ზაზა ფირალიშვილი – “გრიგოლ ვაშაძის დაპირებებს რეალური საფუძველი არ აქვს”

ზაზა ფირალიშვილი - "გრიგოლ ვაშაძის დაპირებებს რეალური საფუძველი არ აქვს"ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის დაპირებებს, რომლის თანახმადაც, ის გაპრეზიდენტების შემთხვევაში შექმნის კოალიციურ მთავრობას, ჩამოაყალიბებს ანტიკორუფციულ ბიუროს და უცხოელ მოსამართლეებს ჩამოიყვანს, რეალური და სერიოზული საფუძველი არ აქვს.

როგორც ფირალიშვილი ამბობს, გრიგოლ ვაშაძემ უნდა განმარტოს, რა კონსტიტუციური საფუძვლებით გეგმავს ამ დაპირებების შესრულებას, თუ ეს არ არის მისი პოპულისტური განცხადებები.

„რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტს ამის უფლება არ გააჩნია. მისი დაპირება რას ეფუძნება, უნდა განმარტოს, თუ ეს პოპულისტური განცხადება არ არის; განმარტოს, რა კონსტიტუციური მექანიზმებით აპირებს ამის გაკეთებას. ეჭვი მაქვს, მას ამის მექანიზმები არ გააჩნია. ამ განცხადებების რეალური და სერიოზული საფუძველი არ ჩანს, რომ მას შეუძლია ამის გაკეთება.

რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს შექმნისა და უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანის საჭიროებას, მიმაჩნია, რომ აქცენტი უნდა გადავიტანოთ ჩვენი სასამართლოს გამოსწორებაზე, ვითარების შექმნაზე და არა უცხოელების ჩამოყვანაზე. ეს ცოტა უხერხულიც არის, მე თუ მკითხავთ სირცხვილია, გამოდის, რომ ჩვენ ჩვენი საზოგადოებრივი ძალებით და პროფესიონალებით არ შეგვიძლია სამართლიანობის ვითარება შევქმნათ ქვეყანაში. რაღა ქვეყანა ვართ, თუ ეს არ შეგვიძლია?! კეთილი უნდა ვინებოთ და მობილიზება გავაკეთოთ ჩვენი ზნეობრივი, პოლიტიკური ძალების, პოლიტიკური ნების, რომ შევძლოთ სასამართლოს ფეხზე დაყენება. უცხოელების ჩამოყვანა იგივეა, მე ჩემს ოჯახში ვიღაცას მოვუხმო რომ ოჯახს მიმიხედოს.

გარდა ამისა, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის საჭიროება კარგად არის გასააზრებელი, რა ფუნქციას შეასრულებს, თორემ კორუფცია რომ მისახედია, ამას ლაპარაკი არ უნდა“, – განაცხადა ფირალიშვილმა.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ თუ ის პრეზიდენტი გახდება, საქართველოში შეიქმნება ანტიკორუფციული ბიურო და ჩამოიყვანს უცხოელ მოსამართლეებს; სასამართლოში იქნება ადამიანის უფლებების პალატა. გარდა ამისა, ვაშაძე მისი გაპრეზიდენტების შემთხვევში, კოალიციური მთავრობის შექმნას აანონსებს.