“აღიაროს მარცხი და დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები” – რას ურჩევს მურმან დუმბაძე ბიძინა ივანიშვილს

"აღიაროს მარცხი და დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები" - რას ურჩევს მურმან დუმბაძე ბიძინა ივანიშვილსროგორ ექცეოდა სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს ივანიშვილი, ვისი რჩევებით მოქმედებს ახლა “ოცნების” ლიდერი, რატომ არის აუცილებელი კოალიციური მთავრობა, რატომ არ იქნება რევოლუცია? – ამ თემებზე “ახალ თაობას” “ემსახურე საქართველოს” ლიდერი მურმან დუმბაძე ესაუბრება.
– მეორე ტურის წინ რამდენიმე ფარული ჩანაწერი გავრცელდა. ერთ-ერთ ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი ისევ რევოლუციაზე საუბრობს. ხელისუფლებაც გვიმტკიცებს, რომ თქვენ რევოლუციისთვის ემზადებით. მართლა აპირებთ რამეს?
– არანაირი რევოლუცია და არეულობა არ იქნება. რევოლუცია ხალხის გარეშე ვერ მოხდება. საქართველოში კი არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხს ქუჩაში გამოიყვანს.
ხალხმა რევოლუციურ სცენარს საბოლოოდ უთხრა უარი. ხალხმა გადაწყვიტა, რომ ამიერიდან ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით შეცვალოს. 28 ოქტომბერს “ოცნებას” მილიონმა ამომრჩეველმა უთხრა უარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხმა რევოლუციის გარეშე გადაირჩია ხელისუფლება.
იგივე მოხდება მეორე ტურშიც. ივანიშვილი ისევე უნდა მოიქცეს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს მოიქცა სააკაშვილი – მან დამარცხება უნდა აღიაროს.
– ის დამარცხების აღიარებას, სავარაუდოდ, არ აპირებს, გუნდის განახლებას კი გეგმავს.
– ჩემთვის გაუგებარია, ვის გულისხმობს გუნდში, თუ მისი გუნდის წევრები არიან ფარცხალაძე, ენზელ მკოიანი და ლევან მურუსიძე, მათთან ერთად არჩევნების მოგება შეუძლებელია. თავისი გუნდის წევრად გია ვოლსკის თუ მიიჩნევს, მას ხალხი მხარს არ დაუჭერს.
ივანიშვილს გუნდი აღარ ჰყავს. ის დარჩა მარტო და ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა აიღოს. როგორც ყოფილი თანამებრძოლი, მე მას რჩევას მივცემ. დროა, საკუთარ თავზეც იფიქროს და თუ უნდა, რომ “ქართული ოცნება” პოლიტიკაში დარჩეს, საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიაროს.
– არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოუწოდებთ ივანიშვილს, მარცხი აღიარეო. ზედმეტად თავდაჯერებული ხომ არ ხართ ვაშაძის გამარჯვებაში?
– თავდაჯერებული ვარ იმიტომ, რომ ხალხის განწყობა ვიცი. ლამის მთელი საქართველო მოვიარე და ვიცი ხალხის განწყობა. მე ზემოთ გესაუბრეთ იმაზე, რომ არჩევნებზე მისული 1.600.000 ადამიანიდან “ოცნებას” 1.000.000 ადამიანმა უთხრა უარი. ამ შედეგის უკან მოტრიალება შეუძლებელია.
ამ შემთხვევაში მე არ ვსაუბრობ იმ 600.000 ხმაზე, რომელიც გრიგოლ ვაშაძემ მიიღო. აქ მნიშვნელოვანია ხელისუფლების წინააღმდეგ მიცემული მილიონი ხმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. 28 ოქტომბერს ხალხმა “ოცნებას” უარი უთხრა. 28 ნოემბერს ეს ყველაფერი გაფორმდება.
