“ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილის დანახვა აღარ უნდა – ”ოცნებაში” პრეზიდენტობის კანდიდატს მისის ნოუს ეძახიან”

"ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილის დანახვა აღარ უნდა - ”ოცნებაში" პრეზიდენტობის კანდიდატს მისის ნოუს ეძახიან"რა შეცდომებს უშვებს ხელისუფლება, რატომ არის სალომე ზურაბიშვილი მმართველ პარტიაზე გაბრაზებული, რატომ აიჩემა ის ივანიშვილმა, რატომ არის “გირჩის” გაშიშვლებაზე პასუხისმგებელი საზოგადოება? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
– საოკუპაციო ხაზთან “გირჩის” მიერ კოლექტიური ჩახდის აქციამ საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც ეს აქცია მოეწონა. თქვენ რა შეფასებას მისცემთ “გირჩის” პროტესტს?
– ბოლო დროს ამ სოფლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ორი სიტყვით ასე შევაფესებდი – ატოცი და ჩვენი სიტუტუცე.
ქარელის რაიონის სოფელ ატოცის გარშემო უზარმაზარი პრობლემებია. კიდევ ერთხელ გამოჩნდა მოწინააღმდეგის მხარის დამოკიდებულება ჩვენს მიწებთან დაკავშირებით, ამ დროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხმას საერთოდ არ იღებენ.
მათთვის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა, ახლა ეს საკითხი საერთოდ აღარ აინტერესებთ. მთელი ძალები იქეთკენ აქვთ მიმართული, რომ პრეზიდენტის დანიშვნით როგორმე გაიმყარონ უკვე მოფამფალებული სავარძელი.
“გირჩამდე” ატოცში “ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატიც იყო. სალომე ზურაბიშვილის ატოცში ჩასვლას სიტუტუცის აპოლოგეას დავარქმევთ. შე დალოცვილო, საოკუპაციო ხაზთან რომ მიდიხარ და საზღვარიო, გაიძახი, ე.ი. შენს ცნობიერებაში მართლა აქ გადის საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ამ განცხადების შემდეგ ამ ქალის დიპლომატობაზე საუბარი უნდა შეწყდეს.
მეორე სიტუტუცე მისი მხრიდან იყო ის კომენტარი, რაც ატოცში ჩასვლასთან დაკავშირებით გააკეთა. ჟურნალისტებს უთხრა, განცხადების გასაკეთებლად ჩამოვედიო. განცხადება გააკეთოს თავისთან სახლში, დენიკინის დროინდელ დაქალებთან ყავის სმის და ვისკის წრუპვის დროს.
მესამე სიტუტუცე იყო ის, რომ ატოცში მაღალმთიანი რეგიონების პროგრამის განხორციელებაზე საუბრობდა. იქ მას ერთ-ერთი ძალის წარმომადგენლები დახვდნენ. მე მაინტერესებს, რატომ არ იყვნენ საოკუპაციო ხაზთან “ოცნების” წევრები.
ახლა რაც შეეხება 10 ნოემბერს, ერთი ორგანიზაციის მიერ მოწყობილ სიშიშვლის აქციას. მინდა ვკითხო ამ აქციის მონაწილეებს, ბატონებო, რომელი აპოლონები ხართ, რომ თქვენი სიშიშვლის ყურება სასიამოვნო იყოს?!
ჩემი აზრით, ამ სიშიშვლის აქციამ, რომელიც ყველანაირად მიუღებელია, კიდევ ერთხელ გამოაჩინა ჩვენი საზოგადოების ავადმყოფური დამოკიდებულება – ფეისბუქის ლომებმა ატეხეს კაკანი, დედა, დედა, ეს რა იკადრეს, ქართველობას არცხვენენო.
მინდა მივმართო ფეისბუქის ლომებს – მდედრებსაც და მამრებსაც, ქართველობას “გირჩი” კი არ არცხვენს, ქართველობას არცხვენთ თქვენ.
– “გირჩმა” ჩაიხადა და საზოგადოება რატომ არცხვენს ქართველობას?
– ქართულმა საზოგადოებამ დაუშვა ის, რომ საქართველოში მსგავსი ორგანიზაციები იყოს. სამწუხაროდ, საქართველოში არის ხალხი, ვინც “გირჩს” აძლევს ხმას.
საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიების 20% აქვს დაკარგული და ნახევარ მილიონამდე დევნილი ჰყავს დასაბრუნებელი საკუთარ სახლებში. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ჯერ ისევ მიმდინარეობს შეიარაღებული ძალების მშენებლობა, ვერ იცავს საზღვრებს და უზარმაზარი დემოგრაფიული პრობლემებია. ამ ქვეყანაში მცხოვრები ხალხის ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს ისეთი ორგანიზაციის არსებობას, რომელიც ამ სიტუაციაში ახალგაზრდებს მოუწოდებს, ჯარში არ წახვიდეთო. “გირჩი” სწორედ ასეთი მოწოდებებით გამოდის.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ასეთი ორგანიზაცია გაჩნდეს ისრაელში, რომელიც ახალგაზრდებს სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს. საზოგადოება თავად გააქრობს ამ ორგანიზაციას. გააქრობს იმიტომ, რომ, ჩვენგან განსხვავებით, ებრაელები ცნობიერებაწარყვნილები არ არიან.
თავად “გირჩი” საერთოდ არ მაინტერესებს, მათ თავისი საქმე აქვთ და იმას აკეთებენ. იმაზე ვდარდობ, რომ საზოგადოებაში აქვთ მას დასაყრდენი.
ამ სიშიშვლის აქციის გასამართლებლად ვიღაცამ წამოიკნავლა, ბრძოლის წინ შოტლანდიელებმაც აჩვენეს ინგლისელებს შიშველი უკანალებიო. ეს სცენა არის ფილმში “მამაცი გული”.
შოტლანდიელებსა და “გირჩებს” შორის ერთი პატარა განსხვავებაა. შოტლანდიელები ინგლისელების დასანახავად, თავიანთ შოტლანდიურ კილტებს რომ აიწევენ, მერე 180 გრადუსით მოტრიალდებიან, შუბებით და მახვილით ეკვეთებიან მტერს.
ატოცთან კი რა მოხდა, სიშიშვლის დემონსტრირების შემდეგ, ჩასხდნენ მანქანებში, მოწიეს პლანი და კაფეში დასხდნენ ყავის დასალევად.
– “გირჩთა” სიშიშვლის აქციაზე ერი კიდევ დიდხანს ილაპარაკებდა, მაგრამ ეს ამბავი რუსთაველის გამზირზე მომხდარმა არეულობამ გადაფარა, სადაც შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად მისულ არასამთავრობოებს პოლიცია კარვებს არ აშლევინებდა. ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?
– მინდა მივმართო სამტრედიელ-მილანელ თბილისის მერს, კარგია ფეისბუქ-ლაივები და პიჯაკების ცვლა, მაგრამ ხალხზე ეს აღარ მუშაობს და ვინმე ნორმალური მრჩეველი ნახე.
ამ ადამიანს აქვს უდიდესი ტრაგედია გადატანილი. წლების წინ მას ძმა ფულის გამოძალვის მიზნით მოსტაცეს და მოუკლეს. მაშინ მთელი საქართველო მისი ჭირისუფალი იყო. მახსოვს, ნაკრების თამაშზე, სტადიონზე როგორ ჩამოსდიოდა ცრემლები. მასთან ერთად ვტიროდით ყველა.
ამხელა ტრაგედია რომ აქვს კაცს გადატანილი, ერთხელ როგორ არ გაუჩნდა იმის სურვილი, მისულიყო რუსთაველზე და შვილმოკლული მშობლებისთვის სამძიმარი ეთქვა.
– იქ რომ მივიდეს, შეიძლება “ოცნებაში” სხვანაირად გაიგონ.
– ვის ეწყინება და ვის არა, ეს გვერდზე უნდა გადადოს და გამწარებულ მშობლებთან, როგორც კაცი, ისე მივიდეს. სხვა თუ არაფერი, ვეფხვის და მოყმის ქვეყანა ვართ. როგორ დავიჯერო, რომ სამტრედიის სკოლებში ამ ლექსს არ ასწავლიდნენ.
– სამტრედიის სკოლებში ამ ლექსს როგორ არ ასწავლიდნენ, მაგრამ ფეხბურთით იყო გატაცებული და შეიძლება არ ისწავლა.
– კარგი, სკოლაში არ ისწავლა, თბილისში ხომ დგას ვეფხვის და მოყმის ძეგლი? როგორც თბილისის მერმა, ერთხელ მაინც არ იკითხა, რასთან იყო კავშირში ეს ძეგლი? წერილების წერას და მერე თავის მართლებას, რუსთაველზე მისვლა ბევრად ჯობია.
ნაციონალები რასაც წარმოადგენდნენ, ვინ მასწავლის, მაგრამ ისინი თვეების მანძილზე იტანდნენ საკნებს ქალაქს. ამათ რა ჭირთ ასეთი? ან რად უნდათ ისეთი ნაძვის ხე, რომელიც შვილებმოკლული მამების ცრემლზე დაიდგმება. ამ ხალხისთვის, დავიჯერო, ადამიანობა აღარ არსებობს?
მას თუ შვილმოკლულ მამებთან მისვლის ეშინია, თქვას და პირადად მე წავყვები მათთან. საჯაროდ ვაძლევ პირობას, რომ მილანში შეჭრილი თმიდან ერთი ღერი არ ჩამოუვარდება. ეპისტოლურ ურთიერთობას მამებთან დალაპარაკება ჯობია. დაელაპარაკოს იმათ და მერე გადაწყვიტოს, უნდა დაიდგას თუ არა იქ ნაძვის ხე.
ანდა ამ ძვირადღირებულ ნაძვის ხეს რომ დგამს მოშიმშილე თბილისში, რატომ არ იკითხა, უნდათ თბილისელებს ყოველ წელს ახალი ნაძვის ხე? შარშანდელი ნაძვის ხე არ ივარგებდა?
– საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ხელისუფლება ასეთ სულელურ ნაბიჯებს რომ დგამს, ვერ ხვდება, რომ ეს მოწინააღმდეგის წისქვილზე ასხამს წყალს?
– ამ მეორე ტურის წინ ორივე მხარე ზედმეტად ფაფხურობს, “ქართული ოცნება” კი ამომრჩეველს პირდაპირ ატყუებს, როცა ეუბნება – ჩვენ თუ არ ვიქნებით, ნაცები მოვლენ. ნაცები როგორღა უნდა მოვიდნენ, როცა უკვე მოსულები არიან.
მათ საპრეზიდენტო არჩევნებზე 600.000-ზე მეტი ხმა აიღეს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ “ოცნება” პორტირებული ნაცებით არის სავსე. ოფიციალურად არიან ხელისუფლებაში და ხალხს რაღას ატყუებენ, მოვლენო. ამ ტყუილებს ჯობია, გამოვიდნენ და ღიად თქვან, რაშიც არის საქმე.
– რაშია საქმე?
– საქმე იმაშია, რომ პრინციპულად უნდათ პრეზიდენტად სალომეს დანიშვნა და ნაცების მოსვლის გამო სულ არ დარდობენ, სააკაშვილის გარდა, ისედაც ყველა დაბრუნებულია. ჩვენ, “დემოკრატიული მოძრაობა”, ძალიან მალე შევქმნით მესამე ძალას და ხალხთან ერთად, ორივე მხარეს მოვთხოვთ პასუხს.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ უშვებს არჩევნების წინ ხელისუფლება ასეთ შეცდომებს, დღეს “ქართული ოცნება” ინსტინქტებით მუშაობს. მათი ყოველი ნაბიჯი შიშის ინსტინქტიდან გამომდინარეობს. ამიტომ მათ ქმედებებში ლოგიკას ნუ ვეძებთ.
რომელ ლოგიკაზეა საუბარი, როცა 6 წელიან ზღაპრებს გვიყვებიანნ რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არ არსებობს და ამ დროს ივანიშვილი მთავრობას 22.00 საათამდე ყოველდღე თათბირებს უტარებს.
ამათი სიტუტუცის კიდევ ერთი აპოლოგია ისაა, რომ გამოდიან და გაიძახიან, სალომე დამოუკიდებელი კანდიდატიაო.
– სალომეს გაპრეზიდენტების აჩემება რაღაცით ხომ უნდა იყოს გამოწვეული?
– ხელისუფლებას ჰგონია, რომ პრეზიდენტი თუ მათი კანდიდატი გახდება, ის საერთაშორისო ასპარეზზე ყველაფერს “ოცნების” სასარგებლოდ გაანეიტრალებს.
მნიშვნელობა არა აქვს, გახდება თუ არა ზურაბიშვილი პრეზიდენტი, ჩათვალეთ რომ ხელისუფლება უკვე დამარცხებულია.
– რატომ არის “ოცნება” უკვე დამარცხებული?
– იმიტომ, რომ ნაციონალები მონაგონი იქნება იმ დღიდან, როდესაც სალომეს პრეზიდენტად დანიშნავენ.
– დარწმუნებული ხართ, რომ გამოუვათ მისი გაპრეზიდენტება?
– ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს ქალი პრეზიდენტად გაიყვანონ. ამის შემდეგ სალომე “ქართულ ოცნებას” საშინელ დღეში ჩააგდებს. ისეთ დღეში ჩააგდებს, ნაცები მოენატრებათ. პრეზიდენტობის კანდიდატიც კი ვერ შეარჩიეს ნორმალური.
საბჭოთა კავშირს საგარეო საქმეთა მინისტრად ჰყავდა გრომიკო, რომელიც ძალიან მაღალი დონის დიპლომატი იყო. მის მაღალ კლასს ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსებიც აღიარებენ. მას მეტსახელად ეძახდნენ ნოუ-ს. ყველაფერზე არას ამბობდა.
გრომიკოსთან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილსაც ნოუ-ს ეძახიან “ქართულ ოცნებაში”. პარტიის ოფისში სულ გაბრაზებული სახით დადის და რაც არ უნდა უთხრან, ეს დიაცი გაბრაზებული სახით ყველაფერზე ინგლისურად ნოუ-ს ყვირის.
პარტიაში მას ქალბატონ მისის ნოუდ მოიხსენიებენ. გრომიკო ამ ნოუ-თი საქმეს აკეთებდა, ეს გაბრაზებული დადის და არ იციან, რა უნდა. “ოცნებაში” უკვე დაცინვაც დაუწყეს, რომ გამოჩნდება ერთმანეთს ეუბნებიან – აუ, ნოუ მოვიდაო. მერე მიდიან, საგანგებოდ რაღაცას კითხავენ, ის ტრადიციულად იტყვის ნოუს და გაივლის. რატომ აქვს ეს სიტყვა ამოჩემებული, არავინ იცის. ან ქართული არა თქვას, ან ფრანგული, რას გადაეკიდა ამ ინგლისურ ნოუს.
– ეტყობა, გრომიკოს ბაძავს.
– ეტყობა.
– დასცინიანო, ამბობთ და გამოდის, რომ აღარ უნდათ მისი პრეზიდენტობა.
– აღარ უნდათ რომელია, მისი დანახვაც კი აღარ შეუძლიათ.
– არჩევნებამდე დაახლოებით თვენახევრით ადრე ინტერვიუში გვითხარით, ივანიშვილი უკვე ნანობს სალომეს კანდიდატყრის დასახელებასო. ბიძინა ისევ სინანულშია თუ შეცვალა პოზიცია?
– აქამდე თუ მარტო ნანობდა მისი კანდიდატურის დასახელებას, ახლა მისი დანახვაც კი აღარ უნდა. უბრალოდ, ერთხელ რომ ამოიჩემა, უარი ვეღარ თქვა, ახლა მისთვის ზურგის შექცევა უკვე გვიანია.
– ზემოთ თქვით, რომ მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას აპირებთ. რამე კონკრეტული გეგმა აქვს “დემოკრატიულ მოძრაობას”?
– ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვირეკავს და მოგვიწოდებს, რომ მესამე ძალა შეიქმნას. მესამე პოლიტიკური ძალის შექმნა არის გარდაუვალი და ეს მესამე ძალა ვიქნებით ჩვენ – “დემოკრატიული მოძრაობა”. ჩვენ ნაცებთან ერთი დღეც არ ვყოფილვართ, არც “ოცნებასთან” გვითანამშრომლია.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა