დავით მაყიშვილი – “ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დავალებით ქართველ სამხედროებს ომი გამოგვიცხადა”

დავით მაყიშვილი - "ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დავალებით ქართველ სამხედროებს ომი გამოგვიცხადა"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა აგვისტოს ომის მონაწილე ქართველი სამხედროების დაკავებაც მოითხოვოს. ეს სკანდალური განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “იმედის” ეთერში გააკეთა.
– ჰააგაში ერთი არის სისხლის სამართლის სასამართლო, სადაც გამოძიება მიმდინარეობს და ქალბატონი ფატუ ბენსუდა ყველას გვახსოვს აქ იყო, ეს არის ის სასამართლო, სადაც ის არის პროკურორი და აქ საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ არის და ვერასოდეს ვერ იქნება მხარე. ქალბატონ ფატუ ბენსუდას მიჰყავს გამოძიება დანაშაულებზე, რომელიც მოხდა აგვისტოს ომის დროს და თუკი ის მივა დასკვნამდე, რომ გარკვეულ ეპიზოდებში მართლაც არის დანაშაული მომხდარი, მან შეიძლება დაკავების მოთხოვნით, კონკრეტული ადამიანების, მიმართოს იმავე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს. აქ შეიძლება დადგეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა განურჩევლად მოქალაქეობისა და განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.
წულუკიანის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აგვისტოს ომის მონაწილე ქართველი სამხედროები მინისტრს ღალატში ადანაშაულებენ. თადარიგის პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი იუსტიციის მინისტრს საგანგებოდ მიმართავს და აცხადებს, რომ თუ მართლა იქნება ქართველი სამხედროების დაკავების მოთხოვნა, ეს იქნება საქართველოს გასამართლება.
– მივმართავ ქალბატონ თეა წულუკიანს! თქვენ მიერ 14 ნოემბერს გაკეთებული განცხადება აშკარად მიუთითებს იმას, რომ თქვენი გამყიდველი და მოღალატეობრივი პოლიტიკით ვერ შეძელით და ვერ დააჩოქეთ ქართული ჯარი და ზოგადად ქართველი ჯარისკაცი, რასაც პირადად თქვენ მთავრობაში მოსვლის დღიდან აკეთებდით, თქვენი განკარგულებით და ხელმოწერების საფუძველზე იქნა დაკავებული ბევრი სამხედრო, რომლებიც წლების განმავლობაში იხდიდნენ სასჯელს აბსურდული ბრალდებებით.
თქვენ უკვე ექვს წელზე მეტია ცდილობთ, დაანგრიოთ და სახელი შეულახოთ ქართული ჯარის ინსტიტუტს, უბრალოდ, XXI საუკუნეში ვერ გაბედეთ სტალინის რეჟიმის მსგავსად ჩვენი დახვრეტა და განადგურება, როგორც ეს კომუნისტურმა რეჟიმმა კატინში პოლონელ ოფიცრებს გაუკეთა. თუმცა თქვენ მაინც შეძელით რამოდენიმე ოფიცრის სიცოცხლის ხელყოფა და ახლა ცოცხლად გადარჩენილებს გასამართლებით გვემუქრებით.
თქვენ კიდევ ერთხელ გვიღალატეთ და მიგვატოვეთ პირისპირ მტერთან ბრძოლაში.
ჩვენ არ გვეშინია, წარვსდგებით ჰააგის სასამართლოში რადგან ჩვენ, 2008 წლის ომის ვეტერანებს, თქვენგან განსხვავებით, ბევრად კარგად გვესმის, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის გასამართლება და არა ინდივიდუალურად რომელიმე ჩვენთაგანისა, რადგან ჩვენ მაშინ იმ ბრძოლაში სახელმწიფოს წარმოვადგენდით და ვიცავდით მის სუვერენიტეტს, რომელიც თქვენ არაერთხელ გაყიდეთ და დათმეთ.
“სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება, ერთი გაბრაზებული თაობა თუ დამხვრეტს, მეორე მკვდრეთით აღმადგენს!”, – წერს მაყიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
“ახალ თაობასთან” საუბარში მაყიშვილი აკონკრეტებს, თუ რატომ სდებს წულუკიანს ბრალს ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში.
– 2012 წლის არჩევნების შემდეგ, პირველი იერიში და დარტყმა ახალმა მთავრობამ შეიარაღებულ ძალებზე მიიტანა, პირადად თეა წულუკიანის განკარგულებით დაკავებულ იქნენ მაშინდელი გენერალური შტაბის უფროსი, მეოთხე და მეორე ბრიგადის მეთაურები, სახმელეთო ჯარების მთავარი სერჟანტი და ათეულობით რიგითი და კაპრალი.
მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ღიად და დაუფარავად გვდებდა ბრალს ომის დაწყებაში და ერთი-ერთში იმეორებდა იმ ფრაზებს, რაშიც მანამდე რუსეთის ოკუპანტი მთავრობა ბრალს გვდებდა 2008 წლის ომთან დაკავშირებით.
ჯერ კიდევ 2012 წელს თეა წულუკიანი მოგვევლინა ქართველი ჯარისკაცების სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელად და სავსებით რეალურია, რომ ის პირადად ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებდა – გაენადგურებინა ისეთი ძლიერი ინსტიტუტი, როგორიც შეიარაღებული ძალები იყო. ვის დავალების და ნების შესრულებას შეუდგა ივანიშვილი მოსვლის დღიდან, ეს უკვე საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს და ყველასათვის ცხადია, ეს იყო რუსეთის პირდაპირი დაკვეთა.
ამას მოჰყვა სამხედროების გახმაურებული სასამართლო პროცესები, სადაც ბევრი მოქმედი სამხედრო იქნა დაპატიმრებული აბსურდული ბრალდებებით. ბევრი მათგანი იძულებით ემიგრაციაში წავიდა და ბევრი მათგანი დღესაც დაპატიმრებულია, ხოლო ვისგანაც ვერ მიიღეს სასურველი ჩვენებები, ისინი გაურკვეველ და საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ, – აღნიშნავს “ახალ თაობასთან” საუბარში თადარიგის პოლკოვნიკი მაყიშვილი.
ის ჩვენთან იმაზეც საუბრობს, თუ რატომ გადაწყვიტეს სამხედროებმა სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო საჯარო განცხადებების გაკეთება. ის წულუკიანის გააქტიურებას სწორედ ამ საჯარო განცხადებებს უკავშირებს.
მაყიშვილის განმარტება ასეთია:
– ფაქტია, რომ ქართველი ჯარისკაცი ვერასდროს შეეგუება იმ განცხადებას, სადაც მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი პირდაპირ გვადანაშაულებს ომის დაწყებაში. ბოლო დროს ყოფილი სამხედროების საჯარო განცხადებებს “არა სალომე ზურაბიშვილს” დიდი პანიკა და არეულობა მოჰყვა სახელისუფლებო ძალებში. აი, ზუსტადაც ამ დროს ისევ გააქტიურდა თეა წულუკიანი და საქართველოს სახელმწიფოსა და შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ჩადებული ნელი მოქმედების ნაღმი, ჰააგის სასამართლოს სახით, ისევ მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში.
ისინი მიხვდნენ, რომ ბოლომდე ვერ გატეხეს და ვერ დააკნინეს შეიარაღებული ძალები. ის თადარიგის ოფიცრები და რიგითები, რომლებიც ბოლო პერიოდში დაუპირისპირდნენ სალომე ზურაბიშვილს, სერიოზული ძალა აღმოჩნდა და ქვეყნის მმართველობას სხვა გამოსავალი არ დარჩა მათ დასაშინებლად, რასაც თეა წულუკიანის მხრიდან 14 ნოემბერს გაკეთებული განცხადება მოჰყვა.
“ახალ თაობასთან” საუბარში მაყიშვილი ამბობს, რომ ქართველ სამხედროებზე ნადირობა უკვე დაწყებულია.
– მანამდე არაერთ ფაქტთან გვქონდა საქმე, თუნდაც ბოლო და გახმაურებული ფაქტი, როდესაც საქართველომ რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცა უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების მონაცემები, ეს ფაქტია და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობა ყველა საშუალებით ებრძოდა შეიარაღებულ ძალებს, – აღნიშნავს ქართველი სამხედრო.
სამხედროების საჯარო განცხადებებზე საქართველოს ხელისუფლებას საკმაოდ მწვავე რეაქცია ჰქონდა. საზოგადოების ნაწილიც მიიჩნევს, რომ სამხედროებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება არ აქვთ.
ამაზე თადარიგის პოლკოვნიკს ასეთი პასუხი აქვს:
– ირაკლი სესიაშვილი და უმრავლესობის წევრები გმობდნენ თადარიგის სამხედროების ბოლოდროინდელ განცხადებებს და თავიანთ ბოდვას ამყარებენ იმ არგუმენტით, რომ სამხედროს არ აქვს პოლიტიკური განცხადების გაკეთების უფლება.
ეს სრული აბსურდია და მათ პანიკურ მდგომარეობას რეალურად ასახავს.
გენერალი ჭანკოტაძე არის თადარიგის სამხედრო, მას წესდებით აქვს უფლება, ატაროს ფორმა და გენერლის სამხრეები, სადაც უნდა და როგორც მას სურს, მას არ გააჩნია თმენის ვალდებულება, როგორც ყველა იმ თადარიგის სამხედროს, ვინც ამ კამპანიას შეურთდა, ისინი ისეთივე მოალაქეები არიან, როგორც სხვა დანარჩენი და ორმაგად შესტკივათ გული სამშობლოზე, რადგან მათ არაერთხელ ჩახედეს სამშობლოსთვის სიკვდილს თვალებში.
ამიტომაც მათ გააჩნიათ სრული უფლება როგორც პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისა, ასევე საჯაროდ თავისი აზრის დაფიქსირებისა.
დავით მაყიშვილი კატეგორიულად უარყოფს იმას, რომ სამხედროები ვინმეს გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
– ვაშაძის მხარდაჭერა ნებისმიერი ადამიანის პირადი აზრია და მათ აქვთ არჩევანის უფლება. არც ერთ თადარიგის სამხედროს არ მოუწოდებია მოსახლეობისთვის, ხმა მიეცათ გრიგოლ ვაშაძისათვის, მთავარი მესიჯი ამ აურაცხელი განცხადებებისა მდგომარეობდა შემდეგში – “ჩვენ ომი არ დაგვიწყია და არ მივცემთ ხმას იმ კანდიდატს, ვინც ჩვენ ამ ომის დაწყებაში გვადანაშაულებს”.
ის, რომ დღევანდელი ხელისუფლების კანდიდატის მოსაზრება ომთან დაკავშირებით არასდროს არ დაემთხვევა სამხედროების მოსაზრებას, ეს ფაქტია და ყველასთვის ცხადია, რომ ხელისუფლება შეეცადა, კიდევ ერთხელ შეესრულებინა რუსეთის დავალება ზურაბიშვილის სახით.
ესეც უდაოა, ამიტომაც მოვუწოდებ მთავრობას, რომ ჩვენში, ვეტერანებში, კი არ უნდა ეძებოს დამნაშავეები, არამედ თავიანთ სახელისუფლებო შტოებში, ვისი იდეაც იყო მოღალატეობრივი პოლიტიკის გატარება და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის ინიციატივა, – განაცხადა “ახალ თაობასთან” საუბარში მაყიშვილმა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა