ხათუნა რაზმაძე – ”იაგო ნებიერიძე ჩემი შვილის გატაცებასთან კავშირშია, ითხოვდა 20.000 დოლარს” – გორის პარკში ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის ძებნა შეწყდა

ხათუნა რაზმაძე - ”იაგო ნებიერიძე ჩემი შვილის გატაცებასთან კავშირშია, ითხოვდა 20.000 დოლარს” - გორის პარკში ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის ძებნა შეწყდაგორში 2004 წელს გატაცებული და ამ დრომდე გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის დედა მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. ხათუნა რაზმაძე ამბობს, რომ ოჯახმა არ იცის რა ეტაპზეა გამოძიება, თუმცა მოლოდინი აქვთ, რომ ბიჭის უგზოუკვლდ დაკარგვის საქმე გაიხსნება.

„2004 წელს იაგო ნებიერიძეს ბრალი ვერ წაუყენეს გატაცებისთვის, ის თაღლითობისთვის დააკავეს. დაველოდოთ ამ ყველაფერს და ვფიქრობ, გაირკვევა ყველაფერი. ნამდვილად ის არის კავშირში ჩემი შვილის გატაცებასთან. 2004 წელს იაგო ნებიერიძე ავტოფარეხს აკეთებდა ჩვენთან და იქ გაიცნო ჩემი შვილი. მან დაწერა წერილი, რომელიც მივიღე და ეს აღიარა კიდეც. ითხოვდა 20 ათას დოლარს, მაგრამ არ გადაგვიხდია. ველოდებით, რომ ნამდვილად გაიხსნება ეს საქმე“, – განაცხადა ხათუნა რაზმაძემ.

ცხედრის ძებნაში დღეს დილიდან სამხარაულის სახელობის ბიუროც ჩაერთო. სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები გორის პარკში გუშინ გვიან ღამით დაიწყეს.

ამ ეტაპზე გორში ცენტრალურ პარკში სამძებრო სამუშაო შეწყდა, კრიმინალისტებმა ტერიტორია უკვე დატოვეს, თუმცა ადგილზე რჩებიან პოლიციის თანამშრომლები. ასევე, ამ დრომდე, აკრძალულია პარკის ტერიტორიაზე შესვლა.

ოფიციალური უწყებები ჯერ არ განმარტავენ, თუ რა შედეგით დასრულდა სამძებრო სამუშაოები.

იაგო ნებიერიძე გორში 8 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის შესახებ ინფორმაციამ ხელახლა 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობის შემდეგ გაიჟღერა. დაკარგული მოზარდის დედა ვარაუდობს, რომ საქმეში იაგო ნებიერიძე ფიგურირებს, თუმცა მას გამოძიებამ თავის დროზე ბრალი სხვა მუხლით წაუყენა.

იმედინიუსი