ხათუნა ლაგაზიძე – „ოცნება“ თვითლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა”

ხათუნა ლაგაზიძე - „ოცნება“ თვითლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა”შვილმოკლული მამების აქციასთან დაკავშირებით ნაძვის ხის კონტექსტში კახა კალაძემ გააკეთა განცხადება, რომ აქციის მონაწილეებმა დეკემბერში კარვები სხვა ადგილას უნდა გაშალონ. ხოლო გიორგი გახარიამ პროცესების განვითარების შემდგომ ვითარების დესტაბილიზაციის რისკზე ისაუბრა, მას შემდეგ რაც აქციაზე ექსცესები განვითარდა.

ხომ არ იქონია ამან გავლენა „ქართული ოცნების“მზარდი რეიტინგის მქონე ფიგურებზე უარყოფითად და რა პოლიტიკურ თამაშს თამაშობს „ქართული ოცნება“? – ამ თემაზე „ახალი თაობა“ პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

_ ორივე ლიდერს საკმაოდ მზარდი რეიტინგი აქვს „ქართულ ოცნებაში“. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს განცხადებები მათ რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედებს?

_ არსებულ სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლება რეალური რისკის წინაშე დგას, რომ პრეზიდენტის პოსტი დაკარგოს და ჰყავს მასზე გაცილებით გამოცდილი მოწინააღმდეგე, როგორც პიარში, ისე ხელისუფლების შეცვლის საკითხში, „ოცნებას“ სათადარიგო გეგმები შემუშავებული უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს, რომ თავად „ოცნება“ ამტკიცებს, რომ ნაციონალები მხოლოდ პრეზიდენტის პოსტით არ დაკმაყოფილდებიან.

ერთ-ერთი სათადარიგო ვარიანტი რეიტინგული ფიგურების შენარჩუნება-შემუშავებაა. სალომე ზურაბიშვილის იმიჯს არ გადააყოლონ, თუ ვინმე ჰყავთ რეიტინგული გუნდში. საპრეზიდენტო არჩევნების მერე ლოგიკურად მოდის საპარლამენტო არჩევნები. თუ ვაშაძემ გაიმარჯვა, ძალიან მაღალი ალბათობით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირისპირ დავდგებით. ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ რომ ვერ გავა, ეს თქვენც კარგად იცით. იმიტომ, რომ აღარც სათანადო რეიტინგი ექნება და აღარც გავლენა. დაიწყება ის პროცესი, რაც დაიწყო 2003 წელს შევარდნაძის გარშემო. მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ შევარდნაძის გარემოცვის ჩამოშლა დაიწყო.

თუ ვაშაძე გაიმარჯვებს, „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლის პროცესი დაიწყება. ჰაერში რჩება „ოცნების“ საკმაოდ მნიშვნელოვანი ხმები, რომელთაც დღეს ობიექტურად იღებს მმართველი პარტია. არ ვსაუბრობ, ადმინისტრაციულ რესურსზე,

_ ანუ თუ სალომე ზურაბიშვილი წააგებს არჩევნებს, „ქართული ოცნების“ დაშლის პროცესი დაიწყება?

_ აუცილებლად დაიწყება, ოღონდ ეს იმ შემთხვევაშიც მოხდება თუ სალომე ზურაბიშვილი მოიგებს. სახელისუფლებო პარტიას 2020 წლამდე ერთიანობის შენარჩუნება გაუჭირდება.

_ მთლიანად წავლენ გუნდიდან და „ოცნება“ მთლიანად დაიშლება თუ ნაწილი წავა?

_ რაღაცა ნაწილი დარჩება, მაგრამ ფრაქციებად დაშლის პროცესზე საუბარი ჯერ კიდევ შარშან დაიწყო და ივანიშვილი პარტიაში როდესაც დაბრუნდა, თქვა, ამიტომ დავბრუნდიო. ამ პროცესს არჩევნების შემდგომ ვერაფერი ვეღარ შეაჩერებს.

„ოცნებამ“ ხარაკირის რეჟიმში გააგრძელა არსებობა. იმის ნაცვლად, რომ ლიდერების ნაწილი გადაინახოს და 2%-იანი ქალის პრეზიდენტად გაყვანას საკუთარი რეიტინგი სრულად არ შესწიროს და არ დაინგრიოს აქა-იქ შემორჩენილი იმიჯი, საპირისპიროს აკეთებს.

„ოცნება“ გარდაუვალი დაშლის წინაშე დგას. თუ წააგო სალომემ, დიდი ალბათობით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხიც დადგება. რა გუნდით გადის „ოცნება“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე? ამაზე ფიქრობს ვინმე? ეს არის მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი. ამ ფორმატით და სახეებით რომ ვერ გავა, ეს ცალსახაა.

ამ დროს „ოცნების“ ამომრჩეველი უპატრონოდ დარჩება. სხვა პოლიტიკური ძალა ჯერჯერობით არ ჩანს, ბევრი ნაციონალებს ხმას ვერ მისცემს და ბევრი ხმა იქნება ქუჩაში, ანუ პატრონის მაძიებელი ხმა იქნება ბევრი.

„ოცნება“ რეიტინგული ფიგურების შენარჩუნებაზე უნდა ფიქრობდეს, რომლებიც გარეთ დარჩენილი ხმების შემოკრებას შეძლებენ და რაღაც ფორმატით მაინც იქნება პარლამენტში წარმოდგენილი. ან გაიზიარებს „მოქალაქეთა კავშირის“ ბედს. თუმცა, იქაც ცალკეულმა ფიგურებმა მონახეს თავის ადგილი პოლიტიკურ სივრცეში.

_ იყო საუბარი, რომ კალაძე თავისი პოლიტიკური გუნდის შექმნით არის დაინტერესებული. კალაძემ პირველი ტურის შემდეგ თქვა, რომ ზურაბიშვილისთვის არ უნდა დაეჭირათ მხარი, მერე ხმები გამოვიდა დაპირისპირებაზე და სხვა ენით დაიწყო კალაძემ საუბარი. ხომ არ გგონიათ, რომ რეიტინგული ფიგურების განეიტრალება ივანიშვილის განზრახვაა?

_ ამ წუთას „ქართული ოცნება“ ხარაკირის რეჟიმშია. ალბათ ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ „ქართული ოცნების“ გემი ჩაიძირება, ყველა ერთად უნდა ჩაიძიროს. ფიქრობენ იმაზე, რომ პოლიტიკურ ველს ნაციონალებს უსუფთავებენ?! უნდა ჰქონდეთ ბე და ცე გეგმა და ნაწილმა მაინც მოახერხოს გადარჩენა და ყველა სალომეს ფარად არ დაუდგეს.

თვითონ კალაძეს პოლიტიკური ალღო კი აქვს, რომ მისი ფიგურისთვის დამაზიანებელი განცხადებები არ გაეკეთებინა. რეალურად ის ერთადერთია, ვინც ამ 6 წლის განმავლობაში გადარჩა „ქართული ოცნებიდან“. ამ ალღოს გარეშე ვერ გადარჩებოდა. როგორც ჩანს, ეს განცხადებები მთლად მისი თავისუფალი ნების გამოხატულება არ უნდა იყოს.

გახარიას რაც შეეხება, ისეთ პოზიციაზეა, რომ ვალდებულია, ასეთი განცხადებები აკეთოს.

„ოცნებას“ ასეთი სტრატეგია აქვს, რომ ყველა პოლიტიკური ფიგურა, ვისაც რესურსი ჰქონდა, პოლიტიკურ გვამებად აქციოს. შევარდნაძე გუნდს არ ავალებდა, გინდა თუ არა თვითმკვლელობის რეჟიმში გადადიო. უბრალოდ, მის გვერდით დარჩენილმა უმრავლესობამ სიტუაციას ალღო ვერ აუღო.

„ოცნების“ ფიგურებს პოლიტიკური გადარჩენის სურვილი კი აქვთ, მაგრამ ამის საშუალება არ ეძლევათ. რა ურჩევნია „ოცნების“ ლიდერშიპს, რომ მარტო დარჩნენ ნაციონალების პირისპირ? არ სჭირდებათ პარტია, რომელიც მომავალ პარლამენტში ნაციონალების ალტერნატივას თუ ვერ შექმნის, მათგან განსხვავებული განსხვავებული ხმა მაინც იქნება? მხოლოდ ნაცმოძრაობა და სხვა არავინ _ ამ რეალობას ქმნის დღეს „ქართული ოცნება“.   კლავენ საკუთარ პოლიტიკურ გუნდში შემორჩენილ პოლიტიკურ ფიგურებს.

_ გვახსოვს, რომ სხვებიც მოკლეს პოლიტიკურად, ყველა შუაში მყოფი პოლიტიკური ძალა.

_ დიახ, ზუსტად. ჩამოიშორეს სხვები. როგორი პოლიტიკური სიბეცე იყო მხოლოდ „ქართული ოცნების“ შესვლა პარლამენტში, ეს ამ სიტუაციამაც გამოაჩინა. იგივე უსუფაშვილის, „ფორუმის“ რამდენიმე ფიგურის, ალასანიას კოალიციაში ყოფნის დროს, კოალიცია ასეთ შეცდომებს ხომ არ უშვებდა?! არ დააშვებინებდა ეს ხალხი.

ის, რომ კონსენსუსური ფიგურა დათო უსუფაშვილი არ აირჩიეს პრეზიდენტობის კანდიდატად, რომელიც სალომესავით ტოქსიკური არ იქნებოდა, „ოცნების“ სიბეცეზე მეტყველებს. ახლა ის მაინც გააკეთონ, რომ შემორჩენილი ვინც ჰყავთ, იმათ მაინც ნუ კლავენ.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ მიზანმიმართულად ხდება ამ პოლიტიკური ფიგურების პოლიტიკური კვდომის პროცესი. თუ ის განცხადებები გინდა, რაც გაკეთდა, ისეთს მაინც გააკეთებინე, ვისაც ვეღარაფერს უშველი. მაგალითად, კობახიძეს იმიჯურად აღარაფერი უშველის. ამ დროს თანამდებობრივად ეკუთვნის ასეთი განცხადებები. რა შუაშია ქალაქის მერი ასეთ განცხადებებთან. ასე რომ, რაციონალიზმის ვერანაირ ნიშანს ვერ ვხედავ.

თუ სალომემ გაიმარჯვა, იმიჯურად აბსოლუტურად დანგრეული გუნდით „ოცნება“ 2020 წლამდე მიღოღებას როგორ აპირებს? ამ კითხვას ვინმე სვამს?! თუ საკუთარი ლიდერების წინააღმდეგ ბოღმასთან გვაქვს საქმე, რომ ტოქსიკური სალომე პირველ ტურში ვერ გაიყვანეს და ამით უხდიან სამაგიეროს? „ქართული ოცნება“ თვითლიკვიდაციის რეჟიმშია.

_ ახსენეთ, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება თუ ვაშაძე გაიმარჯვებს. რაზე დაყრდნობით ამბობთ ამას, როცა პრეზიდენტს ამის უფლებამოსილება არ აქვს?

_ ძალიან რთულია მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან კონსტიტუციურად და პროცედურულად რთულად წარმოსადგენია. ნაცმოძრაობის და „ევროპული საქართველოს“ რაციონალური ნაწილიც მხარს უჭერენ არჩევნების გზას, მაგრამ სააკაშვილის დაბრუნების ალბათობა ხომ არსებობს. ამ შემთხვევაში პროცესების პროგნოზირება შეუძლებელია. ორივე სცენარი რეალურია.

თუ სააკაშვილი არ ჩამოვიდა, მაშინაც შეიძლება პროცესების ამგვარად განვითარება. სააკაშვილი არ არის ის ფიგურა, ვინც დროს დაელოდება და შეეცდება, ნაღები მოხადოს შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას. როგორ და რა ფორმით, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. თუმცა, როგორც გითხარით, სალომეს პრეზიდენტობის შემთხვევაშიც „ოცნების“ დაშლა   და რაღაც ახალი ფორმატების შემუშავება გარდაუვალია.

„ოცნებაში“ რაციონალური ფიგურები საკუთარი პოლიტიკური მომავლის გადასარჩენად ახალ ფორმატებს მოძებნიან.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა