თორნიკე შარაშენიძე – “მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე გავლენ”

პოლიტოლოგი, ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო თორნიკე, წინასარჩევნო პერიოდში ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება ჩვენი საზოგადოებისთვის, ამომრჩევლისთვის უცხო არ არის, მაგრამ რამდენად შესაძლებელია ამ ყველაფერმა შედეგებზე გავლენა მოახდინოს?
– რასაკვირველია, გავლენას იქონიებს, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც სალომე ზურაბიშვილს რეალური ამომრჩეველი არ ჰყავს. “ქართულ ოცნებას” ძლიერი, პოპულარული კანდიდატი რომ ჰყოლოდა, მეტ-ნაკლებად ცნობილი სახე, რომელიც თუნდაც საკამათო განცხადებას არ გააკეთებდა, მაშინ ასეთი ძლიერი გავლენა არ იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი ერთად კომბინაციაში აუცილებლად მოახდენს გავლენას და “ოცნების” კანდიდატს ძალიან დაასუსტებს.
– თუ პირიქით, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არ არის “ოცნების” წიაღიდან, შეიძლება ამ ფარული ჩანაწერების ფონზე უფრო მომგებიანი იყოს?
– არა, არანაირად და გეტყვით, რატომ. მას ოცდაოთხი საათი დაჰყვება კალაძე ან კობახიძე. კი გვეუბნებიან, რომ დამოუკიდებელია, მაგრამ გასაგებია, რომ არ არის და პირდაპირ ჩანს, რომ “ქართულ ოცნებას” სურს სალომე ზურაბიშვილის გაყვანა, მაგრამ “ქართული ოცნების” ტიპიურ ამომრჩეველს სალომე ზურაბიშვილის ნაირი კანდიდატი არ მოსწონს, მეტიც, აღიზიანებს. დარწმუნებული ვარ, ეს “ოცნების” აქტივისტებსაც აღიზიანებთ, რომლებმაც არჩევნების დროს უნდა იაქტიურონ, ვიღაც-ვიღაცეები არჩევნებზე უნდა მიიყვანონ.
“ოცნების” აქტივისტებს გაუჭირდებათ მათივე ამომრჩევლის დარწმუნება, რომ მათ სწორედ სალომე ზურაბიშვილს უნდა დაუჭირონ მხარი. ამ აქტივისტებს პირველ რიგში საკუთარი თავის დარწმუნება გაუჭირდებათ.
– რატომ?
– მისივე განცხადებების გამო. ის ადამიანებს ზევიდან უყურებს. ადამიანების მიმართ ზიზიღს ვერ მალავს. ასეთი ადამიანი სიმპატიას არ იწვევს. შესაბამისად, მე პლუსს ვერ ვხედავ იმაში, რომ ვითომ დამოუკიდებელი კანდიდატია. “ოცნების” წიაღიდან რომ ყოფილიყო, მაშინ აქტივისტები კიდევ გაამართლებდნენ, ჩვენიანიაო.
– ყველა არჩევნებს თან ახლავს ეს ნეგატიური ფონი, ნეგატიური კამპანია. რატომ ვტრიალებთ იგივე წრეზე?
– ყველა წამყვან კანდიდატს მოჰყვება უარყოფითი, ნეგატივი. შესაბამისად, ყველას წამოაძახებენ და გაუხსენებენ ამ უარყოფითს. მაგალითად “ოცნების” კანდიდატი ყოველდღე ახალ-ახალ წამოსაძახებელს ამატებს ხოლმე. მისი მხარდამჭერი პარტიაც სასწაულებს სჩადის ამ ბოლო დროს. დაწყებული მარიხუანის თემით, ტაქსისტებისა და საცობებით დასრულებეილი. რომელი ერთი ჩამოვთვალო, მაგალითად, ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანა, რაც მაინცდამაინც არჩევნებს დაამთხვიეს. ეს გადაწყვეტილება ალბთ ქუთაისელებს “ქართულ ოცნებაზე” საბოლოოდ აუცრუებს გულს.
შეცდომების მთელი კასკადი მიუთითებს იმაზე, რომ “ქართული ოცნება” შიგნიდან არის გახლეჩილი, რაც გარდაუვალი იყო მმართველობის იმ სტილიდან გამომდინარე, რომელიც მას აქვს.
– “ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ ნაციონალებისა და ომეგა ჯგუფის მიერ ორკესტრირებულ სპექტაკლთან გვაქვს საქმე და ბიზნესზე ზეწოლა არ ხდება. ამ ყველაფერს ისინი არჩევნებს უკავშირებენ და ამბობენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას სურს პროცესების აყირავება. თქვენ რას იტყვით?
