ჯელალ ქიქავა – “ესენი თავის ცოლებს აღარ ეფერებიან და რაის ხალხს უნდა მოეფერონ”

ჯელალ ქიქავა - "ესენი თავის ცოლებს აღარ ეფერებიან და რაის ხალხს უნდა მოეფერონ"რატომ გამორბის ხალხი მმართველი პარტიიდან, რატომ ვერაფერს ახერხებს ივანიშვილი, რატომ ვერ გაყალბდება არჩევნები? – ამის შესახებ “ახალ თაობას” არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანობა და დემოკრატიის პრინციპების” ხელმძღვანელი ჯელალ ქიქავა ესაუბრება.
– არჩევნებში მარცხნაჭამმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მეორე ტურის წინ ხალხის გულის მოსაგებად მათ მოეფეროს. თავად ამბობენ, გავალთ და მოვეფერებითო. თქვენ დიდი ხანია, პოლიტიკაში ხართ და ასეთი რამე გსმენიათ?
– პოლიტიკაში მართლა ძალიან დიდი ხანი ვარ, მაგრამ ასეთი რამე მართლა არ გამიგია. ამათგან ყველა უცნაურობაა მოსალოდნელი, მაგრამ რა ჰგონიათ, გამოუვათ რამე? ესენი თავის ცოლებს არ ეფერებიან და რაის ხალხს უნდა მოეფერონ? ამგენმა არც მოფერება არ იციან. ან ვინ მოაფერებინებს ამათ თავს.
ახლა რომ მოუნდათ ხალხზე მოფერება, აქამდე სად იყვნენ? თავიანთ გარემოცვას კარგად ეფერებოდნენ.
– აკი მოფერება არ იციანო?
– სხვანაირ მოფერებას ვგულისხმობ, გარემოცვას და საჯარო მოხელეებს ბევრ ფულებს უხდიდნენ. დანარჩენი ხალხი არ აინტერესებდათ. მაგათ გათვლილი ჰქონდათ, რომ ვისაც ფულს აძლევდნენ, ისინი ხმას მისცემდნენ. ყველა უბანზე 300 ხმა უნდა აეღოთ, მაგრამ მიიღეს 100-100 ხმა.
რაც არ უნდა მოფერება დაიწყონ, არაფერი გამოვა, ჩვენი ოფისი გაივსო “ოცნების” მხარდამჭერებით.
– თქვენს ოფისში “ოცნების” მხარდამჭერებს რა უნდათ?
– საქმე აქვთ. მოგეხსენებათ, რომ მე ოპოზიციის გაერთიანებაში “ძალა ერთობაშია” ვარ გაწევრიანებული. ყოველდღე უამრავი ქოცი მორბის ჩვენთან სიებით, ტელეფონის ნომრებით.
გვეუბნებიან, მეორე ტურზე თქვენსკენ ვართო. პროცესი დაწყებულია და ამას ვერანაირი მოფერება ვერ გააჩერებს. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ოფისში იმდენი ქოცი მოვა, რომ იქ ჩვენი ადგილი აღარ იქნება.
– გინდათ თქვათ, რომ განქოცების პროცესი დაიწყო?
– ქოცები მასობრივად ტოვებენ პარტიას და ოპოზიციაში გადმოდიან. ეს ქართულ პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია. რამდენიმე წლის წინ ასე გარბოდა ხალხი ნაციონალური მოძრაობიდან.
პირადად ბიძინა ივანიშვილიც რომ მოეფეროს ხალხს და თითო ხმაში 100-100 დოლარი გადაიხადოს, მაგენის საქმე უკვე წასულია.
– ვითომ ასე უიმედოდ არის საქმე? ის ბრძენი კაცი ვერაფერს მოიფიქრებს ვითომ?
– გაიგეთ ხალხო, არაა ეს ბიძინა ბრძენი კაცი, მაგას მარტო ფულის შოვნა შეუძლია.
– ესეც თავისებური სიბრძნეა.
– ხო, მაგრამ ამ სიბრძნით პოლიტიკას ვერ მართავ. ბიძინას მე არქიფო დავარქვი და სუფთა არქიფოა. სიბრძნისგან შორსაა, მაგაზე ბრძენი მე ვარ. სამი წიგნი მაქვს წაკითხული, ერთი მაგათგან “მურზილკაა”.
მაგის სიბრძნე კარგად გამოჩნდა, ქვეყანა დაღუპვისკენ წაიყვანა. ამას ხალხი გრძნობს და ამიტომაც აქციეს ზურგი ოლიგარქს. ხალხთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია და ვერც ეს მოიგებს.
– ხალხთან ბრძოლას მართლა ვერავინ მოიგებს, მაგრამ ხალხის მოტყუება არ არის რთული.
– მაგი კი, მაგი კი. ხალხის მოტყუება შესაძლებელია. ჩვენი ხალხი ბოლო წლებში არაერთხელ მოტყუვდა.
– ახლა რატომ ვეღარ მოტყუვდება?
– იმიტომ, რომ მოტყუებასაც აქვს საზღვარი. გამოცდილი პოლიტიკოსი ვარ და 2012 წელს მეც მოვტყუვდი, მეც ბიძინას მივეცი ხმა, მაგრამ ახლა სხვა მხარეს ვარ. ადამიანები ტყუვდებიან, მაგრამ მერე ამაზე სწავლობენ.
