“ბაიას ღვინო“ ბოსტონში გაიყიდება

"ბაიას ღვინო“ ბოსტონში გაიყიდებაახალგაზრდა მეღვინის ბაია აბულაძეს ღვინოები ამერიკაში ახალ შტატში შევიდა, ,,ბაიას ღვინო“ ხელმისაწვდომი ვაშინგტონის შემდეგ ბოსტონის ღვინის მოყვარულებისთვისაც გახდა. როგორც მეღვინემ Bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ბოსტონში მისი ღვინო ორი კვირის წინ შევიდა. ბაია აბულაძე ამერიკიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და მისი პროდუქცია არა მხოლოდ ბოსტონში, არამედ ვაშინგტონშიც რამდენიმე ახალ რესტორანში და ღვინის მაღაზიაში გაიყიდება.

,, ამერიკაში შეხვედრები მქონდა იმპორტიორებთან, რომლებიც ჩვენს პროდუქციას რესტორნებში და მაღაზიებში ყიდიან, მათ შესაძლებლობა მოგვცეს შევხვედროდით ჩვენს მომხმარებლებს. უშუალო კომუნიკაცია გვქონდა იმ რესტორნებისა და მაღაზიების სომელიეებთან, სადაც ჩვენი სასმელი გაიყიდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენი ღვინის რეალიზაცია ამერიკაში კიდევ უფრო გაიზრდება და ახალი ობიექტები დაემატება“ – განაცხადა მეღვინემ.

,,ბაიას ღვინო“ ამერიკის გარდა ევროპაშიც იყიდება, კერძოდ საფრანგეთში, გერმანიაში და ავსტრიაში. ღვინის გასაყიდი ფასი მარნიდან 20-დან 30 ლარამდეა, ამერიკულ დახლებზე ის 30 დოლარი ღირს, ევროპაში კი ფასი 25 ევრომდეა. საექსპორტო ბზარზე ხუთი დასახელების ,,ბაიას ღვინო“ იყიდება, ესენია თეთრი ღვინოები – ,,ცოლიკაური“, ,, ციცქა-ცოლიკაური“, ,,კრახუნა“ და წითელი ღვინოები – ,,ოცხანურის საფერე“ და ,,ალადასტური“.

,,ბაიას ღვინო“ დასავლეთ საქართველოში, ბაღდათის რაიონში, ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისგან ქვევრში მზადდება. ყურძენი, რომლისგანაც ღვინოს აწარმოებენ, აბულაძეებს ოჯახის კუთვნილ ვენახებში მოჰყავთ, რომელიც იმერეთის საუკეთესო მიკროზონებშია გაშენებული.