გერგეტის სამებამდე მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა დასრულდა

გერგეტის სამებამდე მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა დასრულდაყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი 5.6 კმ-იანი გზის მშენებლობა დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ცემენტ-ბეტონის საფარიანი ახალი გზა, წყალგამტარი მილები, გზის საყრდენი კედლები, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები და განხორციელდა გზის კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე, ახალ გზაზე დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებიც.
გერგეტის ტაძრამდე მისასვლელი ძველი გზა ვიწრო და გრუნტოვანია, რომელიც ახალი გზის პარალელურად იარსებებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან. ახალი გზა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ყაზბეგის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 7.793.854 ლარი შეადგინა. გზის სამშენებლო სამუშაოები შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ განახორციელა.

ბიემჯი