ირმა ინაშვილი – “ზურაბიშვილის გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ, “ოცნება” კი ვითომ ვერ გვამჩნევს”

მოვუსმინე ეკა ბესელიას და მომეჩვენა, რომ ისინი კვლავ აგრძელებენ ტენდენციას, ჩვენ არ დაგვინახონ და ვერ შეგვამჩნიონ, ვითომ, არ ვარსებობთ, არ ვართ და ა.შ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

„ეს ასეა, თორემ თუ კოალიციური მთავრობის პერსპექტივაზე ვსაუბრობთ, არავითარი „ნაცმოძრაობის“ და ბოკერიების საჭიროება არ არის. ქალბატონ ეკასთან ძალიან თბილი, კონსტრუქციული ურთიერთობა მაქვს და მინდა, ღრმა პატივისცემაც დავუდასტურო, მაგრამ ყველას ვეუბნები – ჩვენ აქ ვართ!“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების პირველ ტურში ხალხისგან სილის გაწვნა იმიტომ მიიღო, რომ ისინი, ექვსი წლის განმავლობაში, ქართველ ხალხსაც ისევე ვერ ამჩნევდნენ, როგორც „პატრიოტთა ალიანსს“ ვერ ხედავენ.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანალიტიკოს ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, რა როლი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში „პატრიოტთა ალიანსის“ ჩართვას, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ თავიდან, ისინი სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი არ ყოფილან, მაგრამ შექმნილმა ვითარებამ აიძულათ, მხარი მისთვის დაეჭირათ და მის გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს.

„რა წვლილი შევიტანეთ?! ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ ეს 500.000-ზე მეტი მხარდამჭერი არჩევნებზე მოვიდა და ხმა ქალბატონ სალომეს მისცა. ჩვენ გავააქტიურეთ პარტიის აქტივი და მისი აბსოლუტური უმრავლესობა ამ აქციაზე წარმოდგენილი იყო“, – განაცხადა ინაშვილმა.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ამაზე არ ილაპარაკებს „ქართული ოცნება“, რომელსაც ამ აქციის ორგანიზებაში არავითარი წვლილი არ მიუძღვის.

„მეტსაც გეტყვით, იგივე დღეს, მთელი თბილისის მასშტაბით, ლოკალური აქციები დაგვინიშნეს და თავის მხარდამჭერებს ზოგი მრგვალ პარკში მოუხმობდა, ზოგიც – ჩუღურეთში. ეს ჩემთვის აბსოლუტურად აუხსნელი რამ იყო. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს პირდაპირ გეუბნებით – პოლიტიკაში ასეთი რამ არასწორ საქციელად ითვლება და არა მარტო პოლიტიკაში, ცხოვრებაშიც ასეა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პირველი არხი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018