– კი ბატონო, არჩევნებს უკავშირდებოდეს, მაგრამ ამით რა იცვლება?! მერე რა?! 2012 წელს, თავად არჩევნების წინა პერიოდში არ გამოაგდეს ციხის კადრები, ფარული ჩანაწერები?!
რა თქმა უნდა, არჩევნებს უკავშირდება. ნაციონალურ მოძრაობაში პოლიტიკური ცხოველები არიან. ასეთივე პოლიტიკური ცხოველები იყვნენ 2012 წელს “ქართულ ოცნებაში”, როდესაც მათ არჩევნების მოგება გადაწყვიტეს. ამაში უცნაური არაფერი არ არის. ოპოზიციას არჩევნების მოგების სურვილი რომ წამოაყვედრო, ეს დიდი სისულელეა.
რაც შეეხება იმას თუ რამდენად ნაკლებად არის შუაში მთელ ამ ყველაფერში, ოქუაშვილის საქმეში, “ქართული ოცნება”, ერთ რამეს ვიტყვი: პოლიტიკაში ხანდახან უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რა ჩანს, ვიდრე არის. ახლა ჩანს ის, რომ ოქუაშვილს “ოცნება” აყაჩაღებდა. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ ასე ჩანს. ახლა ძალიან გაუჭირდება “ქართულ ოცნებას”, რომ ამომრჩეველი ამაში გადაარწმუნოს. ეს არის ახლა ყველაზე მთავარი, დანარჩენი ყველაფერი ლირიკაა.
– კიდევ უფრო დამძიმდება სურათი, რაც არჩევნები მოახლოვდება?
– მე ეჭვი მაქვს, რომ კიდევ იქნება რაღაც და ამით არ ამოიწურება. აშკარაა, რომ “ოცნების” მხარეს აღარ არის მორალური უპირატესობა.
– რას გულისხმობთ?
– განვმარტავ. 2012 წელს, არჩევნების წინ გამოქვეყნებული ციხის სკანდალური კადრების საპასუხოდ, ნაციონალურმა მოძრაობამ გამოაქვეყნა ფარული ჩანაწერები, სადაც “ოცნების” ლიდერები ერთმანეთს ლანძღავდნენ, მაგრამ ამან არანაირი გავლენა არ იქონია არჩევნებზე. მეტიც, არავინ ამას ყურადღება არ მიაქცია, რადგან ნაციონალურ მოძრაობას მაშინ ყველანაირი მორალური ავტორიტეტი დაკარგული ჰქონდა. ახლა კი, რაც უნდა გამოაქვეყნოს “ქართულმა ოცნებამ”, ეს მას ვერ უშველის.
ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი ამტკიცენდა, რომ ეს ფარული ჩანაწერები ფალსიფიცირებულია, მაგრამ მას ყურადღება არავინ მიაქცია. როგორც ჩანს, ადამიანებს “ოცნება” ყელში აქვთ ამოსული. ვერ გეტყვით, რამდენად სიმართლეა ის, რასაც ზაზა ხატიაშვილი ამბობს, ეს გასარკვევია, მაგრამ სიმართლე რომც იყოს, ახლა ამ სიმართლის დაჯერება ადამიანებს გაუჭირდებათ, რადგან “ოცნებამ” მორალური ავტორიტეტი დაკარგა და ეს არის აქ მთავარი.
ეს ნეგატივი დაგროვდა და ახლა ფეთქდება, რაც პოლიტიკაში ჩვეულებრივი კანონზომიერებაა. რამდენი ხანი შეიძლება ნეგატივი ამართლო?! ეს არის.
– მეორე ტური იქნება?
– აუცილებლად იქნება. თუ მეორე ტური არ იქნება და სალომე ზურაბიშვილს პირველივე ტურში გაიყვანენ, ამისთვის ძალიან დიდი გაყალბება დასჭირდებათ, რაც შეუმჩნეველი არ დარჩება. მერე უკვე ღმერთმა დაგვიფაროს, თუ რა შეიძლება ამას მოჰყვეს.
– რა შედეგებს მოიტანს?
– მძიმე შედეგებს. ეს ხელისუფლება ქვეყნის გარეთაც მხარდაჭერას დაკარგავს, რაც ქვეყნის პოზიციებზე აისახება. ქვეყნის შიგნით კი არალეგიტიმური მთავრობა გვეყოლება, რასაც აუცილებლად პროტესტი მოჰყვება. ვის ინტერესებშია ეს?! რასაკვირველია, ქვეყნის მტრის.
– თქვენ რას ფიქრობთ, მეორე ტურში ვინ გადის?
– ამ მონაცემებით, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე გადიან.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019