ნიკო ფიროსმანის ,,ბატკანი“ დამიანე ალანიას ოჯახს დაუბრუნდება – მსჯავრდებულ მზია შალვაშვილს უდანაშაულობა დაუმტკიცდა

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისთვის დამნაშავედ ცნობილი მზია შალვაშვილი გაამართლა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

“მზია შალვაშვილი 2012 წლის 5 ივნისის განაჩენით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი.

განაჩენის თანახმად, მან 2008-2009 წლებში, როგორც ანტიკვარული ნივთების სალონის ხელმძღვანელმა, მოქალაქე დამიანე ალანიას, რომელიც ნიკო ფიროსმანის ნამუშევარს „ბატკანი“ ფლობდა, ყალბი ოფიციალური ქვითარი დაუმზადა, თითქოს ამ უკანასკნელმა ფიროსმანის ნახატი მის სალონში შეიძინა, რითაც დამიანე ალანიას დაეხმარა, მოეხდინა უკანონოდ მოპოვებული ქონების მისაკუთრება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მზია შალვაშვილს 1 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, ხოლო ფერწერული ნამუშევარი სახელმწიფოს გადაეცა.

ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენით მსჯავრდებულ მზია შალვაშვილის უდანაშაულობა დადასტურდა და ახალი გარემოებები გამოირკვა, რომლითაც ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის წარმომავლობის კანონიერება დასტურდება.

შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ, ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ფერწერული ნამუშევარი ,,ბატკანი“ მესაკუთრის ოჯახს დაუბრუნდება.”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018