ჩვენი ამომრჩეველი ბევრჯერ მოტყუვდა, მაგრამ ბევრი რამეც ისწავლა და მომავალში ვერავინ შეძლებს მათ მოტყუებას. როგორც არჩევნების ნორმალურად ჩატარება ვისწავლეთ, ასევე ვისწავლით ნორმალური არჩევანის გაკეთებასაც.
– მეორე ტურის წინ “ოცნება” ხალხის მოფერებას აპირებს, თქვენ გაქვთ რაიმე გეგმა?
– იმავე გეგმით ვიმუშავებთ, რომლითაც პირველი ტურის წინ ვმუშაობდით – მთელ საქართველოში ვივლით კარდაკარ.
– თქვენც უნდა მოეფეროთ ხალხს?
– ჩვენ ხალხს ვესაუბრებით და ვეუბნებით, რომ არჩევნებზე მისვლა აუცილებელია. არჩევანს ვის სასარგებლოდ გააკეთებენ, ეს მათი საქმეა. აგერ ნახავთ, ყველაფერი როგორ ლამაზად და მშვიდად ჩაივლის. განცხადებები სამოქალაქო ომზე არის ზღაპარი.
– რატომ არის ზღაპარი?
– იმიტომ, რომ ომს არავინ აპირებს. ქოცების 10-15 ზონდერი შეიძლება რაღაცას გეგმავდეს, მაგრამ ძალიან წარუმატებელი იქნება მათი მცდელობა. მალე “ოცნებაში” კაცი არ დარჩება. ბოდიში თქვენთან და დღეს ქოცებში ძირითადად გაბოზებული ნაცები არიან. ბოზს პირდაპირი მნიშვნელობით არ ვგულისხმობ.
არც ომი იქნება და არც – მღელვარება, ყველაფერი დამთავრდება მშვიდად. ხომ ხედავთ, სადამდე მიიყვანა “ოცნებამ” საქმე, თბილისშიც კი წააგეს არჩევნები.
– თბილისის მოგება სახელისუფლებო კანდიდატს ყოველთვის უჭირდა.
– მაგრამ ეს სხვა მომენტი იყო. თბილისელებიც მიხვდნენ, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოება და ყველაფერი არის მოშლილი.
– ასეთი მიუხვედრელი ხალხი ცხოვრობს თბილისში?
– ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ მაგენს მე მანიკურიან ამომრჩეველს ვუძახი. არ შემიძლია ზოგიერთის პრანჭვა-გრეხვა. თბილისით არასდროს არ იზომებოდა შედეგები, მაგრამ თბილისი თუ შენ გაძლევს ხმას, გამოდის, რომ არჩევნებს იგებ შენ.
– თბილისელების გულის მოსაგებად ხელისუფლება გრეჩიხების — ძმები გაჩეჩილაძეების ჩართვას აპირებს.
– ჩართონ მერე. რა უნდა გააკეთოს ან დიდმა ან პატარა გრეჩიხამ. რამდენიმე წლის წინ თბილისის ნაწილს შეიძლება გაევლო მაგათ ჭკუაზე, მაგრამ ახლა სხვა რეალობაა. თბილისელებს სიმშვიდე და კეთილდღეობა ურჩევნიათ გრეჩიხას ჭკუაზე სიარულს.
ხელისუფლებას მინდა ვურჩიო, რომ არჩევნების გაყალბება არც გაბედოს. ჩვენ 28 ოქტომბერს მოვახერხეთ უბნების დაცვა, ამის გაკეთება მეორედაც არ გაგვიჭირდება.
– რეგიონებიდან მოდის ინფორმაციები, რომ უკვე დაიწყეს ხალხის დაბარება პოლიციაში და მათგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ითხოვენ. აჭარის რეგიონში თუ არის ასეთი ფაქტები?
– ჯერ არაფერი გამიგია, მაგრამ არც ეგ იქნება პრობლემა, თუ ვინმეს დაიბარებენ. ხელისუფლებლის წარმომადგენლებს შეუძლიათ, მათ ფულიც კი დაურიგონ.
– რას ქვია შეუძლიათ, ფულიც დაარიგონ?
– ბიძინას ფულით ვერ მოუგებ. ჩვენს წარმომადგენლებს ვეუბნებით, ფული აიღეთ და უარი არ თქვათ ამაზე. მერე კი ვინც გინდათ, ის შემოხაზეთ.
– გინდათ თქვათ, რომ ფულს ისე მისცემენ და იმის მტკიცებულებას არ მოსთხოვენ თუ ვინ შემოხაზეს?
– მოითხოვონ მტკიცებულება, არც ეგაა პრობლემა. ამის საწინააღმდეგო წამალიც არსებობს.
– რა წამალი?
– ვიღაც ერთმა შემოხაზა 48, გადაუღო ამას სურათი და ტელეფონით მოხდა მისი გაგზავნა ჩვენს მომხრეებთან. ყველას, ვინც ქოცებისგან ფული აიღო, აქვს ეს სურათი. ფულის გადამხდელებს მტკიცებულებასაც აჩვენებენ. შემოხაზვით სხვას შემოხაზავენ.
– გგონიათ, რომ ვერ მიხვდნენ ეშმაკობას?
– მიხვდნენ, მაგრამ ახალს ვერაფერს მოიფიქრებენ, ხომ ხედავთ, რა ლოზუნგით გამოვიდნენ, მოგეფერებით და ხმა მოგვეცითო.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა