ლევან ალაფიშვილი – “ოცნება” მეორე ტურში ზურაბიშვილს საერთოდ უნდა ჩახსნოდა”

ლევან ალაფიშვილი - "ოცნება" მეორე ტურში ზურაბიშვილს საერთოდ უნდა ჩახსნოდა"იურისტი, კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ლევან, ევროპარლამენტარებმა კითხვები დასვეს ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე. საერთაშორისო დამკვირვებლები რამდენად დააკვირდებიან მეორე ტურს და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მათი დასკვნები?
– საერთაშორისო ორგანიზაციები სხვადასხვა მეთოდებით უზრუნველყოფენ არჩევნების მეორე ტურის დაკვირვებას. ერთი, უშუალოდ მათი მიერ გამოგზავნილი დამკვირვებლებით დააკვირდებიან ისინი არჩევნებს და მეორე ადგილობრივი გამოცდილი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებს გამოიყენებენ.
ფაქტია, ევროკავშირი ძალიან დიდი ინტერესით დააკვირდება საარჩევნო პროცესის მეორე ტურს, ეს განსაკუთრებული ინტერესი მათ გამოხატეს. არამხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციები, არამედ სახელმწიფოები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები შეაფასებენ არამხოლოდ არჩევნების დღეს და ხმის მიცემის პროცესს, არამედ მთლიანად საარჩევნო კონტექსტს, გარემოს.
შესაბამისად, ნებისმიერი კითხვა, რომელიც დამკვირვებელ ორგანიზაციას შეიძლება გაუჩნდეს, ეს იქნება საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ გამოთქმული, სათანადოდ იქნება აღქმული და შეფასებული.
ახლა, როდესაც ძალიამ მძიმედ მიდის საარჩევნო პროცესი ყველა მიმართულებით, ხელისუფლების და ყველა პოლიტიკური ძალის ამოცანა უნდა იყოს, გამოვიდეთ ამ პროცესიდან ისე, რომ ქვეყნის იმიჯი არ დავაზიანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეიძლება ქვეყანას ძალიან ძვირად დაუჯდეს.
ამ პროცესში ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან არამხოლოდ მისი სუბიექტური საკითხი წყდება, არამედ შეიძლება ნებისმიერი უპასუხისმგებლო ქმედება, გადაწყვეტილება სახელმწიფოსთვის სერიოზული უარყოფითი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს.
– მეორე ტურის წინ ასე განსაკუთრებით სიტუაციის დაძაბვას რითი ხსნით?
– იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად არჩევნებში მონაწილეობს არა სალომე ზურაბიშვილი, რომლის მხოლოდ სახელი და გვარიღა დარჩა, არამედ მმართველი პოლიტიკური ძალა, მისთვის ეს არის ის წყალგამყოფი, როდესაც წაგება აღქმულია, როგორც ხელისუფლების დათმობა, რაც რეალურად ასე არ არის.
და ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ზაფხულში განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტი მათთვის მნიშვნელოვანი არ არის. მისი სიტყვებია: თუ ღირსეულ კანდიდატურას ვერ შეარჩევენ, ეს პოსტი წაიღოს ოპოზიციამ.
– და მერე რატომ შეიცვალა ეს დამოკიდებულება?
– თავად შეცვალეს. შეიძლება ეს სრულიად დაუფიქრებლად და გაუაზრებლად მოუვიდათ და ახლა სხვა რა გზა დარჩენიათ?! პირველი ტურის შედეგების შემდეგ პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, “ქართული ოცნება” საერთოდ ჩახსნოდა სალომე ზურაბიშვილს, საერთოდ არჩევნებს. ახლა კი მმართველი პოლიტიკური ძალა პერსონალურ ზიანსაც იღებს და ვერც ახერხებს ამ ზიანიდან გამოსვლას.
– ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი იქნება, თუ რა განსხვავებით დასრულდება არჩევნები, რომ ამ შედეგებს პოლიტიკური პროცესების განვითარებისთვის მნიშვნელობა ექნება. იზიარებთ ამ შეხედულებას?
– მეორე ტურის შედეგებს იმდენად დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, რამდენადაც უკვე დადებულ შედეგებს, პირველი ტურის შედეგებს. ფაქტია, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის ელექტორალური მხარდაჭერა შემცირებულია, ხოლო ოპოზიციის, ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის – გაზრდილი.
ბუნებრივია, რომ ოპოზიცია ამ მატებას და ელექტორალურ მხარდაჭერას გამოიყენებს. რაში და როგორ გამოიყენებს, ვერაფერს გეტყვით. ერთი, რაც შემიძლია, არის მოვუწოდო, რომ სახელმწიფოებრიობა დ სახელმწიფო არ გადააყოლონ ამ ყველაფერს – ისედაც მყიფე დემოკრატია გვაქვს.
დანარჩენი მხოლოდ პოლიტიკაა. ამდენად, მეორე ტურში რა რიცხვები დაიწერება, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან თავისი სათქმელი უკვე თქვა ხალხმა და გამგები გაიგებს.
პოლიტიკურ პროცესს რომ მსვლელობა მიეცემა, ეს სრულიად ბუნებრივია, მით უფრო გაზაფხულზე მუნიციპალიტეტებში არჩევნებია ჩასატარებელი. ამდენად, 28 ნოემბერს კი არ სრულდება პოლიტიკური პროცესი, პირიქით, მე ვიტყოდი, რომ იწყება.
2020 წლის შემოდგომამდეც ბევრი დრო არ არის, ამიტომ ძალიან ძვირი უჯდება ეს ყველაფერი, გაუაზრებელი პოლიტიკური ნაბიჯები და თამაშები “ქართულ ოცნებას”.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა