ადვოკატი მამულაძე – “ლაშა გოგია და გია გულორდავა ბრალს არ აღიარებენ”

ადვოკატი მამულაძე - "ლაშა გოგია და გია გულორდავა ბრალს არ აღიარებენ"დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები – ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე, წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. დაკავებულები ადვოკატებმა მოინახულეს.

წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან გამოსულმა ადვოკატმა, მერაბ მამულაძემ აღნიშნა, რომ არც ერთი მაღალჩინოსანი ბრალდებას არ ეთანხმება და საერთოდ ვერ ხვდებიან, რატომ დააკავეს სამართალდამცავებმა.

მერაბ მამულაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, რადგან მისი მტკიცებით, კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.

„ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, მას წარმოდგენა არ აქვს თუ საერთოდ რა ბრალდებას ედავება და რა საქმეზეა საუბარი. არანაირი უკანონო ქმედება მას არ ჩაუდენია და შესაბამისად, პოზიციას აფიქსირებს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„წარმოდგენა არ აქვს ჩანაწერებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჯერ არ გავცნობივართ საქმის მასალებს, არ გადმოგვცემია მასალები, კონკრეტულად მტკიცებულებებზე ვერ გესაუბრებით, რა ჩანაწერებზე და რა ჩვენებებზეა საუბარი,“ – განაცხადა ადვოკატმა.

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია მის მოადგილესთან, გია გულორდავასთან ერთად, სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დღეს დააკავა.

ყოფილ მაღალჩინოსნებს გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას სექტემბრიდან ედავება, თუმცა მისი დაკავება საგამოძიებო უწყებამ საჭიროდ მხოლოდ წაგებული არჩევნებიდან 5 დღის შემდეგ ჩათვალა.

მაღალჩინოსნების წინაღმდეგ საქმის მთავარი მტკიცებულება ”კურიერის ”ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერია, რომლითაც დასტურდება რომ, რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა ზურაბ კვირკვიამ ყოფილ მაღალჩინოსნებს 21 ათას 500 დოლარი მისცა. ქრთამის სანაცვლოდ მაღალჩინოსნები მას ზუგდიდში გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების აუქციონზე გატანას დაპირდნენ, თუმცა პირობა ვერ შეასრულეს, თანხა კი მიითვისეს.

რუსთავი 2