უფრო იოლად დავიჯერებ იმას, რომ თურქეთიდან მომდინარე მტკვარი თურქეთისკენ დაიწყებს დენას, ვიდრე იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს მოიგებს.
– 28 ოქტომბრის შემდეგ ხალხმა იმდენი დაპირება მიიღო, რომ შეიძლება სურათი შეიცვალოს.
– მე სურათის შეცვლას არ ველოდები. როდესაც მილიონი ადამიანი უარს გეუბნება, ამ სურათის შეცვლა არის შეუძლებელი. ცოტა ადამიანს იყიდი დიდხანს, ცოტა ხნით ბევრი ადამიანის ყიდვაც შეიძლება, მაგრამ ბევრი ადამიანი იყიდო დიდხანს, ეს არის შეუძლებელია. ეს არის პოლიტიკური აქსიომა.
2014. 2016 და 2017 წლებში ჩატარებულ არჩევნებში ივანიშვილმა ხალხის მოტყუება შეძლო, თუმცა არჩევნებიდან არჩევნებამდე მოტყუებულთა რაოდება სულ უფრო მცირდებოდა. 2018 წელს იყო პიკი – ხელისუფლებას მილიონმა ამომრჩეველმა უთხრა უარი.
ხალხის გამარჯვება 28 ნოემბერს გაფორმდება. ჩემს პროგნოზს უნდა ენდოთ. 30 წლიანი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება მაქვს და საქართველოს მოსახლეობას კარგად ვიცნობ. რაც არ უნდა დაპირებები გასცე, ხალხის გონებაში ჩამჯდარ გადაწყვეტილებას, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ვერაფრით შეცვლი.
– დაპირებების გარდა, არის კიდევ ნაციონალების წარსული. ხალხზე არც სისხლიანი 9 წლის გახსენება იმოქმედებს?
– საქართველოს მოსახლეობას კარგად ახსოვს ყველა სისხლიანი დარბევა, რომელიც 90-იანი წლებიდან დღემდე მომხდარა. ახსოვს, სტკივა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენი ხალხი მარტო წარსულში არ ცხოვრობს. მას მომავალიც აინტერესებს.
გასაგებია, რომ 7 ნოემბერი იყო ცუდი, გასაგებია, რომ 26 მაისი იყო დანაშაული, მაგრამ მარტო ამაში ვერ ვიცხოვრებთ. ჩვენ პერსპექტივები გვიანტერესებს. ჩვენ სიღარიბის დაძლევა და პოლიტიკის გაგრძელება გვაინტერესებს. საქართველოს მოსახლეობას ახსოვს, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას შეუძლია პატიებაც.
– ხალხმა 26 მაისი და 7 ნოემბერი უნდა აპატიოს ყოფილ ხელისუფლებას?
– ეს ხალხის გადასაწყვეტია. ჩემთვის ძალიან მძიმე საყურებელია, როცა 26 მაისის და 7 ნოემბრის დარბევის მონაწილეები ამ საშინელებაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ. მინდა, რომ შავით თეთრზე დაიწეროს, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის თანამონაწილე იყო ბიძინა ივანიშვილი.
დღეს მე ხშირად მეკითხებიან, რატომ გაერთიანდი იმ ხალხთან, ვინც 7 ნოემბერი შექმნაო. იგივე ხალხს ჩემთვის ეს კითხვა მაშინ არ დაუსვია, როცა “ოცნებაში” შევედი. არადა, ივანიშვილი ამ დარბევის თანამონაწილე იყო.
7 ნოემბრის დარბევის შემდეგ, 2008 წლის 5 იანვარს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. მაშინ მე რესპუბლიკური პარტიის წევრი ვიყავი, ჩვენი პარტია მხარს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ლევან გაჩეჩილაძეს უჭერდა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ვატარებდით კამპანიას. მთელი საქართველო მოვიარეთ. ერთადერთი ადგილი, სადაც შესვლის უფლება არ მოგვცეს, იყო ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფელი ჭორვილა. პირადად მე ვიყავი ჭორვილაში მისული, მაგრამ სოფელში არ შეგვიშვეს.
– ივანიშვილმა არ შეგიშვათ?
– ივანიშვილი უშუალოდ არ მონაწილეობდა ამაში, მაგრამ იმედია იმას არ მეტყვით, რომ მას ჭორვილაზე გავლენა არ ჰქონდა.
– რა მიზეზით არ შეგიშვეს სოფელ ჭორვილაში?
– იმიტომ არ შეგვიშვეს, რომ ერთადერთი საარჩევნო ნომერი, რომლის აგიტაციაც იყო დასაშვები, ეს იყო N5. N5 მიხეილ სააკაშვილი იყო.
ჩვენ ჭორვილაში 2008 წლის 5 იანვარს არ შეგვიშვეს. იმ დროს 7 ნოემბრის დარბევა უკვე მომხდარი იყო. ასე რომ, ივანიშვილი 7 ნოემბერს მე ნუ მასწავლის. მან ლექციები იმათ წაუკითხოს, ვინც დარბევას უჭერდა მხარს. დარბევის მხარდამჭერთა შორის იყო კახა კალაძეც.
რამდენიმე დღის წინ ივანიშვილმა ტვ “იმედს” მისცა ინტერვიუ. ამ ინტერვიუს ერთ-ერთი თანაწამყვანი იყო ნიკა ლალიაშვილი. 2008-2012 წლებში ის პარლამენტის წევრი იყო. ის იქ ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის სიით მოხვდა.
2011 წლის 26 მაისის დარბევას ნიკა ლალიაშვილი მხარს უჭერდა. ყველას გვახსოვს, რაც დაწერა მან ამ დარბევაზე. დაწერა, რომ 5 ადამიანი კი არ უნდა მომკვდარიყო რუსთაველის გამზირზე, არამედ იქ მდგარი 500-ვე კაცი უნდა ამოეჟლიტა მიხეილ სააკაშვილსო.
ამის დამწერს აძლევს ინტერვიუს და მურმან დუმბაძეს ეუბნება, რატომ დგახარ გაერთიანებული ოპოზიციის გვერდითო. ეს არის სამარცხვინო.
იმის გამო, რაც ნაციონალებმა ჩაიდინეს, მათ 2012 წლის 1 ოქტომბერს უკვე ავკიდეთ პასუხისმგებლობა. ბედნიერი ვარ, რომ მაშინ “ოცნების” მხარეს ვიყავი და ამ გამარჯვებაში ჩემი წვლილიც შევიტანე.
მე ასევე მონაწილე ვარ იმ გამარჯვების, რომელიც 28 ოქტომბერს გამოიჭედა, რაც ოფიციალურად 28 ნოემბერს გაფორმდება.
– სისხლიანი 9 წლის გარდა, ხელისუფლების მომხრეები ხალხს იმითაც აშინებენ, რომ მიშა თუ დაბრუნდება, აჭარის თურქეთიზაცია მოხდება. იხსენებენ იმას, რომ სააკაშვილი ძალიან მარტივად ანიჭებდა საქართველოს მოქალაქეობას. 
– აჭარა არის საქართველო და მის თურქეთიზაციაზე გავრცელებული ყველა ინფორმაცია ზღაპარია. ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ფარატინა ქაღალდზე ხელის მოწერით არ უნდა ხდებოდეს.
სააკაშვილი ამ მიმართულებით უპასუხისმგებლოდ იქცეოდა, მაგრამ იგივე გზა გააგრძელა დღევანდელმა ხელისუფლებამ.
ერთი რამ უდაოა, ჩვენ ყველა იმ სახელმწიფოსთან უნდა გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა, რომლებიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს. თურქეთი აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ სახელმწიფოსთან ნორმალური ურთიერთობა უნდა გვქონდეს.
– ივანიშვილის ინტერვიუ ახსენეთ ზემოთ და იქ მან რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეთა. თქვა, ხალხს ერთგულების ნიშნით აღარ დავაფასებო. ეს რას ნიშნავს, გარემოცვას შეცვლის? 
– მოდით, ისიც ვიკითხოთ, როდის აფასებდა ის ხალხს ერთგულების ნიშნით. ენზელ მკოიანი რომ ჰყავს ასეთი დაფასებული, ეს ადამიანი 2012 წელს პარლამენტში ნაციონალებიდან შემოვიდა. 2012 წლიდან ის ივანიშვილისთვის ამომავალი მზე გახდა, სამაგიეროდ, ისინი, ვინც რეჟიმს ებრძოდა გარიყა.
როგორია ივანიშვილის თვალით დანახული ერთგულება, არ ვიცი და არც მაინტერესებს. ჩემი აზრით, ერთგულება საქართველოს და მის კონსტიტუციას უნდა გამოუვუცხადოთ.
ამავე დროს, უნდა ვებრძოლოთ ქვეყანაში გამეფებულ სიღარიბეს. აუცილებელია კოალიციური მთავრობა. ჩვენ ასოცირებაზე ხელი გვაქვს მოწერილი. შევდივართ ევროპაში და ევროპული სტანდარტების პოლიტიკა გვჭირდება.
– რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარებმა გვითხრეს, რომ საქართველოში არჩევნები თუ გაყალბდება, ჩვენთვის ისევ სავიზო რეჟიმი ამოქმედდება.
– ეს არის ძალიან სერიოზული სიგნალი. როდესაც ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობაა, როცა არჩევნები სამუშაო დღეს ინიშნება და ამაზე დასავლეთი თითს გვიქნევს, ეს არის ძალიან ცუდი.
საქართველოს გზა არის ევროპული გზა და ამ გზიდან არ უნდა გადავუხვიოთ. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ყველა მანკიერებაზე. დღეს ქვეყანაში კორუფცია ძალიან მომძლავრებულია. მძლავრობს კრიმინალიც.
ამ ინტერვიუს რომ გაძლევთ, თბილისიდან ბათუმში მივდივარ და გარანტია არა მაქვს, რომ ვიღაც არ დამესხმება თავს.
– რატომ უნდა დაგესხათ თავს?
– მეორე ტურის შემდეგ “ოცნებამ” მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნა შტაბები. ამ შტაბების ხელმძღვანელები არიან პირები, რომლებიც ერთი რამით გამოირჩეოდნენ. ეს არის მარბიელობა. “ოცნების” გახსნილი შტაბები მარბიელებით არის სავსე.
ეს მარბიელები თავის დროზე მიშას ემსახურებოდნენ. ახლა “ოცნებამ” გადმოიბარა. ონში ადამიანი იმის გამო დაჭრეს, რომ ის ჩვენი მხარდამჭერი იყო. მარნეულში ამავე მიზეზის გამო ცემეს ადამიანები.
ეს ძალადობა ხომ უნდა დასრულდეს? ამის გაკეთება ივანიშვილს შეეძლო, მაგრამ არ გააკეთა. 2018 წლის 28 ნოემბერს ეს ძალადობა დასრულდება.
ოდესღაც ივანიშვილის გვერდით ვიყავი და მასზე მაინც შემტკივა გული. ამიტომ ერთ რჩევას მივცემ. 2012 წელს ის ჩემს რჩევებს ითვალისწინებდა და სხვებზე უფრო მეტად მენდობოდა.
2012 წელს ის ხალხსაც უსმენდა და ამიტომ მოვიგეთ მაშინ არჩევნები. მან უნდა იცოდეს, რომ მთავარი არჩევნების მოგება კი არა, ხალხის ლეგიტიმაციაა, ხალხმა მას უარი უთხრა.
ჩემი რჩევა იქნება ასეთი – აღიაროს მარცხი და დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ასეთ შემთხვევაში მას მიეცემა შანსი, რომ თავის გუნდთან ერთად კიდევ მოხვდეს პარლამენტში.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა