოძრაობას, კრიმინალი თავისკენ მოიკითხოს.
– ირაკლი კობახიძის მოსაზრებებს და გამონათქვამებს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.
– რატომ?
– ის ამ არაფორმალურ სისტემაში არაფერს წარმოადგენს. თანაც, იგი მოღალატეობრივ განცხადებებს აკეთებს.
– რას გულისხმობთ?
– ირაკლი კობახიძის განცხადებებს იმაზე, რომ ორი რეგიონი წინა ხელისუფლებამ მოღალატეობრივად ჩააბარა. ეს იმას ნიშნავს, რომ მძინარე ცხინვალი ჩვენ დაგვიბომბავს, ოსების გენოციდი მოგვიწყვია და ქართველების დაღვრილი სისხლიც ჩვენს სინდისზე ყოფილა.
ეს არ არის დაუფიქრებლად ნათქვამი. ამასვე იმეორებენ არაფორმალური მმართველი, ყოფილი პრემიერი ივანიშვილი და მისი რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბიშვილი. რუსეთი ამ ხალხის შეფასებებს იყენებს. რაც ყველაზე უფრო საგანგაშოა, ოკუპანტი რუსეთის ხელისუფლება ამ ნარატივს ციტატების სახით ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყენებს საერთაშორისო სასამართლოში.
– შექმნილი სიტუაცია როგორ განვითარდება?
– ისეთი კატასტროფაა ქვეყანაში, რომ არჩევნებში მეორე ტურს აღარავინ დაეძებს. თუ ცოტა ხნის წინ კიდევ შეიძლებოდა იმაზე მსჯელობა, იქნება თუ არა მეორე ტური, დღეს ყველაფერი დაჩქარდა. ჩვენ ვუყურებთ სახელმწიფოებრიობის კვდომას და მოვალე ვართ, ეს შევაჩეროთ. ეს იგივეა, მშობელს თვალწინ შვილი რომ ეღუპება. არაკეთილისმსურველები მშობელს ურჩევენ, ექიმებს არ მიმართოს. არაკეთილისმსურველებად და მოღალატეებად გამოდიან “ქართული ოცნების” ლიდერები, რომლებიც არაადეკვატურად იქცევიან.
მაგათ რომ ჰკითხო, ამ ჩანაწერის ავთენტურობა უნდა დადგინდეს. რა უნდა დადგინდეს, როცა საუბრის მონაწილე დეპუტატი ჯაფარიძე ადასტურებს მის ნამდვილობას. ისეთ მდგომარეობაში ვართ, სამართალი სად უნდა ვეძებოთ, არ ვიცით. სასამართლოშიც განუკითხაობაა და შეიარაღებული ბანდა იქაც იქნება. საბოლოოდ, საქმის გარჩევას ბიძინა ივანიშვილი დაიწყებს. როგორ არჩევს ის საქმეებს, წინანდელი ჩანაწერებიდან გავიგეთ.
– ამის წინააღმდეგ ბრძოლა ადვილია? თუ ბანდაა, ის გავლენებს არ დათმობს და არც არჩევნებს ჩაატარებს ნორმალურად.
– საზოგადოება მზადაა იმისთვის, რომ ეს კატასტროფა მშვიდობიანად დაასრულოს. რამდენიმე ბანდა ერთად რომ შეკრიბო, შეიძლება 500 ან 300 კაცი გამოვიდეს. დანარჩენი საზოგადოება მათ ბევრად აღმატება. ხალხის წინააღმდეგ გამოსვლას კრიმინალური ჯგუფები და მათი მეთაურები ვერ გაბედავენ. ეს ხალხი მშიშარაც არის.
ადრე საზოგადოება არჩევნებზე მშვიდად საუბრობდა, იყო ლაპარაკი ცუდსა და კარგზე, ცუდსა და უარესზე, მაგრამ ახლა სხვა ეტაპი დადგა. ყველაფერი პირველივე ტურში უნდა გადაწყდეს და მალევე უნდა ვიფიქროთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე.
“ქართული ოცნების” გამოსწორების შანსი არ არსებობს. თუ ეს ხალხი თავისას გაიტანს, მალე მარიხუანას მოამრავლებს. არაფორმალური მმართველის ქვეშევრდომები გვპირდებიან, რომ კანაფის პლანტაციებს გააკონტროლებენ. ხომ წარმოგიდგენიათ ბანდების მიერ გაწეული კონტროლი! ხალხმა “ოცნება” უნდა “ჩამოხსნას”. ამისათვის პოლიტიკური ფასია გადასახდელი. ე.წ. მმართველმა პარტიამ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც 2012 წელს დაიწყო.
– მაშინდელ მოვლენებში რას გულისხმობთ?
– ქვეყნისთვის ამდენი ცუდი არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია არც შუა საუკუნეებში, და არც შემდეგ. 2012 წელს “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსასვლელად გამოიყენა ციხის დადგმული კადრები, ასევე პატარა ბავშვის, ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა. თუ მართლები არიან, რატომ არ გამოიძიეს ეს მკვლელობა?
2012 წელს იყო უამრავი დაპირება, იაფი და უფასო კრედიტებით დაწყებული, უფასო ხვნა-თესვით, ენერგომატარებლების გაიაფებით დამთავრებული. არაფერი არ შესრულებულა.
ეს ფალსიფიკაციები იყო რუსული ნარატივი. 2012 წელს რუსეთი ჩაერია ჩვენს არჩევნებში და ეს ბოროტმოქმედები მოგვიყვანა. გავიდა წლები და რუსეთი ჩაერია ასევე აშშ-ის, გერმანიის არჩევნებში, დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმსა და ესპანეთიდან კატალონიის გამოყოფის მცდელობაში. რუსეთმა შეიმუშავა საქართველოს სახელმწიფოებრივი განადგურების გეგმა, რომელიც სრულდება.
ჩვენ ეს უნდა გავაჩეროთ